Belive

ქართველი სპორტსმენების განრიგი ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე

2 წლის წინ სხვა
3 წთ
ტოკიოს პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტო - 5 სექტემბერის ჩათვლით გაიმართება. პარალიმპიურ თამაშებზე ქართული დელეგაცია 13 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. სპორტსმენები საქართველოსთვის მედლის მოპოვებას სპორტის 6 სახეობაში შეეცდებიან. - ეტლით ფარიკაობა, პარაძიუდო, პარაწოლჭიმი, პარაცურვა, პარასროლა და პარამძლეოსნობა.

25 აგვისტო - ეტლით ფარიკაობა

ხმლით ფარიკაობაში საქართველოსთვის მედლების მოპოვებას ირმა ხეცურიანი (B კატეგორია) და ნინა თიბილაშვილი (A-კატეგორია) შეეცდებიან. ორივე კატეგორიის საკვალიფიკაციო გამოსვლები თბილისის დროით, 05:30 საათზე დაიწყება.

27 აგვისტო - პარაძიუდო

ქართველი პარაძიუდოისტები ორ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ. 27 აგვისტოს ზურაბ ზურაბიანი (-60 კგ.) და გიორგი გამჯაშვილი (-66 კგ.) იასპარეზებენ. -60კგ. წონითი კატეგორიის ბრძოლები თბილისის დროით, 06:18 საათზე დაიწყება - 06:42 საათზე, -66კგ. წონითი კატეგორიის საკვალიფიკაციო ეტაპს ვიხილავთ.

28 აგვისტო - პარაფარიკაობა, პარაძიუდო, პარაწოლჭიმი

შეიძლება ითქვას, რომ ქართული დელეგაციისათვის 28 აგვისტო ყველაზე დატვირთულია - ქართველი პარასპორტსმენები ერთდროულად სამ სახეობაში გამოვლენ. ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი რაპირით ფარიკაობაში მოსინჯავენ ძალებს. გამოსვლები თბილისის დროით, 06:00 საათზე დაიწყება. პარაძიუდოისტი  გიორგი ქალდანი -73 კგ.  წონით კატეგორიაში შეეცდება გამარჯვების მოპოვებას. პარაძიუდოს ბრძოლები თბილისის დროით, 06:18 საათიდან დაიწყება. პარაწოლჭიმში საქართველოს სახელით მოასპარეზე აჰმად რაზმ აზარი -80 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს - ფინალური ბლოკი თბილისის დროით, 13:20 საათზე დაიწყება.

29 აგვისტო - პარაფარიკაობა, პარაძიუდო

თბილისის დროით, 04:30 საათზე, რაპირით ფარიკაობის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყება, რომელშიც საქართველოს ქალთა ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. პარაძიუდოში რევაზ ჩიკოიძე +100კგ. წონით კატეგორიაში იბრძოლებს. (თბილისის დროით, 07:06 საათი). +70კგ. წონით კატეგორიაში ინა ქალდანი მედლისთვის იბრძოლებს. (თბილისის დროით, 05:30 საათი).

30 აგვისტო - პარაწოლჭიმი, პარასროლა

პარაწოლჭიმში (+107) აკაკი ჯინჭარაძე იასპარეზებს. გამოსვლები თბილისის დროით, 06:00 საათზე დაიწყება. პარასროლაში ლადო ჭინჭარაული 10 მეტრზე სროლაში პნევმატური შაშხანით შეეცდება გამარჯვების მოპოვებას. (საკვალიფიკაციო ეტაპი - თბილისის დროით, 05:45 საათი).

1 სექტემბერი - პარასროლა, პარაცურვა, პარამძლეოსნობა

პარაცურვაში ნიკა თვაური 100 მეტრის დისტანციას გაცურავს ბრასით. გამოსვლები თბილისის დროით, 04:14 საათზე დაიწყება. პარამძლეოსნობაში, სიგრძეზე ხტომაში, საქართველოს ღირსებას CP (cerebral palsy) კატეგორიაში დავით ქავთარაძე დაიცავს. გამოსვლები თბილისის დროით, 04:30 საათზე დაიწყება. პარასროლაში ლადო ჭინჭარაული ამჯერად 10 მეტრზე პნევმატული შაშხანით შეეცდება გამარჯვების მოპოვებას. გამოსვლები თბილისი დროით, 06:20 საათიდან დაიწყება.

4 სექტემბერი - პარასროლა

დასკვნით დღეს ლადო ჭინჭარაული 50 მეტრზე სროლით დაასრულებს. გამოსვლა თბილისის დროით, 07:05 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები