Belive

ტოჩინოშინმა იაპონიაში ითამადა

4 წლის წინ სხვა
3 წთ
ტოკიოში არსებულ ორგანიზაცია "გაკუშიკაიკანში" გამოფენის "საქართველო - ღვინის სამშობლო" ოფიციალური დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას 160 სტუმარი ესწრებოდა, რომელთა შორის ქართველი სუმოისტები, ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ), ასევე ელჩები, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები და სხვა ადგილობრივი ორგანიზაციებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები იყვნენ.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა იაპონიაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, არჩილ მაჭავარიანმა, რომელმაც ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებულად გააქტიურებულ თანამშრომლობასა და უკანასკნელი თვეების განმავლობაში შემდგარ კონკრეტულ ღონისძიებებსა და მათ შედეგებზე ისაუბრა, რომელთა შორისაც, ერთ-ერთი უმთავრესი, სწორედ გამოფენა "საქართველო - ღვინის სამშობლო" იყო.
მაჭავარიანის გამოსვლის შემდეგ, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ, სტუმრებს ქართული სუფრის ფენომენიც გააცნო და სუფრის თამადის, ცნობილი ქართველი სუმოისტის, ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) სადღეგრძელო შესვა. ამის შემდეგ, სუფრას ტოჩინოშინი და ასევე იაპონიაში სახელმოხვეჭილი ქართველი სუმოისტი, გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) წარუძღვნენ. ღონისძიებას ესწრებოდა იაპონურ მომღერალთა გუნდი "იამაშიროგუმი", რომელმაც სტუმრებისთვის ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა.
60607091_2207717512644740_494946125611008000_o
დამსწრე საზოგადოებას ასევე ქართული სუფრის წესები გადაეცა, სადაც შემდეგი პუნქტები იყო გაწერილი:
  1. თამადა არის ბოსი, ხელმძღვანელი, სუფრის დიქტატორი (კარგი გაგებით)
  2. პირველ სადღეგრძელოზე თამადას ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებენ. ამის შემდეგ სუფრას მხოლოდ თამადა წაუძღვება
  3. თამადა სუფრის წევრებს სადღეგრძელოს სთავაზობს. სუფრის წევრები ჭიქებს ამავე სადღეგრძელოზე წევენ
  4. არ შეიძლება სადღეგრძელოს თქმა, სანამ ამის უფლებას თამადა არ მოგცემთ
  5. როდესაც თამადა საუბრობს - მას ყველა უსმენს
  6. თამადამ შეიძლება სადღეგრძელოს თქმისას სტუმრებს ფეხზე ადგომა სთხოვოს
  7. ქალბატონებს ჭიქებს მამაკაცები უვსებენ
  8. სუფრა სრულდება მაშინ, როდესაც ამას თამადა ისურვებს
  9. ცუდ ხასიათზე ყოფნა და ღვინის დალევაზე უარი (თუნდაც სულ ცოტა) მკაცრად აკრძალულია
  10. ღვინის დალევა, საკვების მირთმევა, სუფრის წევრებთან კომუნიკაცია (როდესაც თამადა არ საუბრობს) და გართობა აუცილებელია!
  11. თუკი წესებს არ ეთანხმებით, იხილეთ წესი #1

სხვა სტატიები