Belive

რატომ არის ბარსელონა ყველაზე მაგიური და მისტიური გუნდი?

5 წლის წინ სხვა
3 წთ
"ბარსელონამ" "ლა ლიგის" 30-ე ტურში ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული შეხვედრა გუშინ, "ვილიარეალთან" სტუმრად გამართა. ტაიმი "ბლაუგრანამ" 1:2 მოიგო, ხოლო მეორე ნახევარში სამი გაუშვა და 4:2 აგებდა. ბოლო 3 წუთში კი სტუმრებმა შეძლეს და გაათანაბრეს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ მატჩამდე აღნიშნა, რომ "ბარსელონას" ძალიან რთული შეხვედრა ელოდა, რადგან სეზონის მეორე ნახევარში ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდები განსაკუთრებულად სახიფათოები არიან. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ქულების მოპოვებას, რადგან დასაკარგი აღარაფერი აქვთ. მიუხედავად ამისა, ვალვერდემ როტაციას მიმართა. სათადარიგოთა სკამზე დატოვა კაპიტანი და გუნდის თამაშის მთავარი შემოქმედი, ლიონელ მესი. ასევე ძირითადში არ დააყენა დაცვის ლიდერი და მთავარი საყრდენი ხერარ პიკე. ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია ივან რაკიტიჩს, რომელიც შავ სამუშაოს იდიალურად ასრულებს. საინტერესოა, როტაცია გამოწვეული იყო თუ არა იმით, რომ შაბათს გუნდი მთავარ კონკურენტს, "ატლეტიკოს" ხვდება? "ბარსელონა" ოთხშაბათს, 10 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში სტუმრად "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება და გუნდს მთავარი აქცენტი სწორედ ამ ტურნირზე აქვს გადატანილი. მაშინ, როდესაც მოედანზე არ არის ლიონელ მესი, გუნდი აბსოლუტურად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს. ფლანგებიდან უფრო აქტიურდება შეტევები და მოედნის ცენტრის წინ, გამთამაშებლის პოზიცია პრაქტიკულად არ არსებობს. გუნდი უფრო სწრაფად თამაშობს, თუმცა შეტევითი პოტენციალი ისეთი არ არის, როგორიც მესის ყოფნის დროს. არგენტინელის არ ყოფნაში საკუთარ თავზე თამაშის აღება რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეს უჭირს და ამიტომაც იძულებულია ვალვერდე, რომ თავიდან აქტიურად შეუტიოს და სწრაფად ითამაშოს. "ვილიარეალთან" შეხვედრაში ვინგერების პოზიციაზე იდგენენ ბრაზილიელები, მალკომი და კოუტინიო. მიმდინარე სეზონში არცერთ მათგანს კარგი პერიოდი არ უდგას. კოუტინიო ოპტიმალური ფორმისგან შორს არის, მალკომს კი სათამაშო პრაქტიკა აკლია. ნახევარდაცვაში შეუცვლელია ბუსკეტსი. ეფექტურია დაცვითი სტილის დროს არტურო ვიდალი, რომელსაც ბურთის კარგად ართმევისა და ჩაჭრის გარდა, შეტევაში თამაშიც კარგად გამოსდის. რა შეიცვალა "ბარსელონას" თამაშში მესის მოედანზე გამოსვლის შემდეგ? არგენტინელმა ფეხბურთელმა ნახევარდაცვასა და შეტევას შორის არსებული სივრცე შეავსო, ბურთი დაიჭირა, თავადაც ცარიელი ადგილები იპოვნა შეტევის განსავითარებლად. გარდა ამისა, ის არის ავტორიტეტი, რომლის მოედანზე გამოჩენისთანავე მეტოქე გუნდის მცველებს შიში ეუფლებათ. რა მოხდება მესის "ბარსელონადან" წასვლის შემდეგ? გუნდს ახალი სისხლი დასჭირდება. მოთამაშე, რომელიც გარდა ინდივიდუალური ოსტატობისა, ნახევარდაცვასა და თავდასხმას შორის არსებულ სივრცეს იდიალურად შეავსებს. "ბარსელონა" შაბათს, 6 აპრილს "ნოუ კამპზე" "ატლეტიკოს" უმასპინძლებს და მარცხის შემთხვევაში სიტუაცია დაიძაბება. გამარჯვების შემთხვევაში კი გუნდი კიდევ უფრო გაიმყარებს პოზიციას. მესის "ბარსელონადან" წასვლის შემდეგ კი გუნდის თამაშში მაგია და მისტიკა გაუფერულდება და გაიცრიცება.

სხვა სტატიები