Belive

GGA-ს პასუხი დაანონსებულ რეგულაციებზე

2 წლის წინ სხვა
7 წთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში სათამაშო ბიზნესის ყველანაირი რეკლამის აკრძალვა და მოთამაშეთა ასაკის აწევა იგეგმება. რეგულაციები სატელევიზიო, გარე და ქართულ ვებგვერდებზე განთავსებულ რეკლამებებზე გავრცელდება. ღარიბაშვილის განცხადებას, „სათამაშო ბიზნესის ასოციაცია“ (GGA) საჯარო განცხადებით გამოეხმაურა.  ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებათ. ამასთან, კაზინოებზე წვდომა სოციალურად დაუცველ პირებსა და საჯარო მოხელეებს შეეზღუდებათ.
"აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე, გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე. სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება. ძირითადად, შეიძლება სპორტს შეეხოს აღნიშნული დაშვება", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი საკანონმდებლო დონეზე უკვე მომზადებულია.

როგორია სათამაშო ბიზნესის ასოციაციის პოზიცია?

GGA-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი მამულაიშვილის განცხადებით, სათამაშო ბიზნესის ასოციაცია სრულ გაურკვევლობაში იმყოფება, რადგან მთავრობა სათამაშო ინდუსტრიასთან კომუნიკაციას მხოლოდ მედიის საშუალებით ამყარებს და სექტორში მონაწილე სუბიექტების პოზიციებს არ ითვალისწინებს.
"კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება, რადგან, ჩვენი აზრით, საჭიროა წინასწარი კონსულტაციები, გაანგარიშებები და მოდელირება, თუ რა სახის ეკონომიკურ ეფექტს გამოიწვევს ეს ცვლილები. დღევანდელი მოცემულობით, თუ მთავრობა შეინარჩუნებს ცალმხრივ პოზიციას, მიუღებელ ტონს და არ წამოვა ბიზნესთან კონსტრუქციულ დიალოგზე, იძულებული ვიქნებით, მოვახდინოთ ხარჯების ოპტიმიზაცია და უარი ვთქვათ მთელ რიგ სოციალურ, თუ სხვა პროექტებზე, მათ შორის, სპონსორობაზე. გაცხადებული ცვლილებებით აზრი ეკარგება ბიზნესის სპორტულ ნაწილს, ბიზნესი იძულებული გახდება, განიხილოს სპორტის პროდუქტის, ონლაინ ტოტალიზატორის გათიშვის საკითხი", - განაცხადა გიორგი მამულაიშვილმა.
პასუხად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ირწმუნება, რომ მთავრობის მიერ სათამაშო ინდუსტრიისთვის რეგულაციების გამკაცრების თაობაზე ბიზნესთან კონსულტაციები აუცილებლად გაიმართება. GGA-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა "არასწორი" უწოდა პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის თაობაზე, რომ "1.5 მილიარდი ლარი უცხოური კომპანიების ანგარიშებზე მიედინება." აღნიშნულთან დაკავშირებით, მამულაიშვილმა პრესკონფერენციის შემდეგ განცხადება BM-თან საუბრისას გააკეთა. "მე შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ დიდი ინვესტიციები შემოდის საქართველოში ზუსტად იმ უცხოელი პარტნიორებისგან. ინვესტიცია იმას ითვალისწინებს, რომ როცა ადამიანი ფულს დებს, ის ფული უკან უნდა ამოიღოს. დღესდღეობით, უფრო მეტია შემოსული, ვიდრე - საზღვარგარეთ გასული. ინვესტიცია დოტაცია და გრანტი არ არის, რომ ვიღაცამ ფული ჩადოს და ამისთვის არაფერი მიიღოს", - თქვა მამულაიშვილმა.

