Belive

ტოჩინოშინი: "ვეცდები რომ ჩემი ხალხი, ჩემი გულშემატკივარი და ჩემი საქართველო კიდევ არაერთხელ გავახარო"

5 წლის წინ სხვა
6 წთ
როგორც მოგეხსენებათ ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი იანვარში, ტოკიოში გამართულ ჰაცუ ბაშოს 4 დღის შემდეგ ტრავმის გამო მოეხსნა. ამის გამო ლევან გორგაძე მარტის ჰარუ ბაშოს, რომელიც სტარტს 10 მარტს, ოსაკაში აიღებს, კადობანში ხვდება. ეს კი იმას ნიშნავს რომ ქართველი გოლიათი უარყოფითი ბალანსის შემთხვევაში ჩემპიონის ანუ ოძეკის საპატიო სტატუსს დაკარგავს. როგორ ფორმაში ხვდება მოახლოებულ ტურნირს და რა გეგმები აქვს კარიერის დასრულების შემდეგ, ამ და სხვა საინტერესო თემების შესახებ ტოჩინოშინი Live.ge-ს ესაუბრა.   პირველ რიგში, როგორ მიმდინარეობს ტრავმის რეაბილიტაცია? 1 თვის მანძილზე მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო პროცესი სპეციალური მასაჟებისა და სხივების დახმარებით. სასიხარულოა რომ გუშინ ვარჯიში დავიწყე. ჯერჯერობით ვერ ვჭიდაობ, მაგრამ ფიზიკურ ვარჯიშებს ვასრულებ. მალე დავიწყებ ჭიდაობასაც და ოსაკას ბაშოს მზადყოფნაში შევხვდები. ღმერთის წყალობით, იმედია ყველაფერი კარგად იქნება. თქვენი აზრით, როგორ ფიზიკურ კონდიციაში შეხვდებით ჰარუ ბაშოს? ბაშომდე 1 თვე დარჩა. ცოტა ხნის წინ შევუდექი ვარჯიშს, ჯერჯერობით ვფრთხილობ რადგან არ მინდა ტრავმირებული კუნთი ზედმეტად დავტვირთო. წინა ბაშოზე შეამჩნევდით, დასუსტებული ვიყავი. დაახლოებით 20 კილო მქონდა ტრავმის შემდეგ დაკლებული. ვეცდები რომ ფიზიკურად მოვღონიერდე და 2 კვირაში ჭიდაობაც დავიწყო. ოსაკაში მივდივართ 24 თებერვალს და მანამდე 10 დღით ადრე სრული დატვირთვით ვარჯიშის დაწყებას ვგეგმავ. 1 თვე ბევრი არ არის, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები ყოველი დღე და საათი გამოვიყენო რომ მარტის ბაშოს მზადყოფნაში შევხვდე. რა იქნება თქვენი მიზანი ჰარუ ბაშოზე? ყველამ იცით რომ მარტის ბაშოს კადობანში ვხვდები. მოგეხსენებათ, ამ ბაშოს თუ უარყოფითი ბალანსით დავასრულებ, ოძეკის სტატუსს დავკარგავ. ჩემი მიზანი წოდების შენარჩუნება და დადებითი ბალანსის დაფიქსირებაა. იოკოძუნების გარდა ვის მიიჩნევთ უხერხულ მეტოქედ? - თუ შეიძლება, დაგვისახელეთ კონკრეტული რიკიშების სახელები. როდესაც ფორმაში არ ხარ შენთვის ყველა მეტოქე უხერხულია. იოკოძუნებისა და ოძეკების გარდა, უხერხული მეტოქეები არიან ტაკაკეიშოს, მიტაკეუმისა და იოშიკაძეს მსგავსი პატარა და სწრაფი რიკიშები. მათთან ჭიდაობა მიჭირს. ქართველ მაყურებელს აინტერესებს ვისთან გაკავშირებთ ახლო მეგობრული ურთიერთობა (აოიამას და ტოჩიოძანის გარდა რომლებიც თქვენი თანაგუნდელები არიან) მოგეხსენებათ, მე და გაგა (გაგამარუ, თეიმურაზ ჯუღელი. ავტ.) ბავშობიდან ვმეგობრობთ და უკვე ამდენი წელია, ერთად ვართ და სუმოშიც ვუდგავართ ერთმანეთს მხარში. ასევე როგორც აღნიშნეთ, აოიამასთანაც და ტოჩიოძანთანაც მეგობრობა მაკავშირებს.  