Belive

ტოკიო 2020, I დღე - 5 ქართველი სპორტსმენიდან მედლისთვის ბრძოლას 2 განაგრძობს

2 წლის წინ სხვა
4 წთ
ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს მონაწილეობა ხუთმა ქართველმა სპორტსმენმა - ნიკოლოზ ბასილაშვილმა (ჩოგბურთი), ლუხუმ ჩხვიმიანმა (ძიუდო), სანდრო ბაზაძემ (ფარიკაობა), ირაკლი რევიშვილმა (ცურვა) და ესკერხან მადიევმა (კრივი), მიიღო. მათგან მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილი და ესკერხან მადიევი განაგრძობენ.

ჩოგბურთი - ნიკოლოზ ბასილაშვილის იოლი გამარჯვება ესპანელ მეტოქესთან

მსოფლიოს 42-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ოლიმპიადა ესპანელ რობერტო კარბალეს ბაენასთან დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს 2 სეტში, ანგარიშით 6:3, 6:2 მოუგო და მეორე რაუნდში გავიდა. ბასილაშვილის მომავალი მოწინააღმდეგე რეიტინგის 26-ე ნომერი, ლორენცო სონეგო იქნება, რომელმაც ტარო დანიელი სამ სეტში, ანგარიშით 4:6, 7:6, 7:6 დაამარცხა. მატჩი ორშაბათს, 26 ივლისს, თბილისის დროით 06:00 საათზეა ჩანიშნული.

ძიუდო - ლუხუმ ჩხვიმიანის მარცხი მომავალ ჩემპიონთან

-60 კილოგრამ წონით კატეგორიაში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა ოლიმპიადა მედლის გარეშე დაასრულა. ქართველმა ძიუდოისტმა პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს აჯობა, თუმცა, მეოთხედფინალში, ოლიმპიადის მომავალ ჩემპიონთან, ნაოჰისა ტაკატოსთან, უმძიმეს დაპირისპირებაში დამარცხდა. წაგების მიუხედავად, ჩხვიმიანმა მედლისთვის ბრძოლა განაგრძო, მაგრამ რეპეშაჟში შეხვედრა კიმ ვონ ჯინთან (სამხრეთ კორეა) დათმო. საბოლოოდ, -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ნაოჰისა ტაკატო გახდა, ვერცხლის მედალი იუნ-ვეი იანგმა (ჩინეთის ტაიპეი) მოიპოვა, ბრინჯაოს მედლებს კი ლუკა მხეიძე (საფრანგეთი) და იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი) დასჯერდნენ.

ფარიკაობა - სანდრო ბაზაძის დასანანი წაგება ოლიმპიურ ჩემპიონთან

დღეს მედლის მოპოვებასთან ძალიან ახლოს იყო ფარიკაობაში მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერი, სანდრო ბაზაძე, რომელმაც ბრინჯაოსთვის შეხვედრა დათმო. ბაზაძემ პირველ სამ ბრძოლაში მოჰაბ სამერს (ეგვიპტე), ზიად ელსისა (ეგვიპტე) და რეიტინგის პირველ ნომერს - ო სან უკის (სამხრეთ კორეა) მოუგო. ქართველი მოფარიკავე ნახევარფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, არონ შილადის დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 13:15 დამარცხდა. უნდა ითქვას, რომ 13:13-ზე მსაჯმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და მეტოქეს საეჭვო ქულა მიანიჭა. ბაზაძემ მესამე ადგილისთვის ბრძოლა რეიტინგის მე-15 ნომერთან, იუნგვან კიმთან (სამხრეთ კორეა) წააგო და ოლიმპიადა უმედლოდ დაასრულა.

კრივი - ესკერხან მადიევმა ,,აზერი მუჰამედ ალი'' დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა საქართველოსთვის მშვენივრად დაიწყო კრივის ტურნირი. ესკერხან მადიევმა პირველ რაუნდში ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე, ლორენსო სოტომაიორი დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მესამე რაუნდში მსაჯმა ბრძოლა სოტომაიორის ტრავმის გამო შეაჩერა, თუმცა, ესკერხანი ისედაც დიდ უპირატესობას ფლობდა. მადიევის მომავალი მეტოქე უგანდელი შადირი ბვოგი იქნება - დაპირისპირება სამშაბათს, 27 ივლისს გაიმართება.

ცურვა - ირაკლი რევიშვილმა შედეგით მხოლოდ 4 მეტოქეს აჯობა

ირაკლი რევიშვილმა 400 მეტრი 3 წუთსა და 57 წამში დაფარა, რაც 36-კაციან რეიტინგში 32-ე შედეგია - ფინალური ეტაპის საგზურისთვის კი საუკეთესო 8-ში მოხვედრა იყო საჭირო. ჰითში ქართველმა სპორტსმენმა იგორ მონესთან (მოზამბიკი), ფილიპ დერკოსკისთან (ჩრდილოეთ მაკედონია) და ედუარდო კისტერნასთან (ჩილე) ერთად გაცურა და ოთხეულში მე-3 ადგილი დაიკავა.

სხვა სტატიები