Belive

საუკეთესო სიმღერები FIFA-ს ისტორიაში

1 წლის წინ სხვა
11 წთ
უდავო ფაქტია, რომ FIFA საუკეთესო საფეხბურთო სიმულატორია - ვიდეო თამაში, რომელიც მილიონობით ადამიანს აერთიანებს. მუდმივად მზარდი სათამაშო ხარისხის გარდა, EA Sport-ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროდუქტს, გამორჩეული შტრიხი ახასიათებს: ყოველ წელს, განახლებულ FIFA-ში, 50 სიმღერით დაკომპლექტებული შესანიშნავი "ფლეილისთი" გვხვდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, FIFA რომ მუსიკალური ფესტივალი იყოს, გლასტონბერის არაფრით ჩამოუვარდებოდა. Pro Evolution Soccer-ის სახით, წლების განმავლობაში, FIFA-ს მძლავრი კონკურენტი ჰყავდა. ამ უკანასკნელის მსგავსად, მუსიკალური კუთხით, წუნს ვერც PES-ს უპოვნიდით: მის შემქმნელ KONAMI-სთან ისეთი ჯგუფები, მუსიკოსები თუ არტისტები თანამშრომლობდნენ, როგორებიცაა Chemical Brothers, The XX, Stereophinics, Avicii და სხვ. თუმცა FIFA-ში, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა ბოლო 10 წლის განმავლობაში მოიპოვა, მუსიკალური თვალსაზრისით, სულ სხვა დონე გვხვდება - ამისი ნათელი დასტურია ისიც, რომ დასავლეთში FIFA-ს "გემოვნების განმსაზღვრელს" უწოდებენ. FIFA-ში მოქცეული მუსიკა თანამედროვე ტენდენციების ამსახველია. იგი ცოცხალი ორგანიზმია და კულტურის დინებას მიჰყვება. მოიცავს ფართო დიაპაზონს - აქ მოუსმენთ ყველაფერს, MGMT-დან Santigold-მდე, ინდის, ალტერნატიულ მუსიკას, გრაიმსა თუ ელექტროპოპს. ეს კი მრავალფეროვნებისა და ეკლექტურობის, ასევე გულმოდგინე მიდგომის, დაუღალავი შრომისა და ძიების ამსახველია.

ვინ ირჩევს სიმღერებს?

"იყო პერიოდი, როდესაც, Queen-ის We are the Champions-ს ყველა მომენტს არგებდნენ, მე კი ახალი აღმოჩენები მიზიდავდა", - ამბობს Electronic Arts-ის მუსიკალური მიმართულების ხელმძღვანელი, სტივ შნერი, რომელმაც სტერეოტიპებისგან და ჩარჩოებისგან განცალკევებული გზა აირჩია და საფეხბურთო სიმულატორს თითქოს შეუსაბამო, მაგრამ რეალურად, იდეალურად მორგებული სიმღერები შეუხამა. მისი თქმით, ყველაზე რთული ნაწილი საერთო სიის 50 სიმღერამდე შემცირების პროცესია. თუმცა ამას უკან სელექციის, დეტალური განხილვისა და ლიცენციებთან დაკავშირებული მოლაპარაკების ხანგრძლივი პროცესი იმალება.
“ჩვენ ვეძებთ მუსიკალურ ბენდებს, რომლებიც, ჩვენი შეხედულებით, ადამიანების ცხოვრებას ცვლიან. ადამიანებს მუსიკის შეგრძნება კვლავ შეუძლიათ, მუსიკა მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების განუყრელი ელემენტია. არსებობს ბევრი ბენდი, რომელიც პირდაპირ "მედისონ სქუერ გარდენზე" ვერ მოხვდება, თუმცა ჩვენი საშუალებით, მუსიკოსები მთელ მსოფლიოში გაფანტულ გულშემატკივარს ხმას აწვდენენ. ეს კი ის წარმატებაა, რომელიც განსაკუთრებით აღმაფრთოვანებს. თვალებს ვხუჭავ, ვუსმენ "ზეპელინის" სიმღერას და შემიძლია გითხრათ, სად ვიყავი მაშინ, როდესაც მას პირველად მოვუსმინე. ისიც მახსოვს, თუ რა შეგრძნებები მქონდა მაშინ. მინდა, რომ FIFA-ს მომხმარებელმა ანალოგიური გამოცდილება გაიზიაროს".

FIFA-ს ისტორიაში საუკეთესო სიმღერების არასრული ჩამონათვალი, Live.ge-ის ვერსიით 👇

ამ ნაწილში, ცხადია, სუბიექტურები ვიქნებით. შესაძლოა, თქვენთვის სასურველი სიმღერა ამ სიაში არ აღმოჩნდეს, მაგრამ, როგორც ვთქვით, FIFA-ს სიმღერების სია უზომოდ მრავალფეროვანია და სხვადასხვა გემოვნების მსმენელს თანაბრად აკმაყოფილებს. ათეულის დაკომპლექტება ძალიან რთულია, ამიტომ საკითხს სიღრმისეულად, თუმცა მშვიდად მივუდგებით და 10 გამორჩეულ სიმღერას გაგიზიარებთ.

