Belive

შევჩენკო: "ჩვენ ვიცავთ თავს, ვიბრძვით და მოვალეები ვართ, ეს გავაკეთოთ"

2 წლის წინ სხვა
5 წთ
უკრაინისთვის ურთულესი დღეებისა და ღირსების ბრძოლის, ანდრეი შევჩენკო Daily Mail-ის სპორტულ ჟურნალისტსა და ყოფილ ფეხბურთელს, ჯეიმი რედკნაპს ესაუბრა. ვფიქრობთ, ომში ჩართული ქვეყნის წარმომადგენელი ლეგენდარული ფეხბურთელის ინტერვიუ ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესო უნდა იყოს. უკრაინაში ომის დაწყება დედის ზარით შეიტყო. "მეძინა, დედამ კიევიდან დამირეკა", - ამბობს შევჩენკო, პაუზას აკეთებს, შემდეგ მოულოდნელად კალამს ისვრის და ფანჯარასთან მიდის და ჩუმად ამბობს: "მაპატიეთ, ეს მარტივი მოსაყოლი არაა". სატელეფონო ზარში, ლიუბოვ შევჩენკომ შვილს ორი სიტყვა მითხრა: "ომი დაიწყო". როგორც "შევა" ამბობს, მას არ სჯეროდა, რომ რუსეთი ამ ნაბიჯს გადადგამდა და უკრაინას ომს გამოუცხადებდა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კიევის სასწრაფოდ დატოვებაში დედა დაარწმუნა, თუმცა სამშობლოდან წასვლაზე - ვერაფრით დაიყოლია.
სახლი ირყევა და მიწაზე დაცემული თითოეული ბომბი იგრძნობა. ეს არის ჩვენი დღევანდელი დღე, ამ ეტაპზე მოვიდნენ რუსები: ისინი ალყაშემორტყმულ ქალაქს დაუნდობლად ბომბავენ და უკრაინელებს ჰუმანიტარული დერეფნის გაკეთების საშუალებას არ აძლევენ. იქ არიან დედაჩემი, ჩემი და, ბიძა, მისი მეუღლე და ბიძაშვილი. ჩემი მეგობრები ფრონტის ხაზზე დგანან, იბრძვიან ჩვენი ქვეყნისთვის, მშვიდობისთვის, ჩვენი თავისუფალი ნებისა და ღირსებისთვის. ჩვენ ვიცავთ თავს, ვიბრძვით და მოვალეები ვართ, ეს გავაკეთოთ, სხვა არჩევანი არც გვაქვს", - ამბობს შევჩენკო.
შევჩენკო უკრაინის საფეხბურთო ნაკრების ყველა დროის ბომბარდირია: 111 შეხვედრაში 48 გოლი გაიტანა, წლების შემდეგ კი სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და 5 წლის განმავლობაში, გუნდს ხელმძღვანელობდა. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის თქმით, იგი თავისი ქვეყნით ყოველთვის ამაყობდა, მაგრამ ეს გრძნობა დღეს მასში გაასმაგებულია.
"უკრაინელებისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიცია უმნიშვნელოვანესი იყო. მას შეეძლო უკრაინის დატოვება, მაგრამ ხაზგასმით თქვა, რომ კიევში დარჩებოდა და რომ თითოეულ უკრაინელს ქვეყნის დასაცავად უნდა ებრძოლა. ზელენსკი მოსახლეობის გვერდით დგას და არასოდეს დანებდება, უკრაინელები კი იბრძვიან თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. არაფერია იმაზე შთამბეჭდავი, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა ტანკის წინ შიშველი ხელებით დგას. ჩვენს მიწას ბოლომდე დავიცავთ და რუსეთს ტაშით არავინ შეეგებება".

"ვიღაც ადამიანი" ვლადიმირ პუტინია. მის სახელს შევჩენკო ისევე არ ახსენებს, როგორც "ჰარი პოტერის" გმირები - ვოლდემორს. შევჩენკოს პუტინზე ლაპარაკი არ სურს, იგი ტრაგედიებზე საუბრობს: მაგალითად, 6 წლის ტანიაზე, რომელიც მარიუპოლში დაბომბვის შემდეგ, ნანგრევებში, აგონიაში მყოფი, დეჰიდრაციით გარდაიცვალა. ამ მომენტში, მისი მშობლები უკვე დაღუპულები იყვნენ. შევჩენკო მხოლოდ დამკვირვებლის როლში არ იმყოფება. პროგრამის, Homes for Ukraine, დახმარებით, იგი დევნილებს თავშესაფრის ძიებაში ეხმარება. ასევე, იგი არის კამპანიის "Play Your Heart" წარმომადგენელი, რომლის ფარგლებშიც, საქველმოქმედო მიზნით, მინიმუმ 2 მილიონი ფუნტის შეგროვება იგეგმება. "მსოფლიო უკრაინის გვერდითაა. ადამიანების მიერ გამოხატული სოლიდარობა ძალიან ბევრს ნიშნავს. უკრაინაში მყოფი ადამიანები გრძნობენ, რომ ისინი მარტონი არ არიან", თქვა შევჩენკომ.

შეგიძლიათ მითხრათ, რას გრძნობთ, როდესაც რუსეთთან დაკავშირებით კითხვას გისვამთ? როგორც დასაწყისში აღვნიშნე, არ მჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა. რუსებთან ხანგრძლივი ურთიერთობა გვაკავშირებს, თუმცა ვფიქრობ, რომ მისი აღდგენა გამორიცხულია. მეორე მხრივ, ვიცი, რომ არსებობს ბევრი რუსი ადამიანი, რომელსაც ომის დასრულება სურს. მეგობრებისგან შეტყობინებებს იღებთ? დიახ და მათ ყოველთვის მოვუწოდებ, რომ ქუჩებში გავიდნენ. ვიცი, რომ ეს მარტივი არაა - რუსეთში ყოფნა სახიფათოა. მეორე მხრივ, ომის დასრულების ერთადერთი გზა სიმართლის ლაპარაკია - რუსების უმრავლესობამ სიმართლე არ იცის.

შევჩენკო ამბობს, რომ რუსები პროპაგანდის მსხვერპლები არიან და ამის ნათელ მაგალითად, ლუჟნიკის სტადიონზე გამართულ ყრილობას ასახელებს, სადაც ადოლფ ჰიტლერის მსგავსად, პუტინმა რუსეთის მოქმედებას "ისტორიული ხვედრი" უწოდა. რუსეთი ნამოქმედარისთვის ისჯება: აგრესორი ქვეყნის წარმომადგენელი სპორტსმენები სხვადასხვა ტურნირზე მონაწილეობას ვეღარ იღებენ. "ვეთანხმები იმას, რომ რადგან ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რუსებმა ტურნირებზე არ უნდა იასპარეზონ. საჭიროა მეტი წნეხი. რუსეთის პრეზიდენტმა (ამ არსების სახელის დასახელებაც არ მინდა) თქვა, რომ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს, თუმცა ამ სიტყვებით, იგი უდანაშაულო ადამიანების ხოცვას, ქალაქზე ალყის შემორტყმასა და დაბომბვას ამართლებს".