Belive

ფიური Vs. ნგანუ - ტიტანების ბრძოლის გამართვის თარიღი ცნობილია

2 წლის წინ სხვა
3 წთ

კრივისა და შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) გულშემატკივრებს ნამდვილი დღესასწაული ელით. გავრცელებული ინფორმაციით, ლეგენდარული ბრიტანელი მოკრივე - ტაისონ ფიური, UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის მოქმედ ჩემპიონს - ფრენსის ნგანუს დაუპირისპირდება. ორი სახელოვანი მძიმეწონოსანის ბრძოლა კრივის წესებით, რინგზე გაიმართება, თუმცა მებრძოლები UFC-ის ხელთათმანებით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ტაისონ ფიურიმ სენსაციურად დაადასტურა, რომ ფრენსის ნგანუს მომავალ წელს, ლას ვეგასში დაუპირისპირდება. მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ "ჯიპსი კინგისა" და "პრედატორის" ბრძოლა სატელევიზიო გაყიდვებიდან (PPV) მიღებული შემოსავლის რეკორდს მოხსნის. გასულ თვეს ფიურიმ UFC-ის პრეზიდენტს ოფიციალურად მიმართა - მოკრივემ დანა უაითს ნგანუსთან ბრძოლის ორგანიზება სთხოვა. ფიურის რინგზე, კრივის წესებით დაპირისპირება სურს, თუმცა მზადაა წესებში მცირე ცვლილება განახორციელოს და მოკრივის ხელთათმანების ნაცვლად, "პრედატორს" UFC-ს ხელთათმანებით დაუპირისპირდეს. თავის მხრივ, ფრენსის ნგანუ ფიურისთან დაპირისპირებას მოუთმენლად ელის. კამერუნში დაბადებული მებრძოლი დიდი შემოსავლის მიღების ძიებაშია, რადგან UFC-სთან მისი საკონტრაქტო მოლაპარაკებები ჯერჯერობით წარუმატებლად მიმდინარეობს.

iFL TV-სთან საუბარში, ტაისონ ფიურიმ დაადასტურა, რომ ფრენსის ნგანუსთან დაპირისპირება მომავალი წლის თებერვალში ან მარტში აუცილებლად შედგება. მოკრივის მტკიცებით, ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება.
"ფრენსის ნგანუს მომავალი წლის თებერვალში ან მარტში, ლას ვეგასში დავუპირისპირდები. წელს საუბარი არაა, რადგან კრივით ვარ დაკავებული, მაგრამ მომავალ წელს აუცილებლად შევებრძოლები. ეს იქნება მასიური ბრძოლა, რომელიც დარწმუნებული ვარ რეკორდს მოხსნის. მძიმე წონითი კატეგორიის ორი მოქმედი ჩემპიონი დავუპირისპირდებით", - აღნიშნავს ფიური.
ნგანუმ არაერთხელ აღნიშნა, რომ მზადაა UFC კრივის სანაცვლოდ დათმოს. TMZ-სთან საუბარში კამერუნელმა განაცხადა, რომ კრივი სპორტის ის სახეობაა, რომელზეც გამუდმებით ფიქრობს.
"ეს ყოველთვის მხედველობის არეში მქონდა. კრივი არის რაღაც, რასაც თვალს ვერასდროს მოვწყვეტ. ეს ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება - მნიშვნელობა არ აქვს დავრჩები თუ არა UFC-ში. ვერ წარმომიდგენია კარიერის დასრულება ისე, რომ კრივში ბრძოლა არ გავმართო".

სხვა სტატიები