ტოჩინოშინი ოძეკობის დასაბრუნებლად იბრძოლებს

როგორც იცით დასრულდა 2019 წლის სუმოს რიგით მეორე სუპერტურნირი – ჰარუ ბაშო, სადაც ქართველთათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტი უნდა გადაწყვეტილიყო – რჩება თუ არა ტოჩინოშინი ოძეკად?

ქართველი გოლიათი კადობანში იყო ჩაყენებული, ეს გახლავთ მდგომარეობა, რომელსაც მხოლოდ ოძეკებს უყენებენ – იმ შემთხვევაში თუ ოძეკი უარყოფითი ბალანსით დაასრულებს ბაშოს, მან აუცილებლად უნდა დააფიქსიროს მომდევნო ბაშოზე დადებითი შედეგი, წინააღმდეგ შემთხვევაში ტიტულს დაკარგავს. გამომდინარე იქედან, რომ ლევან გორგაძე ფიზიკურად სრულ მზადყოფნაში არ იმყოფებოდა (მოუშუშებელი ტრავმის შესახებაც ლევანი Live.ge-ს ბაშოს დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ესაუბრა), მან ოძეკის ტიტულის დაცვა ვერ მოახერხა.

ჰარუ ბაშოს მე-15 დღე ტოჩინოშინისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა – მისი მეტოქე აწ უკვე ოძეკი ტაკაკეიშო იყო, რომელმაც ტოჩის საკუთარი ძალებისა და ტექნიკის დემონსტრირება არ აცადა და მძლავრი ხელის კვრებით ქართველი მებრძოლი რამდენიმე წამში ტავარას მიღმა გაიყვანა.

ამრიგად, ტოჩინოშინს ჰარუ ბაშოზე დაფიქსირებული 7-8 უარყოფითი ბალანსის გამო ოძეკის ტიტულთან გამომშვიდობება მოუწია, თუმცა ოძეკებს აქვთ ერთი დიდი პრივილეგია, რომლის თანახმადაც მომდევნო ბაშოზე სეკივაკეს წოდებით მოასპარეზე ლევან გორგაძე 10 მოგების დაფიქსირების შემთხვევაში ოძეკის ტიტულს მყისიერად აღიდგენს.

2019 წლის რიგით მესამე სუპერტურნირი “ნაცუ ბაშო” 12 მაისს აიღებს სტარტს. მოგეხსენებათ, რომ ტოჩინოშინს 2018 წლის “ნაცუ ბაშოზე” საოცარი პერფორმანსი ჰქონდა, მან საწყისი 12 ორთაბრძოლა წარმატებით დაასრულა (მე-12 დღეს ყველა დროის საუკეთესო სუმოისტი ჰაკუჰო დაამარცხა), თუმცა მე-13 დღეს შოდაის წინააღმდეგ უმძიმესი ტრავმა მიიღო, მას შემდეგ ქართველი სეკიტორი ყოველ ბაშოზე სხვადასხვა დაზიანებებით ასპარეზობდა, შესაძლებელია ვთქვათ, რომ ტრავმის გარეშე არ უასპარეზია, რის გამოც დადგა სავალალო მდგომარეობა – ტიტულის დაკარგვა. იაპონურ მედიაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნაცუ ბაშოზე დიდი ალბათობით იოკოძუნა ჰაკუჰო ვერ იასპარეზებს, რაც კიდევ უფრო ზრდის იმის შანსებს, რომ ტოჩიმ დადებითი ბალანსი დააფიქსიროს.

“იმ შემთხვევაში თუ ტოჩინოშინი მოახერხებს ტრავმის მოშუშებას და ნაცუ ბაშოს კარგ ფიზიკურ კონდიციაში შეხვდება, მას ცალსახად აქვს პოტენციალი, რომ დააფიქსიროს 10 და უფრო მეტი მოგებაც”, –  აღნიშნულია ერთ-ერთ გავლენიან იაპონურ მედიაგამოცემაში, მსგავსი შინაარსის კომენტარი უამრავმა სუმომანმა და ამ სპორტის სახეობის ექსპერტებმაც გააკეთეს, ასე რომ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მაისის ბაშოს.

LIVE.GE წარმატებებს უსურვებს ქართველ ფალავანს და უსურვებს მალე გამოჯანმრთელებას და მხნედ ყოფნას.

ტოჩინოშინი ოძეკობის დასაბრუნებლად იბრძოლებს

სტატიის ავტორი
-