Belive

ნაპოლი - იუვენტუსის სცენარი? რა ბედი ელის ლოკომოტივი - დინამოს მატჩს?

3 წლის წინ სხვა
2 წთ
საქართველოს ჩემპიონატის მე-13 ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს "ლოკომოტივი" და "დინამო" უნდა შეხვედროდნენ, თუმცა თბილისური დერბი არ შედგა. ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი განმარტავს, რომ მატჩის მონაწილე ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენლების კოვიდინფიცირებულთან შესაძლო კონტაქტის გამო, შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციების გათვალისწინებით და ვირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშული მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, კორონავირუსით ინფიცირება "რკინიგზელთა" სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებს დაუდგინდათ. ამ მომენტისთვის, შეხვედრის ჩატარების თარიღად 8 ნოემბერია მითითებული, თუმცა შესაძლოა მატჩი საერთოდ არ შედგეს. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ უეფას რეკომენდაციით, თუ რომელიმე გუნდი მოედანზე გამოსვლას აღნიშნული მიზეზით ვერ მოახერხებს, ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაცია იძულებულია მას ტექნიკური წაგება - 0:3 ჩაუთვალოს. ისევე როგორც ეს 4 ოქტომბერს, იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მოხდა - კოვიდინფიცირებული ფეხბურთელების გამო, "ნაპოლის" სერია A-ს მმართველებმა "იუვენტუსთან" მარცხი ჩაუთვალეს. როგორც მოგეხსენებათ, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ კლუბის რომელიმე წარმომადგენელს კორონავირუსით ინფიცირება უდასტურდება, ხელმძღვანელობამ მისი შემცვლელი უნდა იპოვნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მხარეს ტექნიკური წაგება ეთვლება. აი მაგალითად, უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში, ჩეხეთის ნაკრებმა ინფიცირებული ძირითადი შემადგენლობის გამო, შოტლანდიის წინააღმდეგ ახალწვეულებითა და იმ ფეხბურთელებით ითამაშა, რომელთაც ნაკრებში შანსი იქამდე არ ეძლეოდათ. აღნიშნულთან დაკავშირებით, კლუბები ოფიციალურ განცხადებას ჯერჯერობით არ ავრცელებენ, ასე რომ, ამ ეტაპისთვის მატჩის ბედი უცნობია, ეროვნული ლიგის ვებ-გვერდზე კი შეხვედრის ჩატარების თარიღად 8 ნოემბერი რჩება. 12 ტურის შემდეგ, “ლოკომოტივს” 19, ხოლო “დინამოს” 22 ქულა აქვს და შესაბამისად მეხუთე და მესამე პოზიციებს იკავებენ, "ლურჯ-თეთრებს" კი ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული.

სხვა სტატიები