ახლო ურთიერთობა მაქვს ამ ბაშოს გამარჯვებულ ტამავაშისთან, ჩვენ ჯურიოში ერთად ავედით 12 წლის წინ, ასევე იოკოძუნა ჰაკუჰოსთან. ასევე გამოვყოფ მიტაკეუმის, რომელიც მეზობელ კლუბში ცხოვრობს და ხშირად ვვარჯიშობთ ერთად. დაახლოებით რა ასაკამდე ფიქრობთ პროფესიონალურ სუმოში რიკიშის სტატუსით მოღვაწეობას? მოგეხსენებათ, სუმოში სპორტული კარიერა წარმატებებსა და ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. ასე რომ, სანამ ძალა და ღონე მექნება ვეცდები რომ რამოდენიმე წელი კიდევ ვიყო, მიუხედავად იმისა რომ 30 წელს ავცდი და მოგეხსენებათ და აღარ ვარ პატარა - 30 წლის შემდეგ სპორტსმენები ვეტერანებად ითვლებიან. თუმცა სანამ შემიძლია, ვეცდები რომ ჩემი ხალხი, ჩემი გულშემატკივარი და ჩემი საქართველო კიდევ არაერთხელ გავახარო და ბოლომდე დავიხარჯო. მაქსიმუმის ამოწურვის შემდეგ დავტოვებ აქტიურ სპორტს. კარიერის დასრულების შემდეგ თუ აპირებთ ამ სპორტის სახეობაში მოღვაწეობას? კარიერის დასრულების შემდეგ ვფიქრობ რომ საქართველოში დავბრუნდები. მე შემიძლია სუმოდან წასვლის შემდეგ კლუბის მწვრთნელი - ოიაკატა გავხდე. ასევე შესაძლებელია ჩემი სტატუსითაც დავრჩე საკუთარ კლუბში და აქ ვიმოღვაწეო. მაგრამ  ჩემი გადაწყვეტილება ასეთია: არ ვაპირებ სუმოს ფედერაციაში დარჩენას და საქართველოში დავბრუნდები. ჰაცუ ბაშოზე წონა მკვეთრად გქონდათ დაკლებული, ამ მხრივ როგორი სიტუაცია იქნება ჰარუ ბაშოზე. კი წონა დაკლებული მქონდა მაგრამ არა იმდენად როგორც მეტყობოდა. ამის მიზეზი ის იყო რომ სათანადოდ ვერ მოვემზადე.  კიდევ ის რომ საჭირო გახდა დიეტა ნოემბრის ბაშოს შემდეგ. ახლა უკვე დავიწყე წონის მატება და ვფიქრობ რომ ჰარუ ბაშოსთვის სტაბილურ წონას დავუბრუნდები. Live.ge-ის კამპანიაზეც (#გაამხნევეტოჩი) რომ გვითხრათ ორიოდ სიტყვა - რას ნიშნავს თქვენთვის ქართველი ხალხის მხარდაჭერა. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ Live.ge-ს და ყველა იმ ადამიანს, სპორტსმენს, პიროვნებას ვინც გამამხნევა და გვერდში დამიდგა. ეს ჩემთვის ნართლაც დიდი სტიმული იყო. თანაც ეს იყო პერიოდი, როდესაც შეჯიბრს გამოვეთიშე და გულდაწყვეტილი ვიყავი. ეს ყველაფერი მომცემს ძალას რომ კიდევ ერთხელ ვასახელო საქართველო და გავახარო ქართველი გულშემატკივარი. დიდ მადლობას გიხდით ამ ყველაფრისთვის! გისურვებთ წარმატებებს!

სხვა სტატიები