Belive

სუმოს ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

5 წლის წინ სხვა
20 წთ
შეგახსენებთ რომ 10 მარტს, ოსაკაში სტარტს აიღებს წლის რიგით მეორე - ჰარუ ბაშო. ამასთან დაკავშირებით Live.ge გთავაზობთ სუმოს ტერმინთა განმარტებით ლექსიკონს, სადაც მოცემულია სუმოს ძირითადი ტერმინები, ეს ყველაფერი ჩვენს მაყურებელს კიდევ უფრო გაუადვილებს რეპორტაჟის კომფორტულად ხილვას და სხვადასხვა ეპიზოდებში გარკვევას.  
აგარი ძაშიკი - შემაღლებული ადგილი სტუმრებისა და ოიაკატასთვის ჰეიას საწვრთნელ არეალში
აკებონო - აკებონო ტარო (ჩად როუენი) – 64-ე იოკოძუნა. 220-230 კილოს იწონიდა და თანამედროვეობის ნამდვილი გიგანტი იყო. აკებონო იაპონიის გარეთ დაბადებული პირველი რიკიშია, რომელმაც უმაღლეს წოდებას მიაღწია (1993 წელი). არამხოლოდ 11 ბაშოზე გამარჯვებისა და სანახაობრივი სუმოს გამო, მას „დიდ იოკოძუნას“ უწოდებდნენ - აკებონო მეტოქეს დოჰიოს გარეთ ბულდოზერივით აგდებდა. 1998 წლის ნაგანოს ოლიმპიური თამაშების გახსნაზე იოკოძუნების სპეციალური დოჰიო-ირი (მისალმების ცერემონიალი) შეასრულა. მისი კარიერა 2001 წლის იანვარში მუხლის ტრავმის გამო დასრულდა. მის უდიდეს მეტოქედ იოკოძუნა ტაკანოჰანა ითვლებოდა
აკენი - სპეციალური ჩემოდანი, სადაც სეკიტორი საკუთარ ნივთებს ინახავს
აკი - ანუ ფოთოლცვენა. აკი ბაშო 6-დან ერთ-ერთს სექტემბრის ბაშოს ეწოდება, რომელიც რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლეში ტარდება
ამასუმო - მოყვარულთა სუმო
ანი-დეში - ჰეიას უფროსი მებრძოლები
არაკიდა -  მიწა რომელსაც საიტამას პრეფექტურის მდინარე არაკავას სანაპიროდან იღებენ, მისი მაღალი თიხის შემცველობის გამო ის იდეალურია დოჰიოს ასაშენებლად
ასაშორიუ - ასაშორიუ აკინორი (დოლგუსურენ დაგვადორჟი) – 68-ე იოკოძუნა. ის პროფესიულ სუმოს 1999 წლის იანვარში შეუერთდა და იმ წელს მხოლოდ 3 ოფიციალური ბრძოლა წააგო. 2000 წლის სექტემბერში კი ელიტარულ დივიზიონებში გამოჩნდა. 2003 წლის იანვარში მას იოკოძუნას წოდება მიენიჭა, სულ მის ანგარიშზე მაკუუჩი დივიზიონის 25 ჩემპიონობაა
ბანძუკე - სუმოს ოფიციალური რეიტინგი რომელიც ყოველი ბაშოს წინ ქვეყნდება
ბაშო - ჰონბაშოს შემოკლებული ვერსია რაც ოფიციალურ ტურნირს ნიშნავს. ოფიციალურ ბაშოებს შორის რიკიშები იაპონიაში, ზოგჯერ კი მსოფლიოში მოგზაურობენ და ჯუნგიოში იღებენ მონაწილეობას
ბეია - იხილეთ ჰეია
ბინცუკე - ცვილი, რომელიც რიკიშების ვარცხნილობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება. დამზადებულია სოიოს ექსტრაქტზე
ბუცუგარო-გეიკო - სუმოს ვარჯიშის სახეობა - როდესაც რიკიში სწრაფად მიემართება მეტოქისკენ და მძლავრი მიწოლით ცდილობს მის ტავარას მიღმა გაყვანას
გაიჯინ რიკიში - რიკიში, რომელიც დაიბადა იაპონიის გარეთ
გინბოში - მაეგაშირას მიერ ოძეკის დამარცხება
გინო-შო - პრიზი ტექნიკური სუმოისტისთვის. ეს პრიზი სამიდან ერთერთია რომლითაც რიკიშები ბაშოს ბოლოს ჯილდოვდებიან.
