Belive

პეკინი 2022 | ყველაფერი, რაც ზამთრის ოლიმპიური თამაშების შესახებ უნდა ვიცოდეთ

2 წლის წინ სხვა
8 წთ
ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, რომელსაც ჩინეთის დედაქალაქი - პეკინი მასპინძლობს, რამდენიმე კვირაა დარჩენილი. კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოში რთული ვითარებაა შექმნილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მსგავსად, ზამთრის ოლიმპიადაც გარკვეული შეზღუდვებისა და რეგულაციების ფონზე გაიმართება. 2008 წლის დებიუტის შემდეგ, პეკინი გახდება პირველი ქალაქი, რომელსაც შესაძლებლობა მიეცა უმასპინძლოს, როგორც ზაფხულის - ასევე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. გასულ თვეს ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მოსამზადებელი პერიოდი წარმატებით მიმდინარეობს და ოლიმპიადის დათქმულ ვადაში დაწყებას ხელს არაფერი უშლის. ტოკიოს ოლიმპიადის მსგავსად, პეკინშიც მკაცრი კოვიდ პროტოკოლი იმოქმედებს და ოლიმპიური თამაშები ე.წ "ბაბლის" პრინციპით ჩატარდება. გახსნის ცერემონიალი 4 თებერვალს გაიმართება - 20 თებერვალს კი ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმო ვითარებაში დაიხურება. ცნობილია, რომ ოლიმპიადაზე 3000 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. სპორტსმენები სპორტის 15 სახეობაში, მედლების 109 კომპლექტს გაითამაშებენ. 4-13 მარტს, პეკინი ზამთრის პარალიმპურ თამაშებს უმასპინძლებს.

როგორ გაიმართება თამაშები პანდემიის ფონზე?

ორგანიზატორები გეგმავენ, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშები "დახურული პრინციპით" გამართონ, რომელიც ხელმისაწვდომი მხოლოდ თამაშებში მონაწილეებისათვის იქნება - აღნიშნული გეგმა კორონავირუსის ახალი შტამის (ომიკრონი) მზარდი განვითარების გამო შეიმუშავეს. გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ოლიმპიური თამაშების საორიენტაციო ჟურნალში აღნიშნულია, რომ ოლიმპიადის "დახურული პრინციპით" ჩატარება გავრცელდება თამაშების გამართვის ადგილებზე, ოფიციალურ სასტუმროებსა და დელეგაციებისათვის მომსახურე ტრანსპორტზე.
111

სრულად ვაქცინირებულ სპორტსმენებს, ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მისაღებად სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ. არავაქცინირებულ სპორტსმენებს პეკინში ჩასვლისას 21 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. სამედიცინო შეღავათები ინდივიდუალურად განიხილება და შესაძლოა რომელიმე არავაქცინირებულ სპორტსმენს მიენიჭოს. ზოგიერთმა ქვეყანამ, როგორიცაა: აშშ და კანადა ოლიმპიური გუნდის ყველა წევრის ვაქცინაციას დაუჭირა მხარი. თამაშების განმავლობაში მონაწილეები ჯანმრთელობის ყოველდღიურ მონიტორინგს დაექვემდებარებიან. სპორტსმენებს ტესტირება ჩაუტარდებათ და ფართო საზოგადოებასთან კონტაქტი არ ექნებათ.
"აღნიშნული სისტემა უსაფრთხოების მაქსიმალურ შესაძლებლობას გვაძლევს. ეს არის ადგილი, რომელიც რთულია მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ადგილს შეადარო. ჩვენ აქ გვყავს სრულად ვაქცინირებული, ხშირ შემთხვევაში ბუსტერ დოზით აცრილი ადამიანები, რომელთაც ყოველდღიურად PCR ტესტირება ჩაუტარდებათ". "ოლიმპიური თამაშების "დახურული პრინციპით" ჩატარება სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ. ეს არასასურველი კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს. "დახურული სისტემით" შევძლებთ დავიცვათ, როგორც სპორტსმენები - ასევე მოსახლეობა", - აღნიშნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ოლიმპიური თამაშების ოპერაციების დირექტორმა პიერ დუკრემ.
დადასტურებული დადებითი ტესტის პასუხის შემთხვევაში, მონაწილეები ასპარეზობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ. სიმპტომების მქონე პირები საავადმყოფოში გააგრძელებენ მკურნალობას, ხოლო უსიმპტომოები იზოლირებულ დაწესებულებაში იქნებიან გადაყვანილი.

შეძლებენ გულშემატკივრები ოლიმპიურ თამაშებზე დასწრებას?

კორონავირუსის პანდემიის გამო, ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრები ბილეთები ფართო საზოგადოებაზე არ გაიყიდება. ბილეთების გაყიდვის ნაცვლად, ხელისუფლების წარმომადგენლები უზრუნველყოფენ მის გავრცელებას.
"მწვავე ეპიდვითარების პრევენციისა და კონტროლის გამო, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე პირებისა და მაყურებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ფართო საზოგადოებისათვის ბილეთების გადაცემის სისტემის შეცვლა გადავწყვიტეთ. მაყურებელს, Covid-19-ის პრევენციისა და კონტროლის რეგულაციების შესრულება თამაშების ყურებამდე, ყურების დროსა და შემდეგ მკაცრად მოეთხოვება", - აღნიშნულია საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებაში. 
განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც პეკინმა 15 იანვარს სწრაფად გადამდები ომიკრონის ვარიანტის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დაადასტურა.

ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამართვის ადგილები

ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქი პეკინია - თუმცა ოლიმპიური თამაშების სხვადასხვა დისციპლინების გამართვა სამ ლოკაციაზე მოხდება. იანქინი - პეკინიდან ჩრდილოდასავლეთით, 75 კილომეტრში მდებარე მაღალმთიანი რეგიონი ოლიმპიურ თამაშების გარკვეულ დისციპლინებს უმასპინძლებს. ჟანჯიაკუ იანქინიდან 100 კილომეტრში მდებარეობს და სათხილამურო და სნოუბორდის დისციპლინებს უმასპინძლებს. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს პეკინში, იანქინსა და ჟანჯიაკუში მდებარე 13 სხვადასხვა დაწესებულება მოემსახურება. თითოეულ ამ ზონას საკუთარი "ოლიმპიური სოფელი" გააჩნია და ახლადაშენებული სარკინიგზო გზითაა დაკავშირებული.

პოლიტიკური სკანდალი ოლიმპიური თამაშების ირგვლივ 

ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია და დიდი ბრიტანეთი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებენ. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული ქვეყნების სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მიიღებენ, თუმცა მას სამთავრობო და ოფიციალური პირები არ დაესწრებიან. გასული წლის დეკემბერში, თეთრი სახლის პრეს სპიკერმა - ჯეინ პსაკიმ განაცხადა, რომ ბოიკოტის გამოცხადებით ჩინეთი მიიღებს მკაფიო მესიჯს, რათა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ხინჯიანის რეგიონში მიმდინარე გენოციდი და ადამიანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულები. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მტკიცებით, დაახლოებით 2 მილიონამდე იუგური და სხვა მუსლიმი უმცირესობა სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლი გახდა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ სპორტის პოლიტიზირება უნდა შეწყვიტოს.

სპორტსმენები, რომელთაც უნდა დავაკვირდეთ

მიკაელა შიფრინმა კოვიდ-19 დაამარცხა და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად მზადაა. შიფრინი, რომელმაც სამხრეთ კორეაში გამართულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში, გიგანტურ სლალომში ოქროს მედალი მოიპოვა, კვლავ ფავორიტთა შორისაა. სათხილამურო სპორტის ქართველი ექსპერტის - ზაზა კონცელიძის მტკიცებით, მიკაელა შიფრინი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტსმენია, რომელსაც პეკინში ვიხილავთ. ამერიკის შეერთებული შტატების ოლიმპიურ გუნდში სნოუბორდერ შონ უაითს, ქლოე კიმსა და პოპულარულ ფიგურულ მოციგურავე - ნათან ჩენს ვიხილავთ. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი - იაპონელი იუზურუ ჰანიუ კვლავ ფავორიტთა შორისაა, თუმცა ზედიზედ მესამე ოლიმპიური ოქროს მოსაპოვებლად, მას ჩენის კონკურენციის დაძლევა მოუწევს. ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული მოთხილამურე მაიკლ კინგსბერი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეოაბს ასევე მიიღებს. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ჩინეთის ოლიმპიური გუნდი დომინანტ ძალას არ წარმოადგენს - ჩინელმა ოლიმპიელებმა სამხრეთ კორეაში გამართულ ოლიმპიურ თამაშებში 9 მედლის მოპოვება შეძლეს. სპორტის ანალიტიკური სააგენტოს (Gracenote) წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პეკინის ოლიმპიურ თამაშებში ყველაზე მეტ მედალს (45) ნორვეგიელი სპორტსმენები მიიღებენ. Gracenote-ს მოსაზრებას ზაზა კონცელიძეც იზიარებს. ნორვეგიელები სათხილამურო სპორტსა და ბიატლონში დომინირებს. სავარაუდოა, რომ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი 32 მედალს მიიღებს, გერმანია 25 მედალს დასჯერდება, ხოლო აშშ და კანადა 22 მედალს მიიღებს.

რატომ არ მონაწილეობს ჩრდილოეთ კორეა ოლიმპიურ თამაშებში?

ჩრდილოეთ კორეა ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც განაცხადა, რომ საკუთარ სპორტსმენებს პეკინში არ გაგზავნის. ჩრდილოეთ კორეული ტელევიზიის (KCNA) მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილება "მტრული ძალებისა" მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის პანდემიის გამო იქნა მიღებული. ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლების მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ცდილობენ ხელი შეუშალონ ოლიმპიადის წარმატებით გახსნას. ჩრდილო კორეელი სპორტსმენები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას იღებდნენ. გახსნის ცერემონიალზე მოწყობილ მსვლელობაში, ჩრდილო და სამხრეთ კორეელი სპორტსმენები ერთად გამოვიდნენ. სამხრეთ კორეაში ოფიციალური სამთავრობო დელეგაციაც გაემგზავრა.  

სხვა სტატიები