ქვემოთ მოცემული ქრონოლოგია პირობითია


#1 MGMT - Kids (FIFA 09)

ამერიკული ინდი როკის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. როგორც კი სიმღერა იწყება, მაშინვე იგრძნობთ MGMT-ის ორიგინალურ, უზომოდ სახასიათო ვოკალსა თუ მუსიკალურ ჟღერადობას. FIFA 09-ში წარმოდგენილი Kids ნოსტალგიური სიმღერაა და ყოველთვის იმ ძველ მომენტს გვახსენებს, როდესაც მას პირველად მოვუსმინეთ - სტივ შნერის ჩანაფიქრიც ხომ ზუსტად ეს იყო.

#2 Disclosure - F For You ft. Mary J. Blige (FIFA 14)

გახსოვთ ეს სიმღერა FIFA 14-დან? თანამედროვე ბრიტანული ელექტრონული მუსიკის წარმომადგენელმა, Disclosure-მა, შესანიშნავ ვოკალისტთან, მერი ჯეი ბლაიჯთან, F For You-ს რემიქსი ჩაწერა, რომელიც გრემის 57-ე დაჯილდოებასა და Electronic Arts-ის სიაში მოხვდა. F For You თანამედროვეობის გამოძახილია, თუმცა დისკოს ელემენტები 70-იანი წლების სცენის ასოაციაციასაც აჩენს.

#3 Muse - Supermassive Black Hole (FIFA 07)

უდავოდ, Muse-ის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა. Supermassive Black Hole ინგლისური როკ ბენდის მეოთხე სტუდიურ ალბომში იყო წარმოდგენილი. Muse-ის სოლისტის, მეტ ბელამის შეფასებით, ეს არის ყველაზე განსხვავებული სიმღერა, რომელიც Muse-ს ოდესმე დაუწერია. მისივე სიტყვებით, სიმღერა ბევრი შემსრულებლისგან მიღებული ჯამური ინსპირაციაა. "ჩვენზე გავლენა ბელგიურმა მუსიკამ მოახდინა: Millionaire, dEUS, Evil Superstars, Soulwax და სხვ. ისინი იყვნენ პირველები, რომლებმაც რიტმ-ენდ-ბლუზის რიტმს გიტარის ალტერნატიული საუნდი შეურიეს. Supermassive Black Hole-ს, მცირე რაოდენობით პრინცი და ქანიე უესტიც დავუმატეთ და მივიღეთ სიმღერა, სადაც ქალი გალაქტიკის ცენტრს შევადარეთ - ადგილს, სადაც გიგანტური შავი ხვრელი შეუჩერებლად გიზიდავს".

#4 John Newman - Love Me Again (FIFA 14)

Love me Again იმ სიმღერების რიცხვს განეკუთვნება, უცებ რომ მოიწონებ და ზედოზირებული მოსმენით მალევე მოგბეზრდება. სიმღერამ (ასევე ჯონ ნიუმენმა) პოპულარობა ელვის სისწრაფით მოიპოვა და დიდი ბრიტანეთის კვირის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. სიმღერის ავტორები ჯონ ნიუმენი და სტივ ბუკერი არიან. "როდესაც როდესაც სიმღერა დავასრულეთ, ერთმანეთს გადავხედეთ და ორივეს სახეზე იკითხებოდა ფრაზა: "რაღაც კარგი გამოგვივიდა", - იხსენებს FIFA 14-ის ერთ-ერთი მთავარი სინგლის ავტორი.

#5 Blur - Song 2 (FIFA 98)

არ ჩამოგითვლით წარმატებების იმ დაუსრულებელ სიას, რომელსაც ამ სიმღერამ მიაღწია. საკმარისია ისიც, რომ სპორტულ არენაზე თუ მის მიღმა, Song 2-ის მოსმენა ყოველთვის სასიამოვნოა და რაღაც აუხსნელი მიზეზით, სპორტთან კავშირშია. იქნებ მიზეზი იმაშია, რომ დიდი ხნის წინ, სიმღერა FIFA 98-ში მოხვდა და გონებაში ამ ასოციაციით დაილექა. სიმღერა შორეულ 1997 წელს გამოიცა. ერთი წლის შემდეგ კი, ჯგუფის ფრონტმენმა, დეიმონ ოლბარნმა Gorillaz-ი ჩამოაყალიბა, რომლის სიმღერებიც 19-2000 და Rhinestone eyes, FIFA-ში ასევე წარმოდგენილია. როგორც გითხარით, ამ სტატიის კითხვისას, ქრონოლოგიას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. სხვა შემთხვევაში, Song 2 სამეულში მოსახვედრად აუცილებლად იბრძოლებდა.