გიოჯი - სუმოს მსაჯი
გუნბაი - ხის დაფა, რომელიც გიოჯის უჭირავს და ფოჩებით არის შემკული
დაიგაპეი - რეგიონალური ტურები რომელშიც მონაწილეობენ რიკიშები ჯონიდანის ან უფრო მაღალი დივიზიონებიდან
დანპაცუ-შიკი - დღე როდესაც ელიტარული დივიზიონის წარმომადგენელი რიკიში ასრულებს კარიერას და ხდება მისი თმის შეჭრის ცერემონია
დეგეიკო - რიკიშების სპეციალური ვარჯიში ჰეიაში, როდესაც ისინი მეტოქის ტექნიკას ეცნობიან
დეში - ანუ მოსწავლე, ჰეიას წევრი, რომელიც  კლუბის მთავარ მწვრთნელთან ვარჯიშობს
დოჰიო - სუმოს საშეჯიბრო წრე
დოჰიო მაცური - შინტოისტური სტილის ცერემონია, რომელიც დოჰიოს საკურთხებლად ყოველი ბაშოს წინ ტარდება.
დოჰიო-ირი - რიკიშების მიერ ჩატარებული მისალმების ცერემონიალი
ებოში - სპეციალური ქუდი რომელიც გიოჯის ახურავს
ვაკანოჰანა - მაკუუჩის 5-გზის ჩემპიონი 66-ე იოკოძუნა (65-ე იოკოძუნა გახლდათ მისი ძმა ტაკანოჰანა)
იაგურა - 14-მეტრიანი კოშკი სუმოს არენის წინ, საიდანაც იობიდაში ამცნობდა მაყურებელს ბაშოს დაწყებასა და დასრულებას
იაკატა - შინტოისტური სტილის სახურავი რომელიც განლაგებულია დოჰიოს თავზე
იასუმი - აღნიშვნა რომელიც გაკეთებულია მოგება-წაგების გრაფაში იმ რიკიშის გასწვრივ რომელიც ტოვებს კონკრეტულ დღეს არ გამოდის ძირითადად ტრავმის გამო
ინტაი-ზუმო - ერთდღიანი საგამოფენო ტურნირი ტოკიოში, რომელიც ელიტარული რიკიშის კარიერის დასრულებას ეძღვნება
იობიდაში - ადამიანი, რომელიც აცხადებს რიკიშების სახელებს, ასევე გამოაქვს კენშო ბანერი (სასპონსორო ბანერები) და ასუფთავებს დოჰიოს ბრძოლებს შორის
იოკოძუნა - სუმოს უმაღლესი წოდება, რომელიც 1909 წლიდან ენიჭებათ. ითარგმნება, როგორც დიდი ჩემპიონი
იოკოძუნა შინგი-იკაი - საბჭო, რომელიც იოკოძუნობის პრეტენდენტებს განსაზღვრავს
იოცუსუმო - ტექნიკათა ერთობლიობა, რომელიც გულისხმობს მოწინააღმდეგის დამარცხებას მისი მავაშის გამოყენებით
ისუ - გულშემატკივრის ადგილები აივანზე სუმოს დარბაზში
იუმიტორი-შიკი -  ცერემონია, როდესაც მშვილდის გამოყენებით ტურნირის საშეჯიბრო დღე იხურება
იუშო - ბაშოს ჩემპიონობა
იჩიმონი -  სუმოს ჰეიების ჯგუფი
იჩომაგე - იხილეთ ოიჩომაგე
კანტო-შო - მებრძოლი სულის პრიზი, სამიდან ერთ-ერთი, რომლითაც რიკიშებს ბაშოს ბოლოს აჯილდოებენ
კანჯინ-სუმო - მე-17 საუკუნის საქველმოქმედო ტურნირები, რომელიც თანამედროვე სუმოშიც იკიდებს ფეხს
კაჩი-კოში - დადებითი ბალანსი ბრძოლებში
კეიკო - საწვრთნელი პროცესები რომელიც ტარდება ჰეიაში  ან ჯუნგიოს დროს
კეკკა - სუმოს შეხვედრის შედეგი
კენშო - საპრიზო თანხა რომლითაც სპონსორები ცალკეული ბრძოლების გამარჯვებულებს აჯილდოებენ
კეშო-მავაში - მძიმე ნაქარგი წინსაფარი, რომელიც რიკიშებს დოჰოიზე მისალმების ცერემონიისას აცვიათ
კიმარიტე - სუმოს მიერ აღიარებულია 82 კიმარიტე, ანუ ხერხი, რითიც რიკიშს ბრძოლის მოგება შეუძლია. 2001 წლამდე აღიარებული იყო 70 კიმარიტე.
