Belive

ნაცუ ბაშო - ქართველების მდგომარება და რამდენი გამოიმუშავა ტოჩინოშინმა მე-11 დღის ბოლოს

4 წლის წინ სხვა
3 წთ
12 მაისს ტოკიოში მაისის ბაშომ აიღო სტარტი, სადაც მონაწილეობას ორი ქართველი გოლიათი, ტოჩინოშინი და გაგამარუ იღებენ. ტოჩინოშინმა განვლილ ბაშოზე მეორეჯერ დაფიქსირებული უარყოფითი ბალანსის გამო დაკარგა ოძეკის წოდება და მაისის ბაშოზე სეკივაკეს სტატუსით ასპარეზობს, სადაც მას სუმოს მამებმა ტრადიციულად ოძეკის პრივილეგია მიანიჭეს და აქვს ერთადერთი შანსი, რომ დააფიქსიროს 10 მოგება, რის შემთხვევაშიც დაიბრუნებს ოძეკის, ანუ ჩემპიონის წოდებას - ამ ყველაფერს კი ქართველი ფალავანი ამ ეტაპისთვის ბრწყინვალედ ასრულებს, მას ერთადერთი მოგება აშორებს 10 მოგებამდე. ტოჩინოშინს მე-11 დღის ბოლოს 9 მოგება და 2 მარცხი აქვს მონაგარში, ეს მეორე საუკეთესო მაჩვენებელია, რომელიც ტოჩისთან ერთად იოკოძუნა კაკურიუსაც აქვს. მათზე წინ კი ერთადერთი მებრძოლი დგას - დასავლეთის მერვე მაეგაშირა ასანოიამა, რომელსაც 10 მოგება და 1 მარცხი აქვს. ოძეკობის დაბრუნება ტოჩისთვის სავარაუდოდ პროგრამა მინიმუმი გახდა, ვინაიდან ნანატრ მიზნამდე მას მხოლოდ 1 მოგება აშორებს, პროგრამა მაქსიმუმი კი ბაშოს ჩემპიონობა გახდა - განვლილი 10 დღის განმავლობაში ტოჩინოშინი მუდმივად ლიდერობდა ნაცუ ბაშოს. დღეს, 22 მაისს კი მან ძალიან დასანანი მარცხი განიცადა აბის წინააღმდეგ და პირველად ნაცუ ბაშოს მიმდინარეობისას ის მეორე საუკეთესო მაჩვენებლით იჩენს თავს. სტატისტიკურად რომ შევაფასოთ, დასავლეთის მერვე მაეგაშირა, ასანოიამა, აქამდე არც თუ ისე ძლიერ მებრძოლებს ხვდებოდა. გამომდინარე იქედან, რომ ის არ თმობს პოზიციებს და შეუდრეკლად აგრძელებს წარმატებულ სვლას "იუშოსთვის" (იუშო - ბაშოს ჩემპიონობა, ბაშოზე გამარჯვება), მას სუმოს მამები მომდევნო 4 დღის განმავლობაში შესაძლებელი ვარიანტებიდან 4 ყველაზე რთულ მეტოქეს დაუყენებენ - პირველი დიდი ბარიერი კი იანვრის ბაშოს ჩემპიონი ტამავაში იქნება, რომელიც ასანოიამას ნაცუ ბაშოს რიგით მე-12 დღეს შეხვდება. ტოჩინოშინს ნაცუ ბაშოზე 62 კენშო (კენშო - კონვერტი რომელშიც სპონსორების მიერ გამომუშვებული თანხა დევს) აქვს გამომუშავებული, რაც დაახლოებით 24 800 დოლარია (თითოეულ კონვერტში 400$-ის ექვივალენტის თანხა დევს). ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი იოკოძუნა კაკურიუს ეკუთვნის, მან 284 კენშო გამოიმუშავა რაც დაახლოებით 113 600 დოლარია. რაც შეეხება მეორე ქართველ გოლიათს, თეიმურაზ ჯუღელს, იგივე გაგამარუს, ის ჯურიოს დივიზიონშია და ასევე წარმატებით ასპარეზობს - მე-11 დღის ბოლოს მას 7 მოგება და 4 მარცხი უფიქსირდება, დადებითი ბალანსის გასანაღდებლად მას ერთადერთი მოგება სჭირდება. Live.ge ტრადიციულად ყოველდღიურად გთავაზობთ ჯურიოსა და მაკუუჩი დივიზიონების პირდაპირ რეპორტაჟს, 11:00 საათიდან კი თქვენ გაქვთ საშუალება უყუროთ სუმოს ქართული კომენტირებით Live.ge-ის ფეისბუქ გვერდზე.

სხვა სტატიები