Belive

რეზი იმნაიშვილი: "გამორიცხულია, ასეთი მონდომება არ დაფასდეს"

2 წლის წინ სხვა
7 წთ
"დინამო თბილისი" ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურისთვის ემზადება: თბილისური კლუბი ხორვატიაში, სპლიტში, "იადრანს" დაუპირისპირდება. "დინამო თბილისი" ჩემპიონთა ლიგაზე A ჯგუფში ასპარეზობს, რომელსაც Total Waterpolo-მ "სიკვდილის ჯგუფი" უწოდა. ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე "დინამოელებმა" გამოსვლა "ოლიმპიაკოსთან" გასვლითი შეხვედრით დაიწყეს, სადაც ანგარიშით 20:9 დამარცხდნენ. ამას წინ უძღოდა თურქეთში ვიზიტი, სადაც "დინამოელებმა" შეკრება გაიარეს და ადგილობრივ "ენკას" დაუპირისპირდნენ. კლუბში არსებული განწყობის გასაგებად და ბოლო პერიოდის შეჯამების მოსასმენად, თბილისური კლუბის მოთამაშეს, რეზი იმნაიშვილს ვესაუბრეთ. როგორ შეაფასებ თურქეთში შეკრებას, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის წინ გაიმართა - რამდენად საჭირო იყო სტამბოლში ჩასვლა გუნდისთვის? "დინამო თბილისმა" უკანასკნელი შეხვედრა ივნისში გამართა, ამიტომაც, თურქეთში წასვლა ძალიან  გვჭირდებოდა. ჩვენ ვითამაშეთ თურქეთის ჩემპიონთან, "ენკასთან", სადაც იმ ყველაფრის ერთგვარი შეჯამება გავაკეთეთ, რაზეც უკანასკნელ პერიოდში ვმუშაობდით. რას იტყვი ოლიმპიაკოსთან შეხვედრაზე? როგორი შთაბეჭდილება დატოვა მეტოქემ? ოლიმპიაკოსი უძლიერესი გუნდია, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ტაბლოზე ასახული ანგარიში თამაშის ზუსტი ამსახველი არ ყოფილა (20:9).  ჩვენ მაქსიმალურად აგრესიულად და გაბედულად ვითამაშეთ და ვერ ვიტყვი, რომ მეტოქეს მოდუნების საშუალება მივეცით. ახალი პროგრამის შედეგად, კარგად ვართ მომზადებულები და შემიძლია ვთქვა, რომ "დინამო თბილისი" დღეს უფრო გუნდური და აგრესიულია, ვიდრე გასულ წელს.

"დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელის, დეიან სტანოიევიჩის თქმით, მეტოქის ვინაობას მნიშვნელობა არ აქვს და გუნდი ყოველთვის გამარჯვებისთვის უნდა იბრძოდეს. მინდა გკითხო "სიკვდილის ჯგუფის" შესახებ, სადაც "დინამოც" არის წარმოდგენილი - როგორ ემზადება "დინამო თბილისი" ევროპის საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ სათამაშოდ? ზოგადად, ყველა სპორტში ასეა: ძლიერი მეტოქისადმი არსებობს ერთგვარი შიში, დაფასება და ა.შ. თუმცა გასააზრებელია, რომ ამ მიდგომას შედეგი არასოდეს მოაქვს. სპორტსმენი სათამაშოდ ყოველთვის გამარჯვებისთვის უნდა გადიოდეს - იქნება ეს წყალში თუ ხმელეთზე. დროთა განმავლობაში, ჩვენში მეტი გამბედაობა გაჩნდა: ძლიერ მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ წყალში ჩასვლისას, ყოველგვარი შიში ქრება. ნებისმიერ გუნდთან მოსაგებად უნდა გავიდეთ, რადგან სპორტში ყველაფერი ხდება და შეიძლება მეტოქეს ისეთი შეცდომები გაეპაროს, რომელიც გამარჯვებისკენ გზა გაგვიხსნის. A ჯგუფში "ოლიმპიაკოსი", "ფერენცვაროში", "ბარსელონეტა", "ნოვი ბეოგრადი", "რანდიჩკი" - უძლიერესი გუნდებია თავმოყრილი. თუმცა ჩვენ წნეხი არ გვაწუხებს: რაც უფრო ძლიერია მოწინააღმდეგე, ჩვენც უფრო მეტად აგრესიულები გავდივართ და გამარჯვებისთვის მეტად ვიბრძვით. ამ მოტივაციით, კარგ შედეგზე გავალთ, მთავარი კი სისტემატიურობა და სტაბილურობაა.
628-wyalburti-jgupi