იხილეთ სრული კომენტარი


პრობლემათა სია, რომელსაც მთავრობის გადაწყვეტილება გამოიწვევს

სათამაშო ბიზნესის ასოციაციის განცხადებით, მთავრობის ნაჩქარევი და არაკონსტრუქციული გადაწყვეტილება ქვეყანაში არაერთ ნეგატიურ პროცესს გამოიწვევს.
1. გათვალისწინებული არაა იმ საერთაშორისო კომპანიების ინტერესები, რომლებმაც, წლების განმავლობაში, საქართველოში უმსხვილესი ინვესტიცია განახორციელეს - შესაბამისად, ეს იქნება გამაფრთხილებელი გზავნილი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში ინვესტირებას და შესაბამისად, ადგილობრივ ეკონომიკაში ახალი ბიძგის შეტანას გეგმავენ. საგადასახადო კანონმდებლობაში მოსალოდნელი ცვლილებები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ გარანტიებს და არღვევს დიდ ბრიტანეთთან და შვედეთთან გაფორმებულ „ინვესტიციების დაცვის შესახებ“ ხელშეკრულებებით დადგენილ პირობებს; 2. მთავრობა სათამაშო სექტორისთვის საგადასახადო ვალდებულებების გაზრდას გეგმავს - ეს კი იმ პირობებში, როდესაც არსებული საგადასახადო ტვირთი 40%-ს შეადგენს. დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებით (გადასახადის 70%-მდე გაზრდა), ბიზნესის შემდგომი საქმიანობა შეუძლებელი გახდება. ეს კი განსაკუთრებით საგულისხმოა, თუკი გავითვალისწინებით, რომ სექტორში მონაწილე სუბიექტები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენენ სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებაზე; 3. მნიშვნელოვანია, რომ გაცხადებული ცვლილებები უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკის არაერთ სექტორზე. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ სპორტი, მედია, ტელეკომუნიკაცია, ფინანსური და აიტი სექტორი (მაგალითისთვის, მედიის  ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებასთან ერთად გაიზრდება უმუშევართა რაოდენობა როგორც სათამაშო ბიზნესის სფეროში, ისე მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში, რაც კრიტიკულია იმ პირობებში, რომ ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 22%-ია. საუბარია ათასობით დასაქმებულსა და ათეულობით ათას მათზე დამოკიდებულ ადამიანზე; 4. მთავრობის მიერ შემუშავებული ცვლილებების ნაწილი არაკონსტიტუციურია. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიტანოთ, ასაკობრივი ზღვრის 25 წლამდე გაზრდა. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ქმედუნარიანობის ასაკი 18 წელია, მოთამაშეთა მინიმალური ასაკის ზღვარის 25 წლამდე გაზრდა სრულად დაუსაბუთებელია. სრულწლოვანი მოქალაქისთვის ასაკობრივი ცენზის დაწესებით, იზღუდება მისი უფლება, თავისუფლად განკარგოს მის საკუთრებაში არსებული სახსრები, რაც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების პირდაპირი დარღვევაა. 5. მსოფლიო გამოცდილებით სათამაშო ბიზნესის აკრძალვა არ წარმოადგენს თამაშის შეზღუდვისა თუ თამაშდამოკიდებულების აღმოფხვრის საშუალებას, ვინაიდან აკრძალვის პირობებშიც, თამაში გრძელდება არალეგალურ ვებგვერდებსა თუ უკანონო ე.წ. „ხელზე თამაშის“ სახით. უფრო მეტიც, აკრძალვას თან ახლავს მთელი რიგი უარყოფითი შედეგები, მათ შორის, კრიმინალის ზრდა. აკრძალვის პირობებში ზარალდება ქვეყნის ეკონომიკა მიუღებელი გადასახადების და აკრძალვით გამოწვეული სხვა ნეგატიური ეფექტების საფუძველზე ისე, რომ არ ხდება საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებული პრობლემების გადაჭრა. 6. სათამაშო ბიზნესის ასოციაციის შეფასებით, დაანონსებული ცვლილებები გამოიწვევს მომხმარებლების გადინებას უცხოურ, არალიცენზირებულ ვებგვერდებზე, სადაც ასაკობრივი ზღვარი 18 წელია და ადგილობრივი ონლაინ სათამაშო ვებგვერდებისგან განსხვავებით, არ მოქმედებს რეგისტრაცია/ვერიფიკაციის მაღალი სტანდარტები. აღნიშნული ფაქტობრივად გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის კონტროლს სახელმწიფოს მხრიდან. ამასთან, აღნიშნული რისკების აღმოფხვრა შეუძლებელია უცხოურ ვებგვერდებზე წვდომის შეზღუდვის პირობებშიც: 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და უცხოური საფულეების ხელმისაწვდომობის პირობებში ფაქტობრივად შეუძლებელია ქვეყნის გარეთ, არალიცენზირებულ ვებგვერდებზე თამაშისა და შესაბამისად, თანხის გადინების აღმოფხვრა. დღესდღეობით მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც მოხდება ე.წ. VPN-ის ბლოკირება, რისი ნათელი მაგალითია აშშ და ჩინეთი, რომელთაც, მიუხედავად განუსაზღვრელი რესურსისა, მაინც ვერ მოახერხეს მომხმარებლებისთვის ვირტუალურ პირად ქსელებზე წვდომის შეზღუდვა.

ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, მთავრობა პარლამენტს კანონპროექტს მიმდინარე თვის განმავლობაში წარუდგენს. ფინანსთა სამინისტროს მიერ აზარტული თამაშების შეზღუდვაზე მომზადებული საკანონმდებლო ჩარჩოს მიხედვით, 25 წლამდე პირებს, საჯარო მოხელეებსა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს (ჯამში 1 მილიონი ადამიანი) თამაშის უფლება აეკრძალება.

სხვა სტატიები