Belive

თებერვალში ფეხბურთის მოყვარულებს საფეხბურთო სპექტაკლები ელით

5 წლის წინ სხვა
6 წთ
2019 წლის თებერვალი საფეხბურთო სამყაროსთვის მნიშვნელოვანი თვეა. გულშემატკივარი არაერთი საოცარი დაპირისპირების მოლოდინშია. გარდა ქვეყნის ჩემპიონატებისა და თასებისა, სტარტს აიღებს UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი.

"მანჩესტერ სიტი" : "არსენალი"  (3 თებერვალი, პრემიერლიგა)

3 თებერვალს, ანუ დღეს, ინგლისის "პრემიერლიგის" 25-ე ტურში ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. 20 საათსა და 30 წუთზე "მანჩესტერ სიტი" ლონდონის "არსენალს" უმასპინძლებს. მანჩესტერელებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი იბრძოლონ ჩემპიონობისთვის, რადგან ლიდერ "ლივერპულთან" სხვაობა მხოლოდ 5 ქულაა. რაც შეეხება "არსენალს", "მეთოფეები" 47 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფებიან.

"ბარსელონა" : "რეალი"  (6 თებერვალი, ესპანეთის სამეფო თასი)

ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში ერთმანეთს "ბარსელონა" და "რეალი" ხვდებიან. "ელ კლასიკო" 6 თებერვალს, ღამის 12 საათზე დაიწყება. პირველი მატჩი "ნოუ კამპზე" გაიმართება. ნახევარფინალამდე, მეოთხედფინალში "ბარსელონამ" ასპარეზობიდან "სევილია" გამოთიშა. ორი მატჩის ჯამში 6:3 მოუგო. რაც შეეხება "რეალს", გუნდმა "ჟირონა" დაამარცხა ორი მატჩის ჯამში 7:3.

"მანჩესტერ სიტი" : "ჩელსი" (10 თებერვალი, პრემიერლიგა)

"პრემიერლიგის" 26-ე ტურის ცენტრალური და გამორჩეული მატჩი 10 თებერვალს გაიმართება. "მანჩესტერ სიტი" ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზეა ჩანიშნული. იმ დროისთვის სატურნირო ცხრილი როგორი იქნება ჯერ არ ვიცით, თუმცა დაძაბულობა რომ კვლავ პიკს მიაღწევს ეს ფაქტია. ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს მე-16 ტურში, ლონდონში შეხვდნენ და "ჩელსიმ" "სიტი" 2:0 დაამარცხა. ასე რომ, მანჩესტერელებისგან რევანშსს უნდა ველოდოთ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" : "პსჟ" (12 თებერვალი, ჩემპიონთა ლიგა)

თებერვლის დადგომა ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ჩემპიონთა ლიგის მოახლოვებას ნიშნავს. გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია და ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირის მერვედფინალური ეტაპი 12 თებერვალს იწყება. ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და დაძაბული მატჩების მოლოდინში ვართ, თუმცა გამორჩეული მაინც "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "პარი სენ-ჟერმენის" წყვილია. 12 თებერვალს, ღამის 12 საათზე "ოლდ ტრაფორდზე" ეს ორი გრანდი ერთმანეთს დაუპირისპირდება. უკვე ვიცით, რომ "პსჟ" დიდი დანაკლისით ითამაშებს. გუნდს მთავარი ლიდერი, ნეიმარი ტრავმის გამო არ წყოლება.

"ტოტენჰემი" : "დორტმუნდი" (13 თებერვალი, ჩემპიონთა ლიგა)

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე არაერთი საინტერესო მატჩია. ერთ-ერთი ასეთი კი "ტოტენჰემისა" და "დორტმუნდის" დაპირისპირებაა. ორივე გუნდი კარგ ფორმაშია და 13 თებერვალს, ღამის 12 საათზე ერთმანეთს დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა ლონდონში გაიმართება. ჯგუფური ეტაპი "ტოტენჰემმა" მეორე ადგილზე დაასრულა, "დორტმუნდმა" კი ძალიან დამაჯერებლად მოიგო.

