ასანოიამას ოძეკის წოდებას მიანიჭებენ

The Japan Times-ზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ რომ სეკივაკე ასანოიამას ოძეკობას მაინც მიანიჭებენ მიუხედავად იმისა, რომ ჰარუ ბაშოზე ნორმატივის (33 გამარჯვება ბოლო სამ ბაშოზე) შესასრულებლად მას მხოლოდ 1 გამარჯვება დააკლდა.

იაპონიის სუმოს ასოციაციის მრჩეველთა საბჭომ, 26 წლის რიკიშის სუმოს სამყაროში მეორე უმაღლესი წოდების მისაღებად რეკომენდაცია გაუწია. ასანოიამამ მარტის ბაშო 11-4-ზე ბალანსით დაასრულა.

“მე ოძეკობა მსურდა, ამით ჩემს ერთ-ერთ მიზანს მივაღწიე” – განაცხადა მან.

მიუხედავად იმისა რომ ასანოიამას 1 გამარჯვება დააკლდა, მან რეკომენდაცია მაღალი ხარისხის  სუმოს ჩვენების გამო მიიღო. ასანოიამამ გამორჩეული ბრძოლები შემოგვთავაზა ოსაკას “ედიონ არენაზე,” სადაც ბოლო ბაშო კორონავირუსის გამო უმაყურებლოდ ჩატარდა.

188 სმ სიმაღლისა და 177 კგ წონის მქონე რიკიშმა თავი პირველად გასული წლის მაისის ბაშოზე წარმოაჩინა და იმპერატორის თასი მოიგო.

იაპონიის სუმოს ასოციაციის წევრები ოძეკად დაწინაურების ფორმალურ მხარეებს შემდეგ შეკრებაზე მოაგვარებენ.

(2310)

ასანოიამას ოძეკის წოდებას მიანიჭებენ

სტატიის ავტორი
-