Belive

საქართველო და UFC | როგორ იზრდება 4 მილიონიანი ქვეყნის გავლენა მსოფლიო სცენაზე

3 წლის წინ სხვა
7 წთ
სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) სამყაროში ყოველწლიურად წარუშლელ კვალს ტოვებენ - 2020 წელს ქართველებმა UFC-ში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს. ოკეანეთის რეგიონის წარმომადგენლებმა 2019 წელს გაიბრწყინეს - ალექს ვოლკანოვსკიმ, დენ ჰუკერმა და ისრაელ ადესანიამ 2019 წელს გამართულ შვიდ ბრძოლაში - 7 გამარჯვება მოიპოვეს. საქართველოსთვის 2020 წელი შთამბეჭდავი და წარმატებული აღმოჩნდა. საქართველოს სახელით გამოსულმა ექვსმა მებრძოლმა, წლის განმავლობაში შესანიშნავი (13:1) შედეგი დააფიქსირა.
"ვამაყობ იმით, რომ ქართველი ვარ და UFC-ში ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ", - აღნიშნა გიგა ჭიკაძემ (12:2). "ბრძოლა ჩვენს სისხლშია - დაბადებიდან მებრძოლები ვართ. ვიბრძვით ჩვენი ოჯახების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და რელიგიის დასაცავად." "იმ დროისათვის, როდესაც საქართველოში ვცხოვრობდი - პრაქტიკულად ყველა მებრძოლი იყო. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იძულებით დაახლოებით 100 წელი დავყავით", - აღნიშნა გიგა ჭიკაძემ.

222

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოში მძიმე ცხოვრებისეული პირობები იყო, რომელშიც არაერთი სახელოვანი მებრძოლი აღიზარდა.
"ქუჩაში ვიზრდებოდი", - აღნიშნავს მერაბ დვალიშვილი (12:4). "ქუჩაში ვჭიდაობდი და ვჩხუბობდი. 9-წლის ასაკში დედაქალაქში გადავსახლდი. იმ დროისათვის, ეკონომიკურად საკმაოდ მძიმე ვითარება იყო, რადგან 1991 წელს რუსეთთან ომი გვქონდა. რუსეთი ყველანაირად ცდილობდა კვლავ ჩვენს ოკუპირებას. ქვეყანას თავგამოდებით ვიცავდით და ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიწია. ეკონომიკა მძიმე ვითარებაში იყო - 2003 წელს ხელისუფლება შეიცვალა და სიტუაციაც გამოსწორდა." "საქართველოს ძალიან რთულ პირობებში ვიზრდებოდი", - აღნიშნავს UFC-ის მსუბუქი მძიმე-წონითი კატეგორიის დაუმარცხებელი მებრძოლი - რომან დოლიძე (8:0). "მახსოვს დრო, როდესაც არ გვქონდა ელექტროენერგია და წყალი. უკეთესი განატლების მისაღებად, ჩემმა მშობლებმა საეკლესიო სკოლაში მიმიყვანეს. შესანიშნავად ვიცი, თუ რას ნიშნავს მძიმე პირობებში ცხოვრება. ახლა უკრაინაში ვიმყოფები - MMA-ში მოღვაწეობა აქ დავიწყე, მაგრამ ვგეგმავ, რომ საცხოვრებლად კვლავ საქართველოში დავბრუნდები." "დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამჟამად რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. საბჭოთა კავშირიდან გამოსვლას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა", - ამატებს გიგა ჭიკაძემ. "დავიბადე მაშინ, როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირიდან გამოვიდა. იმ დროისათვის, ქვეყანას არაერთი მძიმე პოლიტიკური საკითხის გადაწყვეტა მოუწია. წარმოიდგინეთ, ელექტროენერგია და სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ზოგიერთი რამ ხშირად არ გვქონდა." "როდესაც დავიბადე ყველა ჭიდაობდა. მალევე კარატე ძალიან პოპულარული გახდა. მთელი ჩემი ოჯახი - ჩემი ბიძაშვილები, მამა, ბიძები და პაპები მოჭიდავეები იყვნენ. მამა ძიუდოისტი იყო. კარატეზე 4-5 წლის ასაკში შევედი." "ძალიან კარგი ბექგრაუნდი გვქონდა", - ამატებს რომან დოლიძე. "ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ასევე ძიუდოში ძალიან კარგი შედეგები გვქონდა. სპორტის ამ სახეობებში ოლიმპიური ჩემპიონებიც გვყავს. ეს გამოცდილება MMA-ში უმთავრესია. სწორედ ამ გარემოებებმა განაპირობა MMA-ში ქართველი მებრძოლების წარმატებული ასპარეზობა."


