UFC 249 ხაბიბ ნურმაგომედოვის გარეშე ჩაივლის?!

19 აპრილს ჩანიშნული UFC 249 შესაძლოა ხაბიბ ნურმაგომედოვის გარეშე გაიმართოს. ივენთის ძირითადი ბრძოლა ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ტონი ფერგიუსონს შორის უნდა გამართულიყო, თუმცა ხაბიბის მტკიცებით, კორონავირუსის გამო საზღვრები ჩაიკეტა და იგი რუსეთში ჩარჩა.

Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე ხაბიბ ნურმაგომედოვმა ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრა.

“ბრძოლისათვის ვემზადებოდი და ჩემს გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი თუმცა წარმოდგენა არ მქონდა როდის და სად გაიმართებოდა ივენთი. მოგვიანებით UFC-ის წარმომადგენლებმა შემატყობინეს, რომ ბრძოლა აშშ-ში არ შედგებოდა და 99%-იანი ალბათობით, UFC 249-ს აბუ დაბი უმასპინძლებდა.”

“UFC-სთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ბრძოლამდე 1 თვით ადრე აბუ დაბიში ჩავსულიყავი და იქ გამეგრძელებინა მომზადება. ზუსტად არ მახსოვს, 19 ან 20 მარტს ემირატებში გავფრინდით. ადგილზე შეგვატყობინეს, რომ საზღვრის ჩაკეტვას აპირებდნენ და საკუთარი მოქალაქეების გარდა არავის მისცემნდნენ ემირატებში შესვლის შესაძლებლობას.”

“აღნიშნულიდან გამომდინარე რუსეთში დაბრუნება მომიწია. ამ წუთისათვის დაღესტანში ვიმყოფები და აქტიურად ვვარჯიშობ მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რისთვის ვემზადები. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საზღვრებიც იკეტება. ისევე როგორც აშშ, ევროპა, ემირატები და სრულიად სამყარო – ყველა კარანტინში იმყოფება.”

“ახლა გავიგე, რომ UFC 249 ჩემი მონაწილეობით, ან ჩემს გარეშე შესაძლოა მაინც გაიმართოს. ისიც გავიგე, რომ ტონი ფერგიუსონისთვის მეტოქის შერჩევას აპირებენ. ფერგიუსონი აშშ-ში იმყოფება – მე რუსეთში. უნდა ითქვას, რომ რუსეთში ჩემი ნებით არ ვარ. UFC-სთან საუბრის დროს, დამარწმუნეს, რომ ბრძოლა აშშ-ს ნაცვლად ემირატებში ჩატარდებოდა ახლა კი შესაძლოა აშშ-ში ჩატარდეს. ჩვენ ყველა დეტალზე ვისაუბრეთ, იმ დროისათვის ვარჯიში 5 კვირის დაწყებული მქონდა. არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე. საკმაოდ რთულია ვარჯიში და წონის დაკლება მაშინ როდესაც მთელი სამყარო კარანტინში იმყოფება. წარმოდგენა არ მაქვს რისთვის უნდა ვივარჯიშო და მოვემზადო”, – აღნიშნა ხაბიბ ნურმაგომედოვმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დანა უაითმა განსაკუთრებული ბრძოლა დააანონსა. ESPN MMA-სთან საუბარში დანა უაითმა აღნიშნა: “ვცდილობთ შევქმნათ გამაოგნებელი ქარდი, რომლის მსგავსი UFC-ის ისტორიაში არ ყოფილა. სიმართლე გითხრათ ფრენსის ნგანუ ერთ-ერთია, რომლის დამატების შესაძლებლობასაც განვიხილავთ. დიახ, დიახ, დიახ ჟაირზინიო როზენსტრუკის წინააღმდეგ.”

(750)

UFC 249 ხაბიბ ნურმაგომედოვის გარეშე ჩაივლის?!

სტატიის ავტორი
-