Belive

სასპონსორო დეტალები სუმოში | როგორ გამოიმუშავებენ თანხას სუმოისტები

2 წლის წინ სხვა
3 წთ
სუმოს სამყაროში ყოველწლიურად 6 ტურნირი იმართება - იანვრის ბაშო (ჰაცუ ბაშო), მარტის ბაშო (ჰარუ ბაშო), მაისის ბაშო (ნაცუ ბაშო), ივლისის ბაშო (ნაგოია ბაშო), სექტემბრის ბაშო (აკი ბაშო) და ნოემბრის ბაშო (კიუშუ ბაშო).

  • ბაშოებს, ანუ ტურნირებს შორის ინტერვალი დაახლოებით თვენახევარია.
  • ტურნირი თვის მეორე კვირა დღეს იწყება.
  • ტურნირების ხანგრძლივობა 15 დღეა.
  • უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე სუმოისტები ყოველდღიურად თითო შეხვედრას ატარებენ. 

იქედან გამომდინარე, რომ იაპონიაში სუმო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია, კომპანიები და ორგანიზაციები მიზანშეწონილად მიიჩნევენ, რომ სარეკლამო ინვესტიცია ჩადონ, რაც შემდეგს გულისხმობს - ყველაზე მეტი მაყურებელი უმაღლეს, ანუ მაკუუჩი დივიზიონს ჰყავს, სადაც საშუალოდ, ყოველდღიურად 20-21 შეხვედრა იმართება, თითოეულ შეხვედრას კი კონკრეტული კომპანიები და ორგანიზაციები ასპონსორებენ, სანაცვლოდ კი დაპირისპირების დაწყებამდე მათი ბანერი გამოაქვთ.

სპონსორებს მათი სურვილისამებრ, უფლება აქვთ ნებისმიერი შეხვედრა დააფინანსონ - მათ მიერ გამოყოფილ კონვერტს "კენშო" ეწოდება, სადაც საშუალოდ 400$-ის ექვივალენტის თანხაა მოთავსებული. მებრძოლს კენშო გადაეცემა მაშინ, როდესაც შეხვედრას მოიგებს - მადლობის ნიშნად კი რამდენიმეწამიან რიტუალს ატარებენ, რაც ხელით გულის ფორმის გამოხატვას გულისხმობს (უცნაურად აღსაქმელია, თუმცა ასეა).
კენშოს მიღების პროცესი | VIDEO

პანდემიიდან გამომდინარე, ბოლო წლების განმავლობაში "კენშოები" საგრძნობლად შემცირდა. ბოლო 3 ბაშოს განმავლობაში (სამივე შემთხვევაში ყველაზე მეტი თანხა გამოიმუშავა და არა ჯამურად) ყველაზე მეტი კენშო, აწ უკვე იოკოძუნამ, მონღოლმა ტერუნოფუჯიმ მოაგროვა.

ტერუნოფუჯის მონაგარი:

  • სექტემბრის, ანუ აკი ბაშო - 354 კენშო ≈ $141,600
  • ნოემბრის, ანუ კიუშუ ბაშო - 359 კენშო ≈ $143,600
  • იანვრის, ანუ ჰაცუ ბაშო - 288 კენშო ≈ $115,200
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სუმოისტს, კენშოში არსებული თანხის ნახევარი ერგება, ნახევარი კი მისი სკოლის წილია. შესაბამისად, ტერუნოფუჯიმ ბოლო 3 ბაშოს განმავლობაში ჯამურად დაახლოებით 400,000$ გამოიმუშავა საიდანაც 200,000$ მისია, 200,000$ კი მისი სკოლის.

ოფიციალური ანაზღაურება



რაც შეეხება ანაზღაურებას, რა თქმა უნდა, თითოეულ მებრძოლს, იმის გათვალისწინებით თუ რომელ დივიზიონში ასპარეზობს, კონკრეტულად დადგენილი თანხა ეკუთვნის. ყველა სხვა დივიზიონისგან განსხვავებით, უმაღლეს დივიზიონში ანაზღაურება წოდების მიხედვითაც განსხვავდება, ვინაიდან მაკუუჩი დივიზიონში 5 წოდების მებრძოლები არიან წარმოდგენილნი - მაეგაშირა, კომუსუბი, სეკივაკე, ოძეკი და იოკოძუნა. მაეგაშირებს მიუხედავად იმისა, თუ რომელ საფეხურზე არიან, ერთი ოდენობის ჰონორარი აქვთ, ისევე, როგორც სხვა ერთნაირი წოდების მქონე რიკიშებს.

2021 წლის მოცემულობით სუმოისტების ანაზღაურება ასეთია: 

  • იოკოძუნა - 26,500$
  • ოძეკი - 22,000$
  • სეკივაკე/კომუსუბი - 16,000$ 
  • მაეგაშირა - 12,500$
ჯურიოს ანუ რიგით მეორე დივიზიონში სუმოისტების ჰონორარი 9,500$-ს შეადგენს. დანარჩენ 4 დივიზიონში (მაკუშიტა, სანდანმე, ჯონიდანი, ჯონოკუჩი) მებრძოლების ხელფასი 2,000$-ით განისაზღვრება.

სხვა სტატიები