Belive

ოლიმპიადა, 2 აგვისტო – იაკობ ქაჯაია ფინალში ლეგენდის წინააღმდეგ

2 წლის წინ სხვა
2 წთ
ხვალ, 2 აგვისტოს, ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე ორი ქართველი სპორტსმენი - იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, -130 კგ) და გიორგი მელია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, -97 კგ), იასპარეზებს. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა - იაკობ ქაჯაია, -130 კგ | ფინალური ბლოკი 14:30 სთ-დან ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობაში იაკობ ქაჯაიამ ოლიმპიადის მერვედფინალური (მატი ელიას კუსმანენის წინააღმდეგ), მეოთხედფინალური (სერგეი სემიონოვის წინააღმდეგ) და ნახევარფინალური (იასმანი აკოსტა ფერნანდესის წინააღმდეგ) ეტაპები წარმატებით დასძლია და ფინალში გავიდა. 27 წლის ქართველის მომავალი მეტოქე ლეგენდარული კუბელი მოჭიდავე, სამგზის ოლიმპიური და 5-გზის მსოფლიო ჩემპიონი - მიხაინ ლოპეს ნუნიესი იქნება. ნუნიესმა ოლიმპიადის ნახევარფინალში ევროპის მოქმედი ჩემპიონი, რიზა კაიაალპი დაამარცხა. ფინალური ბლოკი ხვალ თბილისის დროით 14:30 საათიდან დაიწყება და პირველ სამ ბრძოლაში მედლები 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდება. შესაბამისად, ქაჯაიასა და მიხაინ ლოპესის შეხვედრა რიგით მეექვსე იქნება.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა - გიორგი მელია, -97კგ | წინასწარი შეხვედრები 06:30 სთ-დან -97 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი მელია ოლიმპიადის მერვედფინალურ შეხვედრას მსოფლიოსა და ევროპის 2-გზის ჩემპიონის, მუსა ევლოევის (რუსეთი) წინააღმდეგ ჩაატარებს. მერვედფინალური ეტაპი სწორედ ამ დაპირისპირებით იხსნება, შესაბამისად, მელიასა და ევლოევის ბრძოლა 06:30 საათზე გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ ქართველი მოჭიდავე რუსის ბარიერს გადალახავს, მისი მეტოქე მეოთხედფინალში ალექს ზიუკესა (უნგრეთი) და არტურ ომაროვის (ჩეხეთი) წყვილში გამარჯვებული იქნება. ხვალ მერვედფინალური და მეოთხედფინალური დაპირისპირებები ერთ ბლოკში გაიმართება, რაც შეეხება ნახევარფინალურ ეტაპს, შეხვედრები 13:15 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები