Belive

ფეტელმა სარბოლო ტრასაზე სკუტერით ისეირნა | FIA-ში კი ეს ამბავი არ მოიწონეს

2 წლის წინ სხვა
2 წთ

ავსტრალიის გრან პრის პირველ პრაქტიკაზე, სებასტიან ფეტელის "ასტონ მარტინს" ძრავის პრობლემა შეექმნა. 4-გზის მსოფლიო ჩემპიონის ბოლიდიდან კვამლი ამოვიდა, რასაც წითელი ალამის აღმართვა და რბოლის შეჩერება მოჰყვა. ცეცხლმაქრის დახმარებით, გერმანელმა მრბოლელმა პრობლემის აღმოფხვრა სცადა, შემდეგ კი, ერთ-ერთ მარშალს სკუტერი გამოართვა, ავსტრალიის სარბოლო ტრასაზე გაისეირნა, გულშემატკივარს ხელი დაუქნია და საჯინიბოში დაბრუნდა.


მისმა მოქმედებამ F1-ის გულშემატკივარის გული მოიგო, მაგრამ FIA-მ ფეტელს სტიუარტებთან ანგარიშის ჩაბარება მოსთხოვა, რადგან მან "სარბოლო ტრასა სკუტერით სასეირნოდ უნებართვოდ გამოიყენა". წესების მიხედვით, სესიის დასრულებიდან 5 წუთის განმავლობაში, ტრეკზე შესვლა არავის შეუძლია - გამონაკლისია მხოლოდ მრბოლელი, რომელსაც ფეხით გადაადგილების ნებართვა აქვს მიღებული. ფეტელის თქმით, მას უთხრეს, რომ ტრეკის საშუალებით, საჯინიბოში დაბრუნება შეეძლო.
"ჩვენ პრობლემა შეგვექმნა, გაჩერება მომიწია. ვეცადე, ბოლიდი მინიმალურად დაზიანებულიყო. ამის შემდეგ, მარშალმა სკუტერით წაყვანა შემომთავაზა. მე კი ვკითხე, "შეიძლება თავად წავიდე?" ის კი დამეთანხმა. გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ინციდენტი არ მომხდარიყო, აქ სკუტერით სასეირნოდ არ ჩამოვსულვარ", - თქვა ფეტელმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში, ავსტრალიის გრან პრი ფეტელისთვის პირველი რბოლა იქნება - ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში, იგი კორონავირუსით დაინფიცირების გამო ვერ ჩავიდა.

სხვა სტატიები