ენკა დამარცხებულია | დინამო თბილისი ოლიმპიაკოსთან შეხვედრისთვის ემზადება

“დინამო თბილისი” ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება: “ოლიმპიაკოსთან” შეხვედრამდე, წყალბურთელთა გუნდი სტამბოლში ჩავიდა, სადაც ადგილობრივ “ენკა სტამბოლთან” ამხანაგური მატჩი გამართა და თურქული გუნდი ანგარიშით 16:11 დაამარცხა.

ღამის დამღლელი ფრენისა და რამდენიმესაათიანი რეაბილიტაციის შემდეგ, დინამოელებმა “ენკას” ბაზაზე ივარჯიშეს და ადგილობრივ გუნდთან სპარინგ-მატჩი ჩაატარეს. “დინამოელთა” რიგებიდან თავი მარკო იელაჩამ (4), დუშან ვასიჩმა (3), სანდრო ადეიშვილმა (2), იოვან სარიჩმა (2), რეზი იმნაიშვილმა, საბა ტყეშელაშვილმა, ვატო დადვანმა, ანდრია ბითაძემ და ბესო ახვლედიანმა გამოიჩინეს.


იხილეთ: დეიან სტანოიევიჩის ემოციები და “დინამო თბილისის” გოლი “ენკას” კარში


მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ გუნდი მაქსიმალურად არის მოტივირებული და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან შეხვედრას როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად მომზადებული ხვდება. აღნიშნულთან დაკავშირებით Live.ge-სთან მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ზუკა რურუამ ისაუბრა.

ჩვენთვის თითოეული მატჩი დიდ მნიშვნელობას ატარებს. “ენკა” თურქეთის ჩემპიონია და მასთან გამარჯვება სასიხარულოა, თუმცა ყველაზე დადებითი, რაც დავინახე, არის ბიჭების განწყობა და მონდომება. იყო ხარვეზებიც, მაგრამ ბევრი ძლიერი მხარე გამოიკვეთა.

დინამო თბილისი გასულ სეზონში და წელს: რა სხვაობაა ამ ორ გუნდს შორის და რას ცვლის დროთა განმავლობაში გუნდში დეიან სტანოიევიჩი?

ჩემი აზრით, ახლა გაცილებით უკეთესად ვართ მომზადებულები – ამაში იგულისხმება არა სათამაშო პრაქტიკა, არამედ ფიზიკური მზაობა. კიდევ ერთი სხვაობაა ის, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებს პოტენციალის გამოჩენისთვის მეტი შესაძლებლობა ეძლევათ.

ოლიმპიაკოსზეც გკითხავთ: როგორი მოტივაციით გავა გუნდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან სათამაშოდ?

რეალურად რომ შევაფასოთ, ჩვენ სუპერ გუნდს უნდა შევხვდეთ – გუნდს, რომელიც, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვების ერთ-ერთი პრეტენდენტია. ამის მიუხედავად, ბიჭები გამარჯვების ბრძოლისა და მაქსიმუმის გაღებისთვის მზად არიან. მთავარია, რომ თითოეულ წუთში მაქსიმუმი ჩავდოთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ “დინამო თბილისს” ადრე ასეთი თამაშების ჩატარების ფუფუნება არ ჰქონდა, თუმცა ახლა ტოპ 16 გუნდს შორის ვართ და ვფიქრობ, რომ გუნდის ყველა წევრი მაქსიმალურად დაიხარჯება და ამ შანსს, გამოცდილების მიღებისა და პროგრესის კუთხით, 100%-ით გამოიყენებს.


შეგახსენებთ, რომ “ოლიმპიაკოსთან” შეხვედრა 26 ოქტომბერს, ათენში, 20:15-ზე გაიმართება. Live.ge “დინამო თბილისთან” ერთად სტამბოლსა და ათენში იმყოფება და გუნდთან დაკავშირებულ უახლეს ინფორმაციას უწყვეტად შემოგთავაზებთ.

ენკა დამარცხებულია | დინამო თბილისი ოლიმპიაკოსთან შეხვედრისთვის ემზადება 2

(1553)

ენკა დამარცხებულია | დინამო თბილისი ოლიმპიაკოსთან შეხვედრისთვის ემზადება

სტატიის ავტორი
-