Belive

ტაკანობორი - გაფუჭებული ველოსიპედით, სუმოში მოხვედრილი ადამიანი

4 წლის წინ სხვა
2 წთ
ტაკანობარი მსოფლიოში ერთადერთი რიკიშია, რომელმაც სუმოს სამყაროში ველოსიპედის ტურნირის მოგების შედეგად შეაბიჯა. 1926 წელს, 18 წლის ვატარუ იოშიკავა ტურნირში იღებდა მონაწილეობას და რბოლასაც ლიდერობდა. მოულოდნელად, ველოსიპედს პედალი გაუფუჭდა. იოშიკავამ სწრაფი, თუმცა არცთუ მარტივად შესასრულებელი გადაწყვეტილება მიიღო - ველოსიპედი ხელში აიტაცა და ფინიშის ხაზამდე ფეხით ირბინა. მოგეხსენებათ, 1926 წელს სარბოლო ველოსიპედები გაცილებით მძიმე იყო, ვიდრე დღეს. ამ ამბავმა ოიაკატა ტაკასაგოს ყურამდე მიაღწია. მომდევნო წელს, ვატარუ იოშიკავამ უკვე პროფესიონალურ სუმოში შეაბიჯა ფეხი. ტაკანობორის სახელით მოასპარეზე იოშიკავამ, ზედიზედ 17 ტურნირში შეძლო დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირება და მაკუუჩი დივიზიონის წევრიც გახდა.
1931 წელს, ტაკანობორი მე-15 მაეგაშირას სახელით ასპარეზობდა, თუმცა 1932 წლის იანვრის ბაშოზე, კომოსუბი ტენრიუმ და სხვა რიკიშებმა, სუმოში დაბალი ანაზღაურება გააპროტესტეს. შედეგად, რიკიშების დიდმა ნაწილმა კარიერა დაასრულა, სხვებს კი სუმოში ასპარეზობა აეკრძალათ. ტაკანობორი მათ შორის არ ყოფილა - მაკუუჩი დივიზიონში მაღალ საფეხურებზე მდგომი რიკიშების სიმწირის გამო, მას ავტომატურად კომოსუბის ტიტული მიენიჭა. ტაკანობორის მთავარი იარაღი მისი ფიზიკური სიმძლავრე გახლდათ - ის მეტოქის მავაშზე ჩავლებას იოლად იღებდა და შესანიშნავი შედეგების ფონზე, მას ოძეკის ან იოკოძინას მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ. 1934 წელს, კუჭის წყლულის გამო, ტაკანობორის იანვრის ბაშოს გამოტოვება მოუწია. ამას, თან დაერთო მუხლის მძიმე ტრავმა, რომელმაც მის იმედებს წერტილი დაუსვა - დაზიანებული მუხლის ფონზე, ცხადი იყო, რომ ტაკანობორი სუმოს მწვერვალზე ვერასოდეს ავიდოდა. კარიერის დასრულების შემდეგ, ტაკანობორი ოიაკატა ოიამა გახდა. II მსოფლიო ომის დროს, ტოკიოს დაბომბვას მისი მეუღლე, შვილი და მის ხელში გაზრდილი ორი რიკიში შეეწირნენ. უმძიმესი ფსიქოლოგიური დარტყმის მიუხედავად, ტაკანობორიმ საქმიანობა განაგრძო და სუმოს სამყაროს ოძეკი მაცუნობორი შესძინა, მოგვიანებით კი სუმოს კომენტატორიც გახდა - ამ საქმიანობითა და ხმის გამორჩეული ტემბრის წყალობით, ტაკანობორიმ იაპონიაში დიდი პოპულარობა მოიპოვა.