გიგა ჭიკაძე: “საუკეთესო ბრძოლას იხილავთ, რომელიც ქართველი გულშემატკივრის სასიხარულოდ დასრულდება”

ქართველ მებრძოლ გიგა ჭიკაძეს UFC-ში დებიუტი 2019 წლის სექტემბერში ჰქონდა და ამერიკელი ბრენდონ დევისი სამ რაუნდში დაამარცხა. 31 წლის სპორტსმენი, რომელიც უკვე თებერვალში გასამართი ბრძოლისთვის ემზადება, Live.ge-ს კარიერის ახალი ეტაპის შესახებ ესაუბრა.

გილოცავთ ზედიზედ მეორე ორთაბრძოლის დაანონსებას UFC-ის ეგიდით, გვითხარით როგორ მოხვდი ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე?

რამდენიმე წლის წინ, როცა ამერიკაში საცხოვრებლად გადმოვედი მთავარ მიზნად UFC-ში მოხვედრა დავისახე.

პარალელურად კიკბოქსინგშიც ვიბრძოდი, თუმცა UFC-ში მოსახვედრად ჭიდაობის და ჯიუჯიცუს შესწავლა დავიწყე, პარტერში რამდენიმე ბრძოლაც ჩავატარე და საბედნიეროდ, 2019 წლის სექტემბერში ორგანიზაციასთან ხელშეკრულებაც გავაფორმე.

საკმაოდ დაძაბული გამოდგა UFC-ის ეგიდით ჩატარებული პირველი ბრძოლა ბრენდონ დევისთან, თავიდან ფრე დაფიქსირდა, გადამოწმების შემდეგ კი მოგება თქვენ ჩაგეთვალათ. მოგვიყევით ამ ბრძოლის შესახებ.

ბრენდონ დევისი ხელწამოსაკრავი მეტოქე არ ყოფილა, რაც ჩემთან ბრძოლაშიც კარგად გამოჩნდა. თუმცა, როცა პირველად UFC-ში ბრძოლა შემომთავაზეს, ჩემი პირველი მეტოქე მაიკ დევისი უნდა ყოფილიყო, დავთანხმდი და კონტრაქტი გავუგზავნე, თუმცა მაიკმა მოგვიანებით ბრძოლაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ ფსიქოლოგიურად მზად არ იყო, ამიტომ ის ბრენდონ დევისმა ჩაანაცვლა.

გიგა ჭიკაძე: "საუკეთესო ბრძოლას იხილავთ, რომელიც ქართველი გულშემატკივრის სასიხარულოდ დასრულდება" 1

თქვენი მომავალი მეტოქე სწორედ მაიკ დევისია. სად და როდის ჩატარდება ბრძოლა, როგორია თქვენი მოლოდინები?

მაიკ დევისი ჩემთვის ნაცნობი სახეა. ის ჩემს სპორტულ კლუბში “kings MMA-ში” იყო და რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა. ერთადაც გვივარჯიშია. ვიცი მისი ძლიერი და სუსტი მხარეები.

მან ბოლო პერიოდში გულშემატკივრების დიდი არმია შეიძინა, მისი დამარცხება კი ჩემთვის ფსიქოლოგიურად დადებითად იმოქმედებს.

ჩემი აზრით, პირველად ბრძოლაზე უარი სწორედ იმის გამო თქვა, რომ მიცნობდა. ამჟამინდელმა თანხმობამაც გამაკვირვა. იმედია ბრძოლას ისევ არ გააუქმებს. და ეს ბრძოლა 29 თებერვალს, აშშ-ს შტატ ვირჯინიის ქალაქ ნორთფოქრში შედგება.

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთეო ბრძოლა იქნება, ვინაიდან ამდენი დრო მოსამზადებლად აქამდე არასდროს მქონია. იმედია ბრძოლა ქართველი გულშემატკივრის სასიხარულოდ დამთავრება.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, როგორც ვიცით კონტრაქტის მიხედვით UFC-ში მინიმუმ ორი ბრძოლის ჩატარება კიდევ მოგიწევთ. ინფორმაცია ხომ არ გაქვთ სავარაუდო მეტოქეებზე?

პირველ რიგში, მთავარია, რომ მაიკ დევისი რაც შეიძლება სანახაობრივი ბრძოლით დავამარცხო – ისეთით, რომ გულშემატკივარსაც და UFC-ს ორგანიზაციასაც კარგად დაამახსოვრდეს.

მეტოქეები ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. ყველაფერი შენს შედეგებზეა დამოკიდებული. მე პირველად ოთხბრძოლიანი კონტრაქტი გავაფორმე, წინ კიდევ 3 დაპირისპირებაა, მათი დასრულების შემდეგ, ნაჩვენები შედეგებით განისაზღვრება ახალი კონტრაქტი.

როგორია თქვენი პროგნოზი მოახლოებული UFC MAIN EVENT-ზე, სადაც ლეგენდარული კონორ მაკგრეგორი ბრუნდება. შეძლებს “ნოტარიუსი” ძველი დიდების დაბრუნებას?

ამ საღამოს მეც დავესწრები, რადგან ჩემი თანაგუნდელი, კოლუმბიელი საბინა მაზო იბრძოლებს. რაც შეეხება მაკგრეგორსა და ქოვბოის, ვფიქრობ ირლანდიელი მოიგებს, რადგან UFC-ს მისი დაბრუნება სჭირდება.

მათ შესახებ ნაკლებად ვფიქრობ, ახლა ჩემს მიზნებსა და გეგმებზე ვარ ორიენტირებული. მთავარია რამდენიმე ბრძოლა გამარჯვებით დავასრულოთ და UFC-ში ფეხი მყარად მოვიკიდოთ, მერე კი კონორის გამოწვევაც შეიძლება…

გიგა ჭიკაძე: "საუკეთესო ბრძოლას იხილავთ, რომელიც ქართველი გულშემატკივრის სასიხარულოდ დასრულდება" 2

გიგა ჭიკაძე: “საუკეთესო ბრძოლას იხილავთ, რომელიც ქართველი გულშემატკივრის სასიხარულოდ დასრულდება”

სტატიის ავტორი
-