Belive

საკუთარი შვილის გოლით - ვაისმა მეორე მატჩში მეორე ტიტული მოიგო

2 წლის წინ სხვა
2 წთ
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ახალ გუნდთან ერთად მუშაობა შესანიშნავად დაიწყო. სლოვაკ სპეციალისტს ორი ტიტულის მოსაგებად მხოლოდ ორი შეხვედრა დასჭირდა. ცოტა ხნის წინ გაცნობეთ, რომ "ჯვაროსნების" ყოფილმა თავკაცმა სადებიუტო შეხვედრაში "ზლატე-მორავცეს" - 4:0 დამარცხების შემდეგ, მისი კოლეგის მიერ დაწყებული საქმე წარმატებით დააგვირგვინა და ჩემპიონობა იზეიმა, ახლა კი მეორე შეხვედრაში, ქვეყნის თასის ფინალში "ჟილინასაც" აჯობა (2:1) და მეორე ტიტულის მოგებაც მოახერხა. https://www.belive.ge/fexburti/vladimir-vaisma-akhal-gundshi-pirvelive-matchshi-tituli-moigo/ საინტერესოა, რომ გამარჯვების გოლის გატანა შეხვედრის დამატებით დროში, პირველი 15-წუთიანი ტაიმის მეოთხე კომპენსირებულ წუთზე, 11-მეტრიანი დარტყმით ცვლილებაზე შემოსულმა უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა შეძლო, 56 წლის სპეციალისტმა საკუთარი ვაჟი თამაშში მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ჩართო. ვაისმა, რომელიც ყოფილ გუნდს დაბრუნების შემდეგ ზედიზედ მესამედ ჩემპიონატის და მიჯრით მეორედ თასის მოგებაში დაეხმარა, საქართველოს ნაკრებს 2016 წლის მარტიდან 2020 წლის ნოემბრამდე უხელმძღვანელა და ამ პერიოდში, “ჯვაროსნებმა” 47 მატჩი გამართეს, 16 მოიგეს, ამდენივეში დამარცხდნენ და 5 ფრედ დაასრულეს. სლოვაკი სპეციალისტის თაოსნობით ეროვნულმა გუნდმა უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალამდე გააღწია, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან (0:1) დამარცხდა. ვლადიმირ ვაისი “სლოვანში” მიმდინარე წლის 11 მაისს დაინიშნა და ახალ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

სხვა სტატიები