Belive

სასტენდო სროლაში მამა-შვილის ტრადიციული მეტოქეობა გაიმართა

5 წლის წინ სხვა
3 წთ
ვარკეთილის სასროლეთზე დამთავრდა თბილისის პირველობა სასტენდო სროლაში, რომელიც დედაქალაქის მერიის სპორტის სამსახურმა დააფინანსა, ორგანიზატორი კი თბილისის სროლის ფედერაცია იყო. შეჯიბრება ორ ასაკობრივ კატეგორიაში - უფროსებსა და ახალგაზრდებში გაიმართა, ცალკე გამოვიდნენ მოყვარულებიც. პირველ დღეს ორივე ჯგუფში საკვალიფიკაციო ეტაპის ორ-ორი წრე ჩატარდა და გამოიკვეთნენ ფავორიტები: ახალგაზრდებში მშვენივრად ისროლა ლევან ჩინჩალაძემ, ვინც 50-დან მხოლოდ ერთხელ ააცილა სამიზნეს, პირველში 25 ქულა დააგროვა, მეორეში 24 და 49 ქულით სათავეში ჩაუდგა ცხრილს. უფროსებში ლუკა მანჯგალაძე დაწინაურდა 47 ქულით (23, 24), მაგრამ მეორე დღეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა. თუმცა უფროსებში ეს შედეგზე ითქმის, თორემ ლიდერი უცვლელი დარჩა - ჩინჩალაძემ, მართალია, შედარებით ცუდად ისროლა, თუმცა ვერც მისმა მეტოქეებმა ივარგეს და პირველობა მაინც შეინარჩუნა. მანჯგალაძემ კი არათუ პირველობა, საპრიზო სამეულშიც ვერ შეინარჩუნა ადგილი. თუმცა უფროსებში მოვლენები მაინც ფრიად საინტერესოდ განვითარდა. მესტენდურთა ბოლოდროინდელ შეჯიბრებებში მამა-შვილის სპორტული დაპირისპირება უკვე ტრადიციად იქცა - დავით და გივი ქვათაძეებმა ამ უცნაურ ლოგიკას არც ახლა უღალატეს და ერთი კვირის წინ გამართული შეჯიბრების მსგავსად, მათ შორის ახლაც გადასროლა გაიმართა. ოღონდ მაშინ თუ მესამე ადგილისთვის იბრძოდნენ, ამჯერად ოქროს მედლისთვის იპაექრეს ერთმანეთში, გამარჯვება კი ახლაც მამას, იმ დიდი გუნდის წევრ დავით ქვათაძეს დარჩა, რომელმაც შვილს 1 ქულით მოუგო. მათ პირველი დღის შემდეგაც ერთნაირი ქულები ჰქონდათ, მეორე დღეს კი სამივე სერიაში ერთნაირი ქულათა მარაგი დააგროვეს, ოღონდ - სხვადასხვა კომბინაციით, თუმცა საბოლოოდ ორივემ 116-116 ქულით დაამთავრა გამოსვლა. უფროსებში ბრინჯაოს მედალი ვლადიმერ ნარჩემაშვილმა მოიპოვა, ვინც პირველი დღის შემდეგ მეორე-მესამე ადგილებს იყოფდა. გადასროლა ახალგაზრდებშიც დაინიშნა, ოღონდ - მესამე ადგილისთვის - ალექსანდრე ხუჭუასა და ნიკა გოგიაშვილს შორის, სადაც ასევე ერთი ქულით იმარჯვა ხუჭუამ. უფროსები 1. დავით ქვათაძე - 116 (+1 გადასროლაში; 21, 23, 24, 25, 23) 2. გივი ქვათაძე - 116 (22, 22, 24, 23, 25) 3. ვლადიმერ ნარჩემაშვილი - 112 (24, 21, 23, 23, 21) ახალგაზრდები 1. ლევან ჩინჩალაძე - 109 (25, 24, 20, 21, 19) 2. ლევან კაპანაძე - 102 (20, 22, 20, 20, 20) 3-4 ალექსანდრე ხუჭუა - 89 (+1; 17, 17, 17, 18, 20) 3-4 ნიკა გოგიაშვილი - 89 (16, 16, 17, 20, 20) მოყვარულები 1. ივა გურეშიძე - 90 (17, 21, 19, 14, 19) 2. დავით ჭინჭარაული - 86 (16, 18, 19, 16, 17) 3. რომან გოგოლაძე - 83 (15, 19, 19, 18, 12)