"ბავშვობაში ყოველდღე ვჩხუბობდით", - LFA-ს ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის (bantamweight) ჩემპიონი ზვიად ლაზიშვილი (12:0). "ეს გართობის ერთადერთი საშუალება იყო. მხოლოდ გასართობად ვჩხუბობდით. წარმოუდგენელია და სამარცხვინო ამ წუთას ამის აღიარება, მაგრამ იმ დროისათვის ჩხუბი გართობის ერთადერთი საშუალება იყო. მახსოვს შემთხვევა, როდესაც ერთი ღამის განმავლობაში 23-ჯერ ვუჩხუბეთ - ახალი წლის ღამე იყო. ახლა სასაცილოა, თუმცა იმ დროს, როდესაც არც ინტერნეტი და არც ტელეფონი გვქონდა, თავს ჩხუბით ვირთობდით." "ძალიან ცუდი ბავშვი ვიყავი", - ამატებს მერაბ დვალიშვილი. "ქუჩაში და სკოლაში, ყველგან ვჩხუბობდი. კარგი ბიჭი მაშინ გავხდი, როდესაც ძიუდოზე და სამბოზე სიარული დავიწყე. ქუჩაში შარში გახვევას, სახლში დარჩენა და ვარჯიში ვამჯობინე." "ქართველი მებრძოლების რწმენა მაქვს. არა მხოლოდ ქართველების - არამედ კავკასიელების", - ამატებს ლაზიშვილი. "ეს არეალი, (კავკასიის რეგიონი, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთის სამხრეთის რეგიონის ნაწილები). ჭიდაობა, ძალოსნობა და სპორტის მსგავსი სახეობები განსაკუთრებით პოპულარულია. ამ რეგიონის ათლეტები ძალიან ძლიერები არიან. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გეტყვით - საქართველოში საკუთარ თავს არასდროს წარმოვიდგენდი ძალიან ძლიერ მოჭიდავედ ან მებრძოლად. შეიძლება ითქვას, რომ საშუალო დონის მებრძოლი ვიყავი." "საქართველოდან წამოსვლის შემდეგ, ევროპაში, რუსეთსა ამერიკაში ვვარჯიშობდი. სადაც არ უნდა წავსულიყავი ყველგან მეუბნებოდნენ: "რა ძლიერი ხარ". მეგონა ხუმრობდნენ. ნამდვილად მჯერა, რომ ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი და დაღესტნელი მებრძოლები ძალიან ძლიერები არიან. მათ უდიდესი პოტენციალი აქვთ."


"10 წლის წინ საქართველოში MMA-ს შესახებ ბევრმა არაფერი იცოდა. MMA, კიკბოქსინგი და კარატე ერთი და იგივე ეგონათ. ახლა რადიკალურად განსხვავებული სიტუაციია და UFC-ის უამრავი გულშემატკივარი ჰყავს", - აღნიშნავს გიგა ჭიკაძე. "სპორტის ამ სახეობაში ადამიანთა ცნობიერება გაიზარდა. მათ გაცილებით უფრო მეტი ესმით. საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა. ემიგრანტების ჩათვლით 4.5 მილიონი თუ ვიქნებით. მიუხედავად ამისა, UFC-ში უკვე 6 მებრძოლი გვყავს", - ამატებს ლაზიშვილი. "საქართველოში UFC-ის პოპულარიზაციაზე, მერაბ დვალიშვილის ფაქტორმა დიდი გავლენა იქონია. მერაბ ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. მისი თავდაუზოგავი შრომა და ტალანტი გასაოცარია. მისი წარსულისა და ყველაფერი იმის გათვალისწინებით, თუ რასაც აკეთებდა და რა მწვერვალზეც დღეს იმყოფება, დვალიშვილი საუკეთესო ქართველი მებრძოლია." "არ შემიძლია არ აღვნიშნო გიგა ჭიკაძე, თუმცა მის შემთხვევაში ცოტა სხვა სიტუაციაა - ის უკვე იყო ათლეტი და მებრძოლი. K-1-ის ელიტარულ მებრძოლებში შედის", - აღნიშნავს ლაზიშვილი.
ჭიკაძე, დვალიშვილი, დოლიძე, ლაზიშვილი - ოთხივე მათგანი საქართველოდან შორს იმყოფება. დოლიძე უკრაინაში იმყოფება დანარჩენი სამეული კი აშშ-ში ვარჯიშობს. მიუხედავად ტერიტორიული სიშორისა, მებრძოლები სამშობლოსთან მჭიდრო კავშირს ინარჩუნებენ. დოლიძეს საქართველოში დაბრუნება სურს - დვალიშვილს გაცილებით უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს და კარიერის დასრულების შემდეგ, საქართველოში სავარჯიშო დარბაზების გახსნა სურს.  

სხვა სტატიები