Belive

სუმო - ნოემბრის ბანძუკე ცნობილია

3 წლის წინ სხვა
2 წთ
იაპონიის სუმოს ასოციაციამ ნოემბრის ბაშოსთვის ბანძუკე ანუ რეიტინგი გამოაქვეყნა. განახლებულ რეიტინგში ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი სამი პოზიციით დაქვეითდა და მომავალ ბაშოზე აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირა იქნება. როგორც ადრე გახდა ცნობილი შოდაი ამ ბაშოს ოძეკის რანგში შეხვდება, სანიაკუს დაუბრუნდა და კომუსუბის წოდებას მოირგებს ტერუნოფუჯი, ხოლო სეკივაკეების რაოდენობა სამიდან ორამდე შემცირდა და ამ წოდებას მიტაკეუმი და ტაკანოშო გაინაწილებენ, ხოლო კიდევ ერთი კომუსუბი ასევე სანიაკუში დაბრუნებული ტაკაიასუ იქნება. პირველი მაეგაშირას წოდებამდე აღზევდნენ კირიბაიამა და ვაკატაკაკაგე, კომუსუბის წოდების დაკარგვის შემდეგ მეორე მაეგაშირა იქნება დაიეიშო. ოთხი ახალწვეული იქნება ჯურიოდან. დიდხნიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს დივიზიონში ბრუნდება ჩიონოკუნი, მიუხედავად იმისა რომ გასულ ბაშოზე იგი ჯურიოს მე-11 ნომერი იყო სუმოს ასოციაციამ მის მიერ დივიზიონის მოგება საკმარის მიზეზად ჩათვალა დასაწინაურებლად და იაპონელი რიკიშიც აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას წოდებას მოირგებს. მაკუუჩიში დაბრუნდნენ კოტოიუკი და ჩიოშომა, ხოლო აკუას ელიტაში დებიუტი ექნება. ბანძუკეში კვლავ იხსენიება გაგამარუ, რომელიც კიდევ ერთი დივიზიონით დაქვეითდა და ამჟამად ჯონიდანის 46-ე ნომერი იქნება. ნოემბრის ბაშო ტოკიოს "რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში 8-22 ნოემბერს გაიმართება. ბოლოს გაცემული რეკომენდაციის თანახმად მას 2500-ის მაგივრად 5000 მაყურებელი დაესწრება.

სხვა სტატიები