"ჩელსი" : "მანჩესტერ იუნაიტედი" (18 თებერვალი, ინგლისის ასოციაციის თასი)

ინგლისის ასოციაციის თასის მერვედფინალურ ეტაპზე გამორჩეული შეხვედრა "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირებაა. 18 თებერვალს, 23 საათსა და 30 წუთზე ეს ორი გრანდი მეოთხედფინალის საგზურისთვის იბრძოლებს. 1/16 ფინალში "ჩელსიმ" ასპარეზობიდან "შეფილდი" გამოთიშა, ხოლო "წითელმა ეშმაკებმა" "არსენალი" დაამარცხეს. ასე რომ, 18 თებერვალს დიდი მატჩი გველის.

"ლივერპული" : "ბაიერნი" (19 თებერვალი, ჩემპიონთა ლიგა)

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე კიდევ ერთი წყვილი, რომელიც გულშემატკივრის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს "ლივერპულისა" და "ბაიერნის" დაპირისპირებაა. "ლივერპული" ტურნირის ვიცე-ჩემპიონია, ხოლო მიმდინარე "პრემიერლიგის" ლიდერი. რაც შეეხება ბაიერნს, გუნდი ბოლომდე დამაჯერებელი ვერ არის, თუმცა მსოფლიო ფეხბურთის გრანდია და მისი ჩამოწერა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. პირველი შეხვედრა 19 თებერვალს, ღამის 12 საათზე "ენფილდზე" დაიწყება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" : "ლივერპული" (24 თებერვალი, პრემიერლიგა)

ინგლისის "პრემიერლიგის" 27-ე ტურში ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. იქამდე ჯერ კიდევ ზუსტად 3 კვირაა, თუმცა ამ გუნდების დაპირისპირება ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ამ წუთისთვის "მერსესაიდელები" სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე არიან. "მანჩესტერ იუნაიტედი" კი მე-6 პოზიციას იკავებს, თუმცა გუნდი ფორმაში შევიდა, ახალმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა ცვლილებები შეიტანა და "წითელი ეშმაკები" დაბრუნდნენ. რა იქნება 24 თებერვალს, ამას დრო გვიჩვენებს.

"მანჩესტერ სიტი" : "ჩელსი" (24 თებერვალი, ინგლისის ლიგის თასის ფინალი)

24 თებერვალს ინგლისის ლიგის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართება. "მანჩესტერ სიტი" "ჩელსის" დაუპირისპირდება. ლონდონელებმა ნახევარფინალში ასპარეზობიდან "ტოტენჰემი" გამოთიშეს. რაც შეეხება "სიტის", გუნდმა "ბარტონს" არასაფეხბურთო ანგარიშით სძლია. ორი მატჩის ჯამში მეტოქე 10:0 გაანადგურეს. ფინალური შეხვედრა 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

"ჩელსი" : "ტოტენჰემი (27 თებერვალი, პრემიერლიგა)

ინგლისის "პრემიერლიგის" 28-ე ტურში ლონდონური დერბი გაიმართება. "ჩელსი" "ტოტენჰემს" უმასპინძლებს. მატჩი გამორჩეულია, რადგან "ტოტენჰემი" ამ წუთისთვის მეორე ადგილზეა და ჩემპიონობის შანსი აქვს, ხოლო ჩელსი ოთხეულისთვის იბრძვის. მატჩი ღამის 12 საათზე დაიწყება.

"რეალი" : "ბარსელონა" (27 თებერვალი, ესპანეთის სამეფო თასი)

ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი 27 თებერვალს გაიმართება. ამჯერად უკვე მადრიდის "რეალი" უმასპინძლებს "ბარსელონას". ამ მატჩში გაირკვევა ფინალისტის ვინაობა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირველი შეხვედრა 6 თებერვალს არის ჩანიშნული. 27-ში "ელ კლასიკო" ღამის 12 საათზე გაიმართება.
  როგორც აღვნიშნეთ, თებერვალი სასიამოვნოდ დატვირთულია და გულშემატკივარს ნამდვილი ზეიმი ელის. აღსანიშნავია ისიც, რომ მარტის თვეც საოცრად იწყება. 2 მარტს "პრემიერლიგის 29-ე ტურში "ტოტენჰემი" "არსენალს" მასპინძლობს, ხოლო "ლა ლიგაში" 3 მარტს მადრიდის "რეალი" "ბარსელონას" დაუპირისპირდება.    

სხვა სტატიები