Belive

რეალის მთავარი სამიზნე მბაპეა - კვირის მთავარი სატრანსფერო ამბები

5 წლის წინ სხვა
3 წთ
მიმდინარე კვირაში ევროპულ სპორტულ მედიაში არაერთი სენსაციური ტრანსფერის შესახებ დაიწერა. ჩვენ გადავწყვიტეთ, ისინი ერთ სტატიაში მოგვექცია და თქვენთვის გაგვეზიარებინა.

ესპანეთი


  • 2019 წლის ზაფხულში, მადრიდის "რეალის" მთავარი სამიზნე კილიან მბაპე იქნება. "ლოს ბლანკოსის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, მბაპეს ნეიმართან შედარებით დიდ უპირატესობას ანიჭებს (AS).
  • ინგლისურ და იტალიურ საფეხბურთო კლუბებს "ატლეტიკოს" ნახევარმცველის, ტომას პარტეის შეძენა სურთ - ცნობილია, რომ მისი შეძენა £43 მილიონად არის შესაძლებელი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ განის ეროვნული ნაკრების წევრს საკუთარი მომავლის შესახებ დიეგო სიმეონესთან ჯერ არ უსაუბრია (Marca).
  • მილანის "ინტერი" ანდრე გომეშით დაინტერესდა - პორტუგალიელი ფეხბურთელი ამჟამად "ბარსელონადან" "ევერტონშია" განათხოვრებული. აღსანიშნავია, რომ "ევერტონს" ანდრე გომეშის გუნდში დატოვება სურს (Sport).
  • "რომა" ნაჩო ფერანდესით ინტერესდება - მადრიდის "რეალში" ედერ მილიტაოს მისვლის შემდეგ, ნაჩოს სავარაუდოდ კიდევ უფრო ნაკლები სათამაშო დრო მიეცემა. ესპანელ მცველს "რეალთან" კონტრაქტი 2020 წელს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ "რომას" მისი შეძენა არცთუ დიდ ფასად შეეძლება (AS).
  • ბრაჰიმ დიაზს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების საშუალება მიმდინარე სეზონის ბოლოს ექნება - "რეალის" ახალწვეულს იანვრის შემდეგ მხოლოდ 24 წუთი აქვს ნათამაშები, თუმცა ცნობილია, რომ ზიდანი ბრაჰიმ დიაზს როტაციის დროს აქტიურად გამოიყენებს (AS).

გერმანია


  • დორტმუნდის "ბორუსია" და მიუნხენის "ბაიერნი" ახალგაზრდა კალუმ ჰადსონ-ოდოით ინტერესდებიან - თინეიჯერ ჰადსონ-ოდოის ლონდონის "ჩელსისთან" კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს (Sport Bild).
  • დავიდ ალაბას განცხადებით, იგი "ბაიერნიდან" წასვლას არ გამორიცხავს: "მიუნხენში თავს ბედნიერად ვგრძნობ, თუმცა მომავალში ცვლილებებს არ გამოვრიცხავ," განაცხადა ავსტრიელმა ფეხბურთელმა (Bild).

    იტალია


    • ჰოლანდიური "პსვ-ს" ვარსკვლავი, ირვინგ ლოსანო "ნაპოლის" უახლოვდება. მექსიკელი ფეხბურთელის შეძენით სხვა გუნდებიც აქტიურად ინტერესდებიან, თუმცა "ნაპოლი" ერთადერთი გუნდია, რომელიც მზად არის, ჰოლანდიელებს 40 მილიონი ევრო დღესვე გადაუხადონ (Corriere dello Sport).
    • "მილანს" "კალიარის" ფეხბურთელის, ნიკოლო ბარელას შეძენა სურს - 22 წლის ფეხბურთელით ასევ "ინტერი" და "იუვენტუსი" ინტერესდებიან (Sky Sport Italia).

      საფრანგეთი


      • "მანჩესტერ იუნატედის" ნახევარმცველი, ანდერ ერერა შესაძლოა "პსჟ-ში" აღმოჩნდეს. ესპანელს "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება, პარიზელები კი მას გაორმაგებულ ხელფასს სთავაზობენ (RMC).
      • რაფაელ ვარანი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გაღიზიანებული დარჩა - გასულ კვირას დასავლური მედია იტყობინებოდა, რომ ვარანს "რეალის" დატოვება სურდა. ამასთან დაკავშირებით ვარანმა კომენტარი გააკეთა: "ჩემს მომავალთან დაკავშირებით განცხადებას აღარ გავაკეთებ," - აღნიშნა ფრანგმა (L'Equipe).

სხვა სტატიები