Belive

დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტს დაუპირისპირდება | პრევიუ

2 წლის წინ სხვა
4 წთ
26 ოქტომბერს, წყალბურთში ჩემპიონთა ლიგა სტარტს აიღებს. ამავე დღეს, "დინამო თბილისი" პირველ შეხვედრას ათენში, ტურნირის მოგების ერთ-ერთი მთავარი პრედენტენტის, "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 20:15-ზე დაიწყება - პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა გულშემატკივარს Live.ge-ის ფეისბუქ გვერდსა და ტელეარხ "ტელესკოლაზე" შეეძლება. წყალბურთის სამყაროში ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა ციფრულმა მედიამ, Total Waterpolo-მ, თბილისურ კლუბს "ჯგუფის აუტსაიდერი" უწოდა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ "დინამოსთვის" ჯგუფში მოპოვებული თითოეული გამარჯვება უმნიშვნელოვანეს წარმატებად შეფასდება. ათენში ჩაფრენამდე, "დინამო თბილისთან" ერთად, Live.ge თურქეთში გამართულ შეკრებაზე იმყოფებოდა და ამჟამად, კლუბის ვარჯიშებს "ოლიმპიაკოსის" საშინაო არენაზე აკვირდება. ოპონენტის სიძლიერის ფონზე, სენსაციის მოსახდენად, წყალბურთელები ვარჯიშზე მაქსიმალურად იხარჯებიან და გუნდის მთავარი მწვრთნელისგან, დეიან სტანოიევიჩისგან, თითოეული მოძრაობის დროს, კონკრეტულ მითითებებს ისმენენ.

რაც შეეხება გუნდის განწყობას: თამამად შეგვიძლია გითხრათ, რომ "დინამო თბილისში" საბრძოლო, მეგობრული და ერთიანი ატმოსფეროა შექმნილი და მოტივაციის მხრივ, პრობლემა არ არსებობს. ხაზგასასმელია ისიც, რომ გუნდის უცხოელი ლეგიონერები - მარკო იელაჩა, დუშან ვასიჩი და იოვან სარიჩი, გუნდთან ახლო ურთიერთობაში და რაც მთავარია, შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან.

სტამბოლის შეკრების შესახებ

როგორც მოგახსენეთ, ათენში ჩაფრენამდე, “დინამო თბილისმა” თურქეთში შეკრება გაიარა. "დინამოს" წყალბურთელები  ადგილობრივ ჩემპიონს, “ენკა სტამბოლს” 2-ჯერ დაუპირისპირდნენ და აქტივში 2 გამარჯვება ჩაიწერეს. გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტის და ყოფილი კაპიტანის, ზუკა რურუას შეფასებით, გასული სეზონისგან განსხვავებით, "დინამო" გაცილებით უკეთესად არის მომზადებული – ამაში იგულისხმება არა სათამაშო პრაქტიკა, არამედ ფიზიკური მზაობა. კიდევ ერთი სხვაობაა ის, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებს პოტენციალის გამოჩენისთვის მეტი შესაძლებლობა ეძლევათ.

რაც შეეხება ოლიმპიაკოსს...

"ოლიმპიაკოსი" ტურნირის გამარჯვების ერთ-ერთი კანდიდატია, თუმცა ასევე არსებობს საინტერესო ფაქტორები, რომლებზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ. გასულ წელს, "ოლიმპიაკოსი" ფინანსური პრობლემების წინაშე იდგა. შესაბამისად, გუნდი რამდენიმე ვარსკვლავმა დატოვა. არაოფიციალური ინფორმაციით, ტურნირზე გუნდის მონაწილეობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა როგორც ვხედავთ, ბერძნული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტის სტატუსით არის წარმოდგენილი. ვარსკვლავების გაშვების ფონზე, გუნდმა რეაბილიტაცია მოახერხა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბერძნული კლუბი უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს. უნდა გამოვყოთ ფილიპოვიჩი, ბუჟლე და ბიაჩი, რომლებსაც ოლიმპიადა აქვთ მოგებული და მაქსიმუმს გააკეთებენ იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "ოლიმპიაკოსის" ტრიუმფი მესამედ შედგეს.

"ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრას გავმართავთ კლუბთან, რომელიც, ერთი შეხედვით, სხვებზე სუსტი ჩანს, თუმცა ამ ტურნირზე იოლი მატჩი არ არსებობს. შეხვედრის პირველივე წუთიდან, ჩვენ შედეგზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები. ჩვენ მაღალი მიზნები გვაქვს, თუმცა ეს მარტივი ამოცანა არ იქნება: წინ 14-მატჩიანი რთული მარათონი გველოდება", - განაცხადა "ოლიმპიაკოსის" მთავარმა მწვრთნელმა, თეოდოროს ვლაჩოსმა.
სავარაუდოა, რომ "ოლიმპიაკოსის" საშინაო არენა გულშემატკივრებით სავსე იქნება - კლუბს აქტიური და ემოციური ქომაგი ჰყავს, რომელიც შეხვედრას მეტ დაძაბულობასა და ენერგიას შესძენს.

შეფასება

წყალბურთი ფეხბურთისგან იმით განსხვავდება, რომ შედარებით სუსტ მეტოქეს გამარჯვების გაცილებით ნაკლები შანსი აქვს. მეორე მხრივ, გუნდის საბრძოლო განწყობიდან და ფიზიკური მზაობიდან გამომდინარე, საინტერესოა, რამდენად იქონიებს გავლენას თბილისური გუნდის "აუტსაიდერად" მოხსენიება ჯგუფში მიღებულ შედეგზე: მეტოქის არდაფასება, ნებისმიერ სპორტში, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული შეცდომაა. შესაბამისად, იმედი ვიქონიოთ, რომ "დინამო თბილისი" მეტოქეს არაერთ სურპრიზსა და სანახაობრივ ბრძოლას შესთავაზებს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მატჩი 26 ოქტომბერს, 20:15-ზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Live.ge-ის ფეისბუქ გვერდსა და ტელეარხ "ტელესკოლაზე" შეგეძლებათ.

სხვა სტატიები