კინბოში - ანუ ოქროს ვარსკვლავი, მაეგაშირას მიერ იოკოძუნას დამარცხება
კინჯიტე - არასპორტული საქციელი სუმოში
კიუჯო - დაშავებული რიკიშის იძულებითი არყოფნა ბაშოზე. კიუჯოს გამო რიკიშმა შესაძლოა ტურნირის გარკვეული ნაწილი ან რამდენიმე ტურნირიც კი გამოტოვოს
კოენ-კაი - გულშემატკივართა გაერთიანება, რომელიც კონკრეტულ ჰეიას უჭერს მხარს. კოენ-კაი შესაძლებელია კონკრეტულ რიკიშსაც ჰყავდეს
კოკუგი - ეროვნული სპორტი, იხმარება სუმოს აღსანიშნავად
კოკუგიკანი - სუმოს არენა ტოკიოს რიოგოკუს უბანში
კომუსუბი - სანიაკუს ოჯახის ყველაზე დაბალი რანგი, მაეგაშირაზე მაღალი წოდების მქონე რიკიში
კურობოში - ანუ შავი ვარსკვლავი, მითითება რიკიშის მარცხზე თითოეული დღის მოგება-წაგებათა ცხრილში
მაგე - ვარცხნილობა შეკრული თმით, პოპულარული იყო ედოს პერიოდში (1600 – 1867 წლები)
მაეგაშირა - მაკუუჩი დივიზიონის წევრი, რომელსაც აქვს ხელფასი მაგრამ არ არის სანიაკუს ოჯახის წევრი
მაეზუმო - დამწყები რიკიშები
მავაში - ქამარი რომელიც კეთდება აბრეშუმისგან ან ბამბასგან. მავაში რიკიშს ბრძოლისას აცვია
მაკე-კოში - მოგება-წაგებათა უარყოფითი ბალანსი ბაშოზე
მაკუუჩი - სუმოს უმაღლესი დივიზიონი
მაკუუჩი დოჰიო - ირი - მისალმების ცერემონიალი რომელიც ტარდება მაკუუჩი დივიზიონის რიკშთა მიერ.
მაკუშიტა - რანგით მესამე დივიზიონი
მაკუშიტა ცუკედაში - მაკუშიტას დაბალი რანგი, რომლის მატარებელ რიკიშებს სპეციალურ დებულებას უდგენენ, რათა მათ პროფესიულ სუმოში შეაბიჯონ
მასუ-სეკი - ოთხკუთხედის ფორმის დასაჯდომები კოკუგიკანის იატაკზე. თითოეული ასეთი დასაჯდომი 4 ადამიანს იტევს
მატა - ბრძოლის ნაადრევად ან არასწორად დაწყება
მატავარი - სპეციალური გასახურებელი ვარჯიში. ძირს მჯდომი რიკიში ფეხებს შლის განზე და ცდილობს მკერდი მიიტანოს იატაკთან
მიზუჰიკი-მაკუ - ფარდა, რომელიც დაშვებულია შინტოისტური სტილის სახურავიდან და განლაგებულია დოჰიოს თავზე. მასზე სუმოს ასოციაციის სიმბოლოა გამოსახული
მიოსეკი - სუმოს მამების 105 შესაძლო სახელი. ერთერთი მათგანი ელიტარულმა რიკიშმა კარიერის დასრულებისას უნდა ითხოვოს ან იყიდოს, თუ მას სუმოს სამყაროში დარჩენა სურს
მონოი - დამხმარე მსაჯთა, შიმპანთა კრება, რომელიც შესაძლოა შეიკრიბოს გიოჯის გადაწყვეტილების გადასახედად
