Belive

ოფიციალურად: ტოკიოს ოლიმპიადა გადაიდო

4 წლის წინ სხვა
2 წთ

იაპონიის პრემიერის, შინძო აბეს განცხადებით, კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადა 1 წლით გადაიდება. შინძო აბეს ოფიციალურ ტვიტერზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შინძო აბემ და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ხელმძღვანელმა, ტომას ბახმა შეთანხმებას მიაღწიეს. მათი გადაწყვეტილებით, ოლიმპიადა არჩატარების ნაცვლად, 1 წლით გადაიდება. "ჩვენ ვთხოვეთ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ, ტომას ბახს, რომ განვიხილოთ ოლიმპიადის 1 წლით გადადება, რათა მივცეთ ათლეტებს საუკეთესო გარემოში ასპარეზობის შესაძლებლობა. ამავდროულად, გავხადოთ ღონისძიება უსაფრთხო და დაცული მაყურებლისთვის. ბახმა თქვა, რომ ის 100%-ით  შეთანხმებაშია," - განაცხადა იაპონიის პრემიერმა, შინძო აბემ.

BBC-ის თანახმად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და იაპონიის მთავრობა ტოკიოს ოლიმპიადის გადადებისა და მასთან დაკავშირებულ თითოეულ მნიშვნელოვან დეტალს აქტიურ რეჟიმში განიხილავს. აღსანიშნავია რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები ბოლო დღეებამდე ხაზგასმით ამტკიცებდნენ, რომ ოლიმპიადის ჩაშლის ან გადადების საფრთხე არ არსებობდა. "ჯერჯერობით ჩემთვის დამატებითი დეტალები ცნობილი არაა, თუმცა ვიცი, რომ ოლიმპიადა წელს არ ჩატარდება," განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრმა, დიკ ფაუნდმა, აღსანიშნავია, რომ კანადა იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე სპორტსმენებს არ გაუშვებდა. "არაფერია ჩვენი სპორტსმენებისა და ზოგადად, მთელი მსოფლიოს ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი," აღნიშნულია კანადის ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ განცხადებაში.  

სხვა სტატიები