COVID-19-ის ფონზე, ტურ დე ფრანსი სავარაუდოდ მაინც გაიმართება

საფრანგეთის სპორტის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა სტატისტიკის ზრდის მიუხედავად, ტურ დე ფრანსი ივლისში მაინც გაიმართება.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ზაფხულში გასამართი სპორტული ტურნირების უდიდესი უმრავლესობა გადადებულია – მათ შორის, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი და ოლიმპიადა, 2021 წელს ჩატარდება.

ამის მიუხედავად, საფრანგეთის სპორტის მინისტრის, როქსანა მარასინიანუ მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ არის შანსი, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული საგზაო ველორბოლა მაინც გაიმართოს.

ტურ დე ფრანსმა სტარტი პირველად 1903 წელს აიღო. მას შემდეგ, ველორბოლა მხოლოდ I და II მსოფლიო ომების დროს არ ჩატარებულა.

“ამ ეტაპზე, ყველა შესაძლო სცენარს განვიხილავთ, საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ დიდი დროა. ახლა საჭიროა, კორონავირუსის წინააღმდეგ უფრო მეტი ძალებით ვიბრძოლოთ და მთელი ენერგია ამას მოვახმაროთ. ამის შემდეგ, გადაწყვეტილებასაც მივიღებთ.

მარასინიანუს თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ტურ დე ფრანსი მაინც გაიმართება, მაყურებლებს ველორბოლაზე დასწრების უფლება არ ექნებათ.

ტურ დე ფრანსის ბიზნეს მოდელი აწყობილია არა ბილეთების, არამედ სატელევიზიო უფლებების გაყიდვაზე. ამჟამად, ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ყველა იაზრებს, თუ რა სარგებელი აქვს სახლში დარჩენას და შესასაბამისად, ველორბოლის მოყვარულებს ტურ დე ფრანსის ხილვა ტელევიზორით შეეძლებათ,” განაცხადა საფრანგეთის სპორტის მინისტრმა.

ტურ დე ფრანსი 27 ივნისს, ნიცაში აიღებს სტარტს და 19 ივლისამდე გაგრძელდება.

 

 

(661)

COVID-19-ის ფონზე, ტურ დე ფრანსი სავარაუდოდ მაინც გაიმართება

სტატიის ავტორი
-