მუსაშიმარუ - მუსაშიმარუ კოიო - ფიამალუ პენიტანი - 67-ე იოკოძუნა. სამოაში დაბადებული და ჰავაიზე გაზრდილი დიდი ჩემპიონი. მეორე იოკოძუნა, რომელიც იაპონიის ფარგლებს გარეთ დაიბადა. მაკუუჩი დივიზიონის 12-გზის ჩემპიონი
ნაგევაზა - ტექნიკა, რომელიც გდებების რამდენიმე ვარიანტს მოიცავს
ნაკაბი - ბაშოს მერვე დღე ანუ შუაწელი
ნიში - რეიტინგის მარცხენა მხარეს ანუ დასავლეთში განთესილი რიკიში
ნიჰონ სუმო კიოკაი - იაპონიის სუმოს ასოციაცია, პროფესიული სუმოს მმართველი ორგანო
ოიაკატა - სუმოს მმართველი საბჭოს წევრი. გადამდგარი რიკიში, რომელმაც ერთხელ მაინც მიაღწია მაკუუჩი დივიზიონს ან ჩაატარა 25 ბაშო ჯურიოში (ან 20 ზედიზედ). ოიაკატას ატარებს მეტსახელ და არის იაპონიის მოქალაქე. ამასთან, ოაკატას აქვს საკუთარი სკოლა ან არის მწვრთნელი სხვის სკოლაში.
ოიჩომაგე - სპეციალური ვარცხნილობა, რომლებიც სეკიტორებს მხოლოდ ტურნირებისა და ღონისძიებების დროს აქვთ, განასახიერებს გინკგოს ფოთოლს
ოძეკი - რიგით მეორე წოდება სუმოს სამყაროში იოკოძუნას შემდეგ
რენგო-გეიკო - დიდი მასშტაბის საწვრთნელი შეკრებები სადაც იჩიმონის რამოდენიმე ჰეია მონაწილეობს
რენპაი - წაგებების სერია
რენშო - მოგებების სერია. ყველაზე დიდი რენშო გააჩნია ლეგენდარულ იოკოძუნა ფუტაბაიამას, რომელსაც ზედიზედ 69 ბრძოლა აქვს მოგებული, მას მოჰყვებიან იოკოძუნები ჰაკუჰო და ტანიკაძე (63 ბრძოლა)
რიკიში - ითარგმნება როგორც „ძლიერი კაცი“. გამოიყენება როგორც სუმოს მოჭიდავეების აღმნიშვნელი ტერმინი
რიჯიჩო - სუმოს ასოციაციის პრეზიდენტი.
სანდანმე - რიგით მეოთხე დივიზიონი
სანიაკუ - სამი უმაღლესი წოდების მქონე რიკიშები (კომუსუბი, სეკივაკე, ოძეკი) ტექნიკურად იოკოძუნა საპატიო ტიტულია და ამიტომაც იგი წოდებად არ მოიხსენიება
სანშო - დამატებითი სამი პრიზი, რითიც რიკიშები ბაშოს დასრულების შემდეგ ჯილდოვდებიან
საშიჩიგაი - მოვლენა, როდესაც შიმპანები მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებას ცვლიან, და მის მიერ დამარცხებულად გამოცხადებულ რიკიშს გამარჯვებულად აღიარებენ
სეკივაკე - მესამე წოდება სუმოში (ოძეკისა და კომუსუბის შორის)
სეკიტორი - ჯურიოს ან მაკუუჩის წევრი, რომელიც ანაზღაურებას იღებს
სენშურაკუ - ტურნირის ბოლო დღე
სუმაი ნო სეჩი-ე - სუმოს გრანდიოზული ფესტივალები რომელიც მე-8 საუკუნემდე საიმპერატორო სასახლეში ტარდებოდა.
