Belive

Red Bull Neymar Jr's Five - ბრაზილიაში საქართველოს სახელით ნამორა იასპარეზებს

4 წლის წინ სხვა
3 წთ
Red Bull Neymar Jr's Five გლობალური ჩემპიონატია, რომელიც ფეხბურთის მოყვარულებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან აერთიანებს. ეს ჩემპიონატი სისწრაფეზე, ტექნიკაზე და გართობაზეა. ჩემპიონატში მონაწილეობენ ქვეყნები 6 კონტინენტიდან. Red Bull Neymar Jr's Five-ის გამარჯვებული საქართველოში გუნდი "ნამორა" გახდა, რომელიც 10 ივლისს ბრაზილიაში ფინალურ ტურნირზე გაემგზავრება. ბრაზილიაში გამგზავრებამდე, Live.ge "ნამორას" წევრ, ვახტანგ ჯვარაშვილს დაუკავშირდა. პირველ რიგში გილოცავთ, Red Bull Neymar Jr's Five 2019 წლის ჩემპიონატზე საქართველოს გამარჯვებულები გახდით და ბრაზილიაში მიემგზავრებით. მოგვიყევით თქვენი გუნდის შესახებ. - ჩვენ მეგობრები ვართ, რომლებიც წლებია ერთად ვიკრიბებით და სხვადასხვა ტურნირებს ერთად ვთამაშობთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ტურნირზეც ერთად გამოსვლა გადავწყვიტეთ. მოგვიყევით ტურნირის ფორმატის შესახებ. პირველად მიიღეთ ტურნირში მონაწილეობა, თუ გასულ წელს უკვე გქონდათ გამოცდილება მიღებული? - საკმაოდ საინტერესო ფორმატია. მატჩი 5-5-ზე მიმდინარეობს. არ არის არც აუტი და არც კუთხური. გუნდებს არ ყავთ მეკარე და ყოველი გატანილი გოლის შემდეგ, მოწინააღმდეგეს 1 ფეხბურთელი აკლდება, რაც გოლის გამტან გუნდს დამატებით უპირატესობას სძენს. იმ შემთხვევაში, თუ 10 წუთის გასვლის შემდეგ საყაიმო ანგარიში ფიქსირდება - გუნდებიდან 1-1 ფეხბურთელი რჩებიან და მატცი პირველ გატანილ გოლამდე გრძელდება, რაც ტურნირს დაძბულობას მატებს. წელს საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ჩვენ დებიუტი გვქონდა და აღნიშნულ ტურნირზე პირველად მივიღეთ მონაწილეობა. რატომ გადაწყვიტეთ ამ ტურნირში მონაწილეობის მიღება და ელოდით თუ არა ასეთ წარმატებას? - საკმაოდ კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ვართ. ინდივიდუალურ დონეზე თითოეული მოთამაშე ძალიან ძლიერია. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენი მიზანი ჩემპიონობა იყო. ველოდით და გვჯეროდა, რომ შეგვეზლო ამის გაკეთება და ასეც მოხდა. ტურნირის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონის სტატუსით იასპარეზებთ. როდის მიემგზავრებით ბრაზილიაში, როგორია თქვენი მოლოდინი და თვლით თუ არა რომ ბრაზილიაში გასამართი ტურნირის მოგება შეგიძლიათ? - 10 ივლისს მივემგზავრებით ბრაზილიაში. ჩვენი მიზანი კვლავ გამარჯვებაა. ბრაზილიაში 40-ზე მეტი ქვეყნის ჩემპიონი მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი მიზანი პირველი ადგილის დაკავებაა.

სხვა სტატიები