Belive

როგორ ეხმაურებიან რუსი ლიდერები რუსეთის დისკვალიფიკაციას?

4 წლის წინ სხვა
2 წთ
მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) გადაწყვეტილებით, რუსეთი 2020 წლის ოლიმპიადასა და 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. რუსეთის დასჯის მიზეზი დოპინგის მოხმარების გახმაურებული ფაქტი გახდა –  ცნობილია, რომ რუსებმა ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემები გააყალბეს. როგორც BBC იტყობინება, რუსეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის შესაძლებლობა მაინც ექნება, თუმცა იმ განსხვავებით, რომ რუსები ეროვნული სიმბოლიკისა და ჰიმნის გამოყენებას ვერ შეძლებენ. WADA-ს  გენერალური დირექტორის განცხადებით, რუსები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ პერიოდში ეროვნული სიმბოლიკით კვლავ ითამაშებენ, თუმცა ფინალურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, მათ რუსეთის ფედერაციის სახელით ასპარეზობის უფლება არ ექნებათ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, WADA-ს გადაწყვეტილებას "პოლიტიკურად მოტივირებული" უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს არანაირი ბრალი არ მიუძღვის: "რუსეთის ნაკრებმა ეროვნული დროშის ქვეშ უნდა იასპარეზოს," განაცხადა პუტინმა. ჩვეულებისამებრ, პუტინს დაეთანხმა დიმიტრი მედვედევი, რომელმაც აღნიშნა, რომ WADA-ს გადაწყვეტილება "პოლიტიკურად მოტივირებული" იყო: "ეს არის ანტი-რუსული პროპაგანდის ნაწილი, რომელიც უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა," აღნიშნა მედვედევმა.
შეგახსენებთ, რომ WADA მოსკოვის ლაბორატორიის საქმიანობას ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა. WADA-ს პრეზიდენტის, კრეიგ რიდის განცხადებით, რუსები სპორტის სამართლიანი წესებით აღარ ასპარეზობენ.
რუსეთს ჰქონდა ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ ყოფილიყო ანტი-დოპინგური საზოგადოების წევრი, რაც სარგებელს ისევ რუს სპორტსმენებს მოუტანდა, თუმცა ამის სანაცვლოდ, მათ სხვა გზა აირჩიეს,” განმარტა WADA-ს ხელმძღვანელმა.

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს განცხადებაში ასევე წერია, რომ რუსეთს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის 21 დღე ეძლევა. გასაჩივრებული საქმე განსახილველად სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაეცემა.

სხვა სტატიები