სუნა-კაბური - ერთადგილიანი დასაჯდომები დოჰიოსთან, ოფიციალურ ტურნირებზე
ტავარა -  დაწნული ლერწამი, რომელიც ამოწეულია დოჰოიდან და ქმნის წრეს დოჰიოზე. ტავარას მიღმა ფეხის გადადგმა მარცხს ნიშნავს
ტაიკო - ტრადიციული დასარტყამი საკრავი, რომლითაც იობიდაში მაყურებელს ბაშოს დაწყებასა და დასრულებას ამცნობს
ტაიჰო - ტაიჰო კოკი. 48-ე იოკოძუნა, მაკუუჩი დივიზიონის 32-გზის გამარჯვებული. მას ამ მაჩვენებლით მხოლოდ იოკოძუნა ჰაკუჰო უსწრებს (41 ბაშო 2019 წლის თებერვლის მონაცემებით)
ტაკანოჰანა - 65-ე იოკოძუნა, ბაშოს 22-გზის ჩემპიონი
ტატე გიოჯი - უფროსი მსაჯები, რომელთაა რაოდენობა ორითაა განსაზღვრული. მათ სპეციალური სახელებიც აქვთ - კიმურა შონოსუკე და შიკიმორი ინოსუკე. მიუხედავად იმისა რომ ისინი ყოფილი რიკიშები არ არიან, სუმოს ასოციაციაში (სუმოს მამებში) გასაწევრიანებლად, მათთვის სპეციალური ცერემონია ტარდება
ტაჩი-აი - რიკიშების საწყისი ჯახი ბრძოლის დაწყებისას
ტაჩიმოჩი - ხმლის მატარებელი, იოკოძუნას დოჰიო ირის მონაწილე
ტაჩი-სეკი - დასადგომი ბილეთები სუმოს ტურნირზე
ტენნო-ჰაი - იმპერატორის თასი. გაკეთებულია ვერცხლისგან და მასზე დამაგრებულ თეფშზე ამოტვიფრულია მისი ყველა მფლობელი. ეს თასი პირველად 1926 წელს იოკოძუნა ცუნენოჰანას გადაეცა. თასი ყოველი ტურნირის წინ სუმოს ასოციაციას უბრუნდება, მის მფლობელს კი პატარა ასლი რჩება. ·      სიმაღლე - 96.5 სმ. ·      დიამეტრი - 30.5 სმ. ·      წონა - 21 კგ. ·      ტევადობა - 30 ლიტრი
ტეპპო - ტექნიკის გასაუმჯობესებელი ვარჯიშის სახეობა სუმოში
ტეუჩი-შიკი - ახალი რიკიშების მისასალმებელი ცერემონია, ტარდება ბაშოს ბოლო დღეს. ისინი, ვინც სუმოში გამოსვლა წინა ბაშოს შემდეგ დაიწყეს, დოჰიოზე წრეს კრავენ, მსაჯებს კი მათთვის ჭიქით საკე მოაქვთ
ტოკეი-გაკარი - დროის მაკონტროლებელი. ერთ-ერთი მსაჯი, რომელიც ანიშნებს გიოჯის თუ როდის უნდა დასრულდეს რიტუალები და დაიწყოს ბრძოლა
ტოკოიამა - სუმოს დალაქი. ეს ადამიანები დაახლოებით 10 წლის მანძილზე იწვრთნებიან, რათა შემდეგ ელიტარულ რიკიშებს ვარცხნილობა გაუკეთონ
ტოკუდავარა - შეწეული ადგილები ტავარაზე, სადაც ფეხის გადგმა არ ნიშნავს მარცხს მიუხედავად იმისა რომ ამ დროს ფეხი წრის გარეთაა
ტორიკუმი - სუმოს ბრძოლა
ტორიკუმი-ჰიო - მომავალი ბრძოლების ანონსი
ტორინაოში - განმეორებითი ბრძოლა, როდესაც ბრძოლის გამარჯვებულის დადგენა შეუძლებელია. ტორინაოში ინიშნება მონოის მიერ
ტოშიორი - ოიაკატას მეორენაირი წოდება
უნრიუ-გატა - იოკოძუნას დოჰიო ირის ორიდან ერთ-ერთი სახეობა
უჩიაგე - წვეულება ,რომელსაც თითოეული ჰეია ტურნირის ბოლო დღეს მასპინძლობს
ფუმიდავარა - დამატებითი ტავარა, რომელიც განლაგებულია დოჰიოს კუთხეში და გამოიყენება, როგორც მასზე ასასვლელი ერთ-ერთი საფეხური
ფუსა - გრძელი ფოჩები, რომელიც სახურავიდან დოჰიომდეა დაშვებულია
ფუსენი - ბრძოლის გარეშე (ტრავმის ან სხვა მიზეზის გამო) დაფიქსირებული შედეგი (მოგება ან წაგება) ტურნირის დროს
ფუსენშო - მეტოქის გამოუცხადებლობით დაფიქსირებული გამარჯვება
ფუსენჰაი - შეხვედრაზე არგამოცხადების გამო დაფიქსირებული მარცხი
ფუტაბაიამა - ფუტაბაიამა სადაჯი. 35-ე იოკოძუნა, მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის  უძლიერესი რიკიში, რომელმაც 1945 წლის ნოემბრამდე (კარიერას დაასრულებამდე) 12 ტიტული მოიგო. იოკოძუნას სტატუსით მან ბრძოლების 88.2% წარმატებით დაასრულა.