მეთანხმები, რომ უფრო მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად, ჩვენს ჩემპიონატში მეტი კონკურენტუნარიანობაა საჭირო? ცხადია, ჩემპიონატში მეტ კონკურენტს მხოლოდ მივესალმები, ეს ძალიან საჭიროა. ჩვენ ორი პრობლემის წინაშე ვდგავართ: ნაკლები კონკურენტი და შესაბამისად, ნაკლები თამაში. ჩემპიონთა ლიგაზე, ჩვენს მოწინააღმდეგეებს ძლიერი შიდა ჩემპიონატი აქვთ და აქედან გამომდინარე, ბევრ თამაშს ატარებენ, სეზონის განმავლობაში ბევრ სპარინგ პარტნიორთან უწევთ გადაკვეთა. წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ გვქონდეს ჩემპიონატი, სადაც 3-4 გუნდი ერთმანეთს არაფერს უთმობს და მთლიანობაში 10-12 გუნდი თამაშობს, მივიღებთ მეტ პრაქტიკას, მთელი სეზონის განმავლობაში შენარჩუნებულ ფორმას და უკეთეს შედეგს. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ფუფუნება არ გვაქვს. ყველა ქვეყანაში, სადაც წყალბურთი მაღალ დონეზეა, შიდა ჩემპიონატი განვითარებულია და მეორე მეორე ლიგაც აქვთ. ჩვენთან კი არამარტო გუნდების, არამედ აუზების ნაკლებობაა. წარმოიდგინეთ, აუზი თბილისის ერთ უბანშია - როგორ იჩაგრებიან ისინი, ვინც მოშორებით, სხვა ქალაქებში ცხოვრობენ. იმდენი ტალანტი იკარგება, გული დაგწყდება... გარკვეული გამოცდილების დაგროვების საფუძველზე, რას ეტყვი იმ ბავშვებს, რომლებიც წყალბურთით არიან დაინტერესებულები, ან ეძებენ სპორტს, რომელშიც საკუთარ თავს იპოვნიან - როგორი სპორტია წყალბურთი და რა ღირებულებებს ატარებს? ცურვა რომ ყველაზე ჯანმრთელი სპორტია, ყველამ იცის. წყალბურთი - ეს არის სპორტული ჟინი, ჯანი, ჭკუა, სისწრაფე. ის, რაც ჩამოვთვალე, ყველა სპორტში გვხვდება, მაგრამ წყალბურთი კიდევ უფრო აგრესიული და ინტენსიურია. კარგ წყალბურთელს როგორც ჭკუა, ასევე ფიზიკური გამძლეობა მოეთხოვება. ამის მისაღწევად, საჭიროა, რომ ბავშვი თავიდანვე სწორად გაიზარდოს და სწორი მითითებები მიიღოს. მწვრთნელმა უნდა იცოდეს, თუ რა მოეთხოვება 8 წლის ბავშვს, ან 15 წლის მოზარდს - ამას ცოდნა სჭირდება. თვლი, რომ ახალი თაობა სწორ ინსტრუქციებს იღებს? წინა წლებთან შედარებით, კი. უფროს თაობაში უფრო ხშირი იყო უმიზეზო ტრავმიანობის პრობლემები. ეს ყველაფერი არასწორი ვარჯიშის შედეგია. ჩვენს თაობაშიც იყო შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, მოთამაშემ ახალგაზრდულ ნაკრებში მოულოდნელი ტრავმა მიიღო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს მოთამაშე სუსტია: სუსტიც რომ იყოს, უნდა ვიცოდეთ, რომ მას სხვანაირი ვარჯიში სჭირდება. ასაკთან ერთად სწორად უნდა იზრდებოდე. როგორ შეაფასებ გუნდის მწვრთნელის, დეიან სტანოიევიჩის საქმიანობას "დინამო თბილისში?" რაც შეეხება, ჩვენს მწვრთნელს - ზაფხულშიდან იგი ახალი პროგრამით გვავარჯიშებს. დეიანი მაქსიმალურად გვამზადებს იმისთვის, რომ თამაშის დროს ყველაფერისთვის მზად ვიყოთ. მაგალითისთვის, რამდენი წუთითაც ვთამაშობთ მატჩში, ვარჯიშზე იმავეს და იმაზე მეტსაც უნდა გავუძლოთ. იშვიათად გვასვენებს და ძლიერი დატვირთვით გვავარჯიშებს, რაც ძალიან რთულია, თუმცა როცა ამას ვარჯიშზე გადავლახავთ, თამაშიც გაცილებით გამარტივდება. წესით, კარგი შედეგები უნდა ვაჩვენოთ - გამორიცხულია, ყველა თამაშში მაქსიმუმის ჩადება და ასეთი მონდომება არ დაფასდეს.
შეგახსენებთ, ხორვატულ "იადრანთან" შეხვედრა 5 ნოემბერს, 21:00-ზე გაიმართება.

სხვა სტატიები