Belive

ოლივეირა Vs. პორიე - ნუნეში Vs. პენია UFC 269-ის ორი საჩემპიონო ბრძოლა | პრევიუ

2 წლის წინ სხვა
5 წთ

UFC 269-ის ივენთზე, ჩარლზ ოლივეირა საჩემპიონო ქამრის დაცვას დასტინ პორიეს წინააღმდეგ შეეცდება. UFC-ის მსუბუქი წონითი კატეგორიის უმნიშვნელოვანესი დაპირისპირების პარალელურად, ივენთზე კიდევ ერთი საჩემპიონო ბრძოლა გაიმართება. ამანდა ნუნეში ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის საჩემპიონო ქამრის დასაცავად, ჯულიანა პენიას დაუპირისპირდება. 2021 წელი დასასრულს მიუახლოვდა და წლის ბოლოს ლას ვეგასი უმნიშვნელოვანეს ივენთს მასპინძლობს. 12 დეკემბერს, გამთენიისას, UFC 269-ის ივენთზე, ორი საჩემპიონო ბრძოლის პარალელურად - რამდენიმე გამორჩეული დაპირისპირებაც გაიმართება. მეინ ქარდზე ფანების რჩეული - შონ ო'მალი არანაკლებ პოპულარული რულიან პაივას დამარცხებას შეეცდება. ყოფილმა ჩემპიონმა კოდი გარბრანდტმა წონა შეიცვალა და კაი კარა-ფრანსს დაუპირისპირდება. შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) გულშემატკივრები, წლის ბოლო ივენთს მოუთმენლად ელიან. ჩარლზ ოლივეირა პირველად შეეცდება ტიტულის დაცვას - მისი მეტოქე, რეიტინგის პირველი ნომერი დასტინ პორიე კი მაკგრეგორთან მოპოვებული ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, საჩემპიონო ქამრის მოპოვებას ნებისმიერ ფასად შეეცდება. 2019 წელს, ხაბიბ ნურმაგომედოვთან განცდილი მარცხის შემდეგ, დასტინ პორიემ ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვა. დენ ჰუკერთან 5-რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ, პორიემ ქულებით გაიმარჯვა. გაცილებით უფრო შთამბეჭდავია კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ მოპოვებული ორი გამარჯვება - პორიემ ორივე შემთხვევაში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. ჩარლზ ოლივეირას ზედიზედ 9 გამარჯვება აქვს და პორიეს დამარცხების შემთხვევაში, ყველა ეჭვს გაფანტავს რომ მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონის ტიტულს დამსახურებულად ატარებს. 32 წლის ოლივეირა UFC-ის რამდენიმე რეკორდის მფლობელია, თუმცა ნაკლები პოპულარობით სარგებლობს. ჩარლზ ოლივეირას სახელს უკავშირდება ბრძოლების შედეგად გამომუშავებული ყველაზე მეტი ბონუსი. ჩარლზ ოლივეირა და დასტინ პორიე UFC-ის გამორჩეული მებრძოლები არიან. ოლივეირას დარტყმის სიზუსტე 52%-ს შეადგენს. ამ კომპონენტში პორიე ოდნავ მოიკოჭლებს - მისი დარტყმის სიზუსტე 50%-ია, თუმცა პორიეს დარტყმის მცდელობის უკეთესი მაჩვენებელი აქვს. სტატისტიკურად, პორიე წუთში 4.19 დარტყმას ახორციელებს - ოლივეირა 3.01-ს. დაცვის ასპექტში ოლივეირა და პორიე ბრწყინვალედ გამოიყურებიან - მებრძოლებმა მათ წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების 53 და 54% აირიდეს. ორგანიზაციაში მოპოვებული 28 გამარჯვებიდან - პორიემ 14 ნოკაუტით გაიფორმა და ზუსტად 50%-იანი მაჩვენებელი აქვს. ოლივეირამ მოპოვებული 31 გამარჯვებიდან, ნოკაუტით მხოლოდ 9 ბრძოლა დაასრულა. ბრაზილიელი მებრძოლი 15 წუთში საშუალოდ 2.64 თეიქდაუნს ახორციელებს - პორიეს მაჩვენებელი 1.5%-ს შეადგენს, თუმცა პორიეს თეიქდაუნებისგან დაცვის უკეთესი მაჩვენებელი აქვს. პორიემ მცდელობების 61%-ის მოგერიება შეძლო, ოლივეირას ანგარიშზე კი 57%ია.

UFC 269-ის კიდევ ერთ საჩემპიონო ბრძოლაში ამანდა ნუნეში ჯულიანა პენიას დაუპირისპირდება. ნუნეში ფავორიტის სტატუსით სარგებლობს, თუმცა პენიას წინააღმდეგ იოლი გასეირნება არავის ელის. ამანდა ნუნეშმა ზედიზედ 12 გამარჯვება მოიპოვა და დამსახურებულად მოიპოვა საუკეთესო ქალი მებრძოლის სტატუსი - ნუნეშის მსხვერპლთა სიაში, ისეთი სახელოვანი მებრძოლები მოხვდნენ, როგორიცაა: რონდა როუზი, ვალენტინა შევჩენკო, ჰოლი ჰოლმი. ჯულიანა პენია ორგანიზაციაში "კერკეტი კაკალის" სახელით სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ იგი ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლია, რომელსაც მძიმე დარტყმების ატანა შეუძლია. UFC 269-ის მეინ ქარდი: 
  • ჩარლზ ოლივეირა Vs. დასტინ პორიე
  • ამანდა ნუნეში Vs. ჯულიანა პენია
  • ჯეფ ნილი Vs. სანტიაგო პონზინიბიო
  • კაი კარა-ფრანსი Vs. კოდი გარბრანდტი
  • რაულიან პაივა Vs. შონ ო'მალი
 

სხვა სტატიები