შიკირი - ბრძოლისწინა სარიტუალო ცერემონია
შიკირი-სენ - ორი თეთრი ხაზი დოჰიოზე რომელიც განკუთვნილია რიკიშის საწყისი პოზიციის მოსანიშნად ტაჩიაიმდე
შიკო - სპეციალური ვარჯიში, რომლის დროსაც რიკიშები ცალ ფეხს სწევენ მაქსიმალურად მაღლა ბალანსის გასაუმჯობესებლად და ფეხების გასაძლიერებლად
შიკონა - სპეციალური საბრძოლო სახელი რომელიც ეძლევა რიკიშს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წარმატებების შემდეგ, შესაძლებელია სახელის შეცვლა
შიმეკომი - აბრეშუმის მავაში რომელიც ელიტარულ რიკიშს ტურნირებზე აცვია
შინ-დეში  - ჰეიას ახალი წევრები
შინ-დეში კენსა - ფიზიკური გამოცდა, რომელსაც ახალგაზრდა რიკიშები პირველ ტურნირამდე აბარებენ
შინპან ბუჩო - მთავარი დამხმარე მსაჯი
შინპან ფუკუბუჩო - მთავარი დამხმარე მსაჯის მოადგილე
შინპანი - სუმოს დამხმარე მსაჯი
შირანუი-გატა - იოკოძუნას დოჰიო ირის ცერემონიალის ორიდან ერთ-ერთი სახეობა
შირობოში - ითარგმნება როგორც თეთრი ვარსკვლავი. შეხვედრების განრიგში რიკიშის მოგების აღმნიშვნელი სიმბოლო. დღესდღეობით გამოიყენება თეთრი წრე
შიტაკუ-ბეია - გასახდელი სუმოს ტურნირის მსვლელობისას რომელიც შენობაშია განლაგებული
შიშო - ოიაკატა, რომელიც ჰეიას ფლობს
შოზოკუ - გიოჯის შესამოსელი, რომელიც ჰეიანის პერიოდიდან მოდის
შოკკირი - კომიკური წარმოდგენა, რომელსაც დაბალი რანგის რიკიშები ჯუნგიოს მსვლელობისას ასრულებენ
შუკუნ-შო - სამიდან ერთ-ერთი პრიზი განსაკუთრებული ასპარეზობისთვის, რომლითაც რიკიშები ბაშოს დასრულების შემდეგ ჯილდოვდებიან
შუსეი ჰირო - ცერემონია, რომელიც ბაშოს რიგით მე-8 დღეს ტარდება, ამ დროს ყოველ ახალ მონაწილეს სახელით წარადგენენ.
