Belive

საფეხბურთო მატჩები, რომლების ყურებაც მომდევნო 48 საათის განმავლობაში შეგიძლიათ

5 წლის წინ სხვა
3 წთ
მომდევნო 48 საათის განმავლობაში, ფეხბურთის მოყვარულებს ნამდვილი ზეიმი ელით. ევროპის მასშტაბით, მაღალი დონის 6 შეხვედრა გაიმართება.

"ლაციო" - "მილანი" (იტალიის თასი; 26 თებერვალი, 23:59 საათი)

იტალიის თასის ნახევარფინალში ერთმანეთს "ლაციო" და "მილანი" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ღამის 12 საათზე დაიწყება. პირველი თამაში რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი აპრილშია ჩანიშნული.

"ჩელსი" - "ტოტენჰემი" (პრემიერლიგა; 27 თებერვალი, 23:59 საათი)

"პრემიერლიგის" 28-ე ტურში ლონდონური დერბი გაიმართება. "ჩელსი" საკუთარ მოედანზე "ტოტენჰემს" უმასპინძლებს. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, მატჩი უდიდეს ინტერესს უწვევს. "ტოტენჰემი" 60 ქულით მე-3 პოზიციაზეა და 6 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ლივერპულს". რაც შეეხება "ჩელსის", ბოლო პერიოდში გუნდი ცუდად ასპარეზობს და შესაბამისად, მე-6 ადგილს იკავებს. ჩემპიონთა ლიგის ზონამდე "არისტოკრატებს" 3 ქულა აშორებთ.

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრემიერლიგა, 27 თებერვალი, 23:59 საათი)

"პრემიერლიგის" 28-ე ტურში "კრისტალ პალასი" "წითელ ეშმაკებს" უმასპინძლებს. ეს მატჩიც საკმაოდ საინტერესო უნდა გამოვიდეს, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის. "კრისტალ პალასს" კი გავარდნის საფრთხე ჯერჯერობით არ ემუქრება და სატურნირო ცხრილის შუაში იკავებს ადგილს.

"ლივერპული" - "უოტფორდი" (პრემიერლიგა; 27 თებერვალი, 23:59 საათი)

"პრემიერლიგის" 28-ე ტურის შეხვედრა გაიმართება "ენფილდ როუდზე", სადაც "ლივერპულს" უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. გუნდმა "მანჩესტერ სიტისთან" 7 ქულიანი უპირატესობა გაანიავა და მხოლოდ 1 ქულით არის წინ. "მერსესაიდელები" პირველ ადგილს იკავებენ.რაც შეეხება "უოტფორდს", გუნდი მე-7 ადგილზეა და 10 ქულით ჩამორჩება ევროპა ლიგის ზონაში მყოფ "ჩელსის".

"მანჩესტერ სიტი" - "ვესტ ჰემი" (პრემიერლიგა, 27 თებერვალი, 23:59 საათი)

"პრემიერლიგის" 28-ე ტურის შეხვედრა მნიშვნელოვანია "მანცესტერ სიტისთვისაც". "ქალაქელები" "ვესტ ჰემს" ხვდებიან და თუ "ლივერპულს" ფეხი დაუცდება, "სიტი" პირველ ადგილზე გადაინაცვლებს. თავის მხრივ ლონდონელებიც მოტივირებულები გამოვლენ მოედანზე. გუნდი მე-9 ადგილზეა და შემადგენლობიდან გამომდინარე აქვს პრეტენზია, რომ უფრო მაღალ საფეხურზე დაასრულოს სეზონი.

"რეალი" - "ბარსელონა" (ესპანეთის სამეფო თასი, 27 თებერვალი, 23:59 საათი)

ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში მადრიდის "რეალი" "ბარსელონას" უმასპინძლებს. პირველი მატჩი "ნოუ კამპზე" 1:1 დასრულდა და ეს მადრიდელებს მცირე უპირატესობას აძლევს. აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესი თავის მე-40 "ელ კლასიკოს" ჩაატარებს.
     

სხვა სტატიები