#6 Paul Oakenfold - Beautiful Goal (FIFA 05, FIFA 06, FIFA 07)

ჩართეთ და თვალები დახუჭეთ. დიდი შანსია, პირველივე წამიდან თვალწინ საფეხბურთო მოედანი დაინახოთ. Beautiful Goal - ლამაზი, სანახაობრივი გოლი. ის, რის გამოც ფეხბურთი ასე გვიყვარს. სიმღერა ფეხბურთთან იმდენად კავშირში იყო, რომ Electronic Arts-ის გადაწყვეტილებით, ზედიზედ სამ თამაშში მოხვდა, რაც უიშვიათესი და შესაძლოა, უნიკალური ფაქტიცაა. მისი ავტორი ინგლისელი პროდუსერი და დიჯეი, 3-გზის გრემის გამარჯვებული, პოლ ოკენფოლდია.

#7 Avicii - The Nights (FIFA 15)

The Nights თავის შინაარსს პირდაპირ გვეუბნება - ისე უნდა იცხოვრო, რომ მოსაგონარი ბევრი გქონდეს. სიმღერა და კლიპი ენერგიულია, გონებაში ნერგავს იდეას, რომ დატოვო ყველაფერი, გარეთ გახვიდე, შექმნა დაუვიწყარი მოგონებები და გააკეთო ის, რაც გსურს. სიმღერის ავტორი, შვედი დიჯეი და მუსიკოსი, Avicii, რამდენიმე წლის წინ დაიღუპა. საინტერესოა, თავად იცხოვრა თუ არა ისე, როგორც ტექსტში გვეუბნება:
One day you'll leave this world behind, So live a life you will remember. My father told me when I was just a child, These are the nights that never die.
თუმცა ბევრიც მოასწრო: ცხოვრების 28 წელიწადში, მსოფლიოს Wake me up, Levels, Waiting for love, Hey Brother, Addicted to you და სხვა მრავალი დაუტოვა.

#8 Empire of the Sun - Alive (FIFA 14)

Empire of the Sun ავსტრალიური ელექტრონული მუსიკის წარმომადგენელია, Alive კი მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტი. ვერ გეტყვით, რა ნიშნით ეძებენ სტივ შნერი და მისი გუნდი სიმღერებს FIFA-სთვის, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საფეხბურთო სიმულატორს Alive იდეალურად შეესაბამება. ცნობისთვის, Empire of the Sun-ის კიდევ ერთი სიმღერა, High and Low, FIFA 17-ში გვხვდება და საერთოდაც, Electronic Arts-ში ავსტრალიელ მუსიკოსებს გამორჩეულად აფასებენ.

#9 Sam Sparro - Black and Gold

სიმბოლოებითა და მინიშნებებით სავსე სიმღერა, რომელიც, როგორც სემ სპარო ამბობს, 10 წუთში დაიწერა. "ოთახში მარტო ვიყავი. ვფიქრობდი, არსებობდა თუ არა ღმერთი. შემდეგ ხელში კალამი ავიღე და სიმღერის წერა დავიწყე", - იხსენებს ავსტრალიელი მომღერალი. სიმღერაში დაშიფრული ეგზისტენციისა და რეალობის აღქმის საკითხები რომ გვერდით გადავდოთ, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Black and Gold სასიამოვნო მოსასმენია.

#10 Hendrix Harris - The Hill

დასტური იმისა, რომ FIFA-ს "ფლეილისთი" ეკლექტური და შინაარსობრივად ცვალებადია. ჰიპ-ჰოპისა და რეპის წარმომადგენელი ჰენდრიქს ჰარისი შესანიშნავ საუნდს გვთავაზობს, ბითები კი FIFA Volta-ს ატმოსფეროს განსაკუთრებით უხდება.

Bonus Track | Duffy - Mercy (FIFA 09)

ათეულში ვერ მოვახვედრეთ, მაგრამ სტატიის მიღმა მაინც ვერ დავტოვეთ. დაფი ბრიტანელია, კონკრეტულად კი, უელსელი. ვერ ვიტყვით, რომ ცხოვრებაში ბევრი ჰიტი შეუქმნია, მაგრამ Mercy გამორჩეული სიმღერააა, FIFA-სა თუ ნებისმიერ ხასიათს თანაბრად რომ უხდება.

შეჯამება

როგორც მოგასენეთ, ეს FIFA-ს საუკეთესო საუნდტრეკების არასრული ჩამონათვალია, თქვენს ფავორიტებს კი Facebook-ის კომენტარების სექციაში დაველოდებით.