დილონ დენისმა ხაბიბს შეუტია

მას შემდეგ, რაც ხაბიბ ნურმაგომედოვმა UFC 254-ის ივენთზე ჯასტინ გეიჯი დაამარცხა მსუბუქ წონაში ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში, მებრძოლმა კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.

ნურმაგომედოვმა MMA-ის წესებით 29 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მათგანი მოიგო.

ხაბიბის გადაწყვეტილებას არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა.  უმეტესობამ ხაბიბი შეაქო და წარმატებები უსურვა, მათ შორის კრიშტიანუ რონალდუმაც.

თუმცა კონორ მაკგრეგორის მეგობარი და გუნდის წევრი დილონ დენისი მათ რიცხვში არ შედის.

27 წლის ამერიკელმა ტვიტერზე დაწერა:

“ხაბიბი კარიერას ასრულებს იმიტომ, რომ მას @TheNotoriousMMA-ის ეშინია”.

მართალია, დილონმა ტვიტერზე გავრცელებული შეუფერებელი განცხადება მალევე წაშალა, მაგრამ გულშემატკივრებმა პოსტი უყურადღებოდ არ დატოვეს და მაკგრეგორის მეგობარს კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხეს თავს.

გასაკვირი არაა, რომ დენისმა ხაბიბის ქება არ დაიწყო, რადგან 2018 წელს UFC 229-ის ივენთზე მას შემდეგ, რაც ხაბიბმა მაკგრეგორი დაამარცხა, ნურმაგომედოვმა ოქტაგონი გაცხარებულმა დატოვა და პირდაპირ კონორის კუთხეში ჩახტა, სადაც სწორედ დილონ დენისს დაუპირისპირდა.

როგორც ჩანს, 27 წლის ამერიკელს აღნიშნული ინციდენტი ჯერაც ახსოვს და სწორედ ამიტომ არ გამოხატა პატივისცემა ხაბიბის მიმართ.

თავის მხრივ, კონორ მაკგრეგორმა საკადრისი პატივისცემა გამოიჩინა ხაბიბის მიმართ სოციალურ ქსელში და პირობა დადო, რომ MMA-ში ბრძოლას გააგრძელებს.

 

(256)

დილონ დენისმა ხაბიბს შეუტია

სტატიის ავტორი
-