Belive

ნაცუ ბაშო - ქართველების მდგომარეობა და რამდენი გამოიმუშავა ტოჩინოშინმა 6-დან 6 მოგებული ბრძოლით

4 წლის წინ სხვა
2 წთ
12 მაისს ტოკიოში მაისის ბაშომ აიღო სტარტი, სადაც მონაწილეობას ორი ქართველი გოლიათი, ტოჩინოშინი და გაგამარუ იღებენ. ტოჩინოშინმა განვლილ ბაშოზე მეორეჯერ დაფიქსირებული უარყოფითი ბალანსის გამო დაკარგა ოძეკის წოდება და მაისის ბაშოზე სეკივაკეს სტატუსით ასპარეზობს, სადაც მას სუმოს მამებმა ტრადიციულად ოძეკის პრივილეგია მიანიჭეს და აქვს ერთადერთი შანსი, რომ დააფიქსიროს 10 მოგება, რის შემთხვევაშიც დაიბრუნებს ოძეკის, ანუ ჩემპიონის წოდებას - ამ ყველაფერს კი 6 დღის განმავლობაში ქართველი ფალავანი ბრწყინვალედ ასრულებს. დღეს, 17 მაისს, ნაცუ ბაშოს რიგით მე-6 დღის ორთაბრძოლები ჩატარდა, სადაც ტოჩინოშინი იჩინოჯოს დაუპირისპირდა. ბრძოლა საკმაოდ დრამატული გამოდგა და დიდხანს გაიწელა, თუმცა შესანიშნავ ფორმაში მყოფმა დაუმარცხებელმა ქართველმა მონღოლი გოლიათის დოჰიოდან გაყვანა და მიჯრით მე-6 გამარჯვების მოპოვება მოახერხა. შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოს ლიდერთა სიას მონღოლ იოკოძუნა კაკურიუსთან ერთად სათავეში უდგას, ორივე მათგანს 6 მოგება აქვთ და დაუმარცხებლები არიან. 6 მოგებული ბრძოლის შედეგად, ლევან გორგაძე ჯამში 28 კენშოს მფლობელი გახდა. მოგეხსენებათ, რომ თითოეულ კენშოში 400$-ის ექვივალენტის თანხა დევს (28 კენშო დაახლოებით 11 200 დოლარია). რაც შეეხება მეორე ქართველ გოლიათს, თეიმურაზ ჯუღელს, იგივე გაგამარუს, ის ჯურიოს დივიზიონშია და ასევე წარმატებით ასპარეზობს - მე-6 დღის ბოლოს მას 4 მოგება და 2 მარცხი უფიქსირდება. Live.ge ტრადიციულად ყოველდღიურად გთავაზობთ ჯურიოსა და მაკუუჩი დივიზიონების პირდაპირ რეპორტაჟს, 11:00 საათიდან კი თქვენ გაქვთ საშუალება უყუროთ სუმოს ქართული კომენტირებით Live.ge-ის ფეისბუქ გვერდზე.

სხვა სტატიები