ჩაია - ჩაის სახლები, რომელიც განლაგებულია სუმოს დარბაზების შიდა ტერიტორიაზე. ამ ადგილას ბაშოს ბილეთების ყიდვაც შეიძლებ
ჩანკო-ნაბე -  რიკიშების სპეციალური საკვები, რომელიც შედგება ბოსტნეულისგან, ზღვის პროდუქტებისგან და ხორცისგან. ჩანკო მდიდარია პროტეინით და უზრუნველყოფს წონის სწრაფ მატებას
ჩიკარა გამი - სიძლიერის პირსახოცი. ამ პირსახოცით რიკიშები ბრძოლის დაწყების წინ სახეს იწმენდენ
ჩიკარა მიზუ - სიძლიერის წყალი: წყალი, რომელსაც რიკიშები ბრძოლის დაწყების წინ ივლებენ
ჩიონოფუჯი - ჩიონოფუჯი მიცუგუ. 58-ე იოკოძუნა. ზედმეტსახელად „მგელი“.  თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი უძლიერესი იოკოძუნა. იგი დიდი ჩემპიონის სტატუსს 10 წლისა და 59 ბაშოს  მანძილზე ატარებდა სანამ 1991 წელს კარიერა არ დაასრულა
ჩონმაგე - რიკიშის ტრადიციული ვარცხნილობა
ცუიუჰარაი - იოკოძუნას დოჰიო ირისორიდან ერთ-ერთი მონაწილე
ცუკებიტო - ახალგაზრდა, დაბალი რანგის რიკიშები ხშირად ემსახურებიან ელიტარულ სეკიტორებს ან მსაჯებს, ჯურიოსა და მაკუუჩიში და მათი ფუნქცია სუმოისტების დამხმარებას წარმოადგენს
ცუკიოში - ტექნიკა, რომელშიც ჩართულია ხელის მძლავრი კვრა
ცუნა - თეთრი ქამარი, რომელიც იოკოძუნას დოჰიო ირის დროს მოსავს
ცუნა-უჩი - ცერემონია, როდესაც ახალი იოკოძუნას პირველი თეთრი ქამარი მზადდება
ძენშო-იუშო - ბაშოს წაუგებლად მოგება
ჯონიდანი - რიგით მეხუთე დივიზიონი სუმოს სამყაროში
ჯონოკუჩი - რიგით  ბოლო დივიზიონი პროფესიულ სუმოში
ჯუნგიო - რეგიონალური ტურები, რომლის დროსაც საგამოფენო მატჩები იმართება
ჯუნ-იუშო - ტურნირის ვიცე-ჩემპიონის წოდება
ჯურიო - რიგით მეორე დივიზიონი
ჯურიო-კაკუ -  მსაჯის დაწინაურება ჯურიოს დივიზიონში
ჰანაზუმო - სპეციალური საგამოფენო ტურნირები, რომლებიც ფინანსდება სატელევიზიო კომპანიების მიერ და ტარდება იანვარში, მაისსა და სექტემბერში. ჰანაზუმოს სახეობაა ინტაი-ზუმო, რომელიც ელიტარული რიკიშის კარიერის დასრულების აღსანიშნავად ტარდება
ჰარიდაში - სანიაკუს (პირველი ოთხი წოდების მქონე რიკიშები) დამატებითი რიკიში. ოფიციალურად, სანიაკუს თითოეულ წოდებას შეუძლია მხოლოდ 2 რიკიში ჰყავდეს, თუმცა ხშირადაა შემთხვევა, როდესაც წოდებაში დამატებით 2 ან 3 რიკიშია
ჰეია - შესაძლებელია ბეიას გამოყენებაც. კლუბი, ადგილი სადაც რიკიშები მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობენ და ვარჯიშობენ
ჰეიაგაშირა - ჰეიას ყველაზე მაღალი წოდების მატარებელი რიკიში
ჰიგაში - ბანძუკეს მარჯვენა მხარე, სადაც აღმოსავლეთის რიკიშები არიან წარმოდგენილები. ეს მხარე უფრო პრესტიჟულად ითვლება, ვიდრე დასავლეთის მხარე
ჰიოშიგი - ხის ჯოხები, რომლითაც იობიდაში რიკიშებს საფინალო ბრძოლისკენ მოუწოდებს
ჰონბაშო - სუმოს ოფიციალური ტურნირი 6 დივიზიონისთვის. მაკუუჩისა და ჯურიოს მებრძოლები 15  ბრძოლას ატარებენ, ხოლო 4 სხვა დივიზიონის წევრები 7 ბრძოლას მართავენ. წელიწადში იმართება 6 ბაშო: ·      ჰაცუ ბაშო - იანვარი - ტოკიო - რიოგოკუ კოკუგიკანი ·      ჰარუ ბაშო - მარტი - ოსაკა - ოსაკას გიმნაზიუმ ·      ნაცუ ბაშო - მაისი - ტოკიო - რიოგოკუ კოკუგიკანი ·      ნაგოია ბაშო - ივლისი - ნაგოია - აიჩის პრეფექტურული გიმნაზიუმი ·      აკი ბაშო - სექტემბერი - ტოკიო - რიოგოკუ კოკუგიკანი ·      კიუშუ ბაშო - ნოემბერი - ფუკუოკა - ფუკუოკას საერთაშორისო ცენტრი

სხვა სტატიები