დეონტეი უაილდერი Vs. ტაისონ ფიური (პრევიუ)

კვირას, ჩვენი დროით დილის 8:00 საათზე, ლას-ვეგასის გრანდ-გარდენ არენაზე, წლის უმნიშვნელოვანესი ბრძოლა გაიმართება. დეონტეი უაილდერი და ტაისონ ფიური ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირდებიან და პლანეტის უძლიერესი მოკრივის ვინაობის გარკვევას კვლავ შეეცდებიან.

პირველმა ბრძოლამ, რომელსაც მთელი სამყარო მოუთმენლად ელოდა, მოლოდინები სრულად გაამართლა და მაყურებელს უდიდესი სიამოვნება მიანიჭა, თუმცა შედეგად ფრე დაფიქსირდა და ორივე მებრძოლი კვლავ წაუგებლის სტატუსით დარჩა.

ავტორიტეტული სპორტული მიმომხილველების აზრით, გამარჯვებას ფიური იმსახურებდა, რომელიც უკეთესი ტექნიკითა და ტაქტიკით გამოირჩეოდა. თუმცა მე-12 რაუნდში უაილდერის მოულოდნელმა დარტყმამ, რითაც ფიური ნოკდაუნში ჩააგდო, ყველა ეჭვი გააქარწყლა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრე სამართლიანად დაფიქსირდა.

 

დეონტეი უაილდერი

უაილდერი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ბრძოლას წაუგებელი ხვდება: ამერიკელმა მებრძოლმა 43 ბრძოლიდან 42 გამარჯვება იზეიმა და ის ერთი ფრეც სწორედ ფიურისთან დაუფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ უაილდერმა 42 გამარჯვებიდან 41 ნოკაუტით მოიგო, გამონაკლისი მხოლოდ ბერმან სტივერნი გახლდათ, რომელსაც 12 რაუნდის შემდეგ, მსაჯთა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით სძლია.

ნოკაუტების აურაცხელი რაოდენობიდან გამომდინარე, დეონტეის მთავარი კოზირი მისი მომაკვდინებელი მარჯვენაა. მას შეუძლია მთელი ბრძოლა ერთი, მაგრამ ზუსტი დარტყმის მოლოდინში გაატაროს და ერთ წამში დაასრულოს შეხვედრა. თუ თვალს გადავავლებთ მის კარიერას, ვნახავთ, რომ თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობაა ისეთი მებრძოლების, რომლებმაც 7 და მეტი რაუნდი გაძლეს უაილდერთან.

უაილდერის ყველაზე დიდი მეტოქე ფიურიმდე ლუის ორტიზი გახლდათ, რომელსაც ამერიკელმა მე-10 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით სძლია და მაშინვე დასამარდა საუბრები იმის შესახებ, რომ ის ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლას თავს არიდებდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, არის რამდენიმე კომპონენტი, რაშიც ფიური მას აღემატება: ბრძოლის ტაქტიკა და რინგზე მოძრაობა. ფიურის ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე და ასევე, უკვე ჩატარებული ბრძოლის მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უაილდერს ბევრად მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევს, ვიდრე ეს თითქმის წელიწად-ნახევრის წინ იყო. რომ არა მე-12 რაუნდის ნოკდაუნი, ფიური მძიმე წონის ტიტულს კიდევ ერთხელ დაეუფლებოდა (ამჯერად კი უკვე WBC-ის ვერსიით). შეგახსენებთ, რომ ამ ტიტულს უაილდერი 2015 წლიდან ატარებს.

დეონტეი უაილდერი Vs. ტაისონ ფიური (პრევიუ) 1

 

ტაისონ ფიური

The Gypsy King, წარმოშობით მანჩესტერელი 31 წლის ბოშა მოკრივე, როგორც ის საკუთარ თავს უწოდებს. ფიურიც, უაილდერის მსგავსად, წაუგებელი მებრძოლია: ჩატარებული 30 ბრძოლიდან, მას 29 მოგება და 1 ფრე უფიქსირდება, 20 ბრძოლა კი ნოკაუტით აქვს დასრულებული. ფიურიმ თავის პოპულარობის პიკს 2015 წელს, ვლადიმირ კლიჩკოსთან დაპირისპირებით მიაღწია, როდესაც აშკარა აუტსაიდერმა, მსაჯთა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, 12 რაუნდის შემდეგ, უკრაინელი დამაჯერებლად დაამარცხა და რამდენიმე წამყვანი კრივის ორგანიზაციის ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა.

ეს ბრძოლა ფიურის კარიერაში მთავარი გამოწვევების დასაწყისი აღმოჩნდა. კლიჩკოსთან გამარჯვების შემდეგ, წლების განმავლობაში, ის დეპრესიას ნარკოტიკებითა და ალკოჰოლით ებრძოდა.

3 წლიანი პაუზის შემდეგ, მართალია მძიმედ, მაგრამ გამარჯვებით დაბრუნდა და საკუთარი თავის რწმენა ხელახლა იპოვა: ალბანელი მოკრივე, სეფერ სეფერი, ფიურისთან ბრძოლაში 4 რაუნდის შემდეგ დანებდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფიურის მთავარი უპირატესობები რინგზე და რინგს გარეთ თვალშისაცემია. სისწრაფე, ტაქტიკა და თავდაჯერებულობა მის მოწინააღმდეგეებს საქმეს ერთი-ათად უმძიმებს.დეონტეი უაილდერი Vs. ტაისონ ფიური (პრევიუ) 2

პროგნოზი

ნეიტრალური მაყურებლის თვალით, საუკეთესო რაც შეიძლება ვისურვოთ, 12-რაუნდიანი, უშეღავათო ბრძოლა იქნება – როდესაც 36 საბრძოლო წუთი ისე გაივლის, რომ მოდუნების საშუალებას არცერთი სპორტსმენი არ მოგვცემს. ამ ბრძოლაში, პირველ რიგში, უაილდერის გააქტიურებას ველოდებით. ვფიქრობ, ის შეცვლის ტაქტიკას და თავიდანვე ეცდება უპირატესობის გამოვლენას, რადგან ერთი დარტყმის იმედად ყოფნა ფიურისთან, რომელიც მე-12 რაუნდშიც კი წამოდგა, უიმედო სიტუაციას შეუქმნის.

ფიურის კი მოსაგებად თავისი დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა მართებს, მას არც აქტიურობა აკლდა და არც გამძლეობა, თუმცა რამდენიმე მძიმე გატარებული დარტყმის შემდგომ, როგორც დავინახეთ, მისი პოზიციები საკმაოდ შესუსტდა.


სპეციალურად Live.ge-სთვის, საშა ხაჭაპურიძე ლას-ვეგასიდან

(711)

დეონტეი უაილდერი Vs. ტაისონ ფიური (პრევიუ)

სტატიის ავტორი
-