Belive

წყალბურთი | დინამო თბილისი ლიდერებმა დატოვეს

1 წლის წინ სხვა
3 წთ
ოფიციალური ინფორმაციით, "დინამო თბილისი" ლიდერებმა - მარკო ელაჩამ (C), დუშან ვასიჩმა, სანდრო ადეიშვილმა და ანდრია ბითაძემ დატოვეს. ოთხივე მათგანი, ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპის საუკეთესო კლუბებთან ასპარეზობისას, გუნდის ბირთვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. ცნობილია მათი მომავალი კლუბები: კარიერის მიწურულს, გუნდის ყოფილი კაპიტანი, მარკო ელაჩა, "მლადოსტში" ითამაშებს, სადაც იგი 2001-2007 წლებში ასპარეზობდა. 39 წლის წყალბურთელს ხორვატულმა კლუბმა 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა. მასთან ერთად იქნება სანდრო ადეიშვილიც, რომლისთვისაც "მლადოსტი" პირველი ევროპული კლუბი და შესაბამისად, ახალი გამოწვევა იქნება. "მლადოსტის" წევრი გახდა ასევე ვალიკო დადვანიც, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე, "დინამო თბილისის" რიგებში ასპარეზობდა. "დინამო თბილისთან" კონტრაქტი ამოეწურა ანდრია ბითაძეს, რომელსაც დღემდე არაერთ ევროპულ კლუბში ("იადრანი", "ბარსელონა," "რომა," "ცრვენზა ზვეზდა") აქვს ნათამაშები. 25 წლის ქართველი ცენტრფორვარდი კარიერას ბერძნულ "პანიონიოსში" გააგრძელებს. მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი - წარმოშობით სერბი დუშან ვასიჩი კარიერას "ცრვენა ზვეზდაში" გააგრძელებს. ცხადია, იგი საქართველოს ნაკრების წევრი კვლავ იქნება.

ვინ ჩაანაცვლებს მათ?

მნიშვნელოვანი და საგრძნობი დანაკლისის ფონზე, ცნობილია, რომ "დინამო თბილისი" რამდენიმე უცხოეულ, ასევე ქართველ წყალბურთელთან აწარმოებს მოლაპარაკებას. უნდა აღინიშნოს, რომ ბითაძისა და ადეიშვილის წასვლის შედეგად, გუნდი განსაკუთრებით ცენტრში დასუსტდა და საინტერესოა, თუ ვინ ჩაანაცვლებს ახალგაზრდა, სტაბილურ და პროგრესირებად წყალბურთელებს - ახალწვეულების შესახებ ინფორმაციას, ტრანსფერების გაოფიციალურებისთანავე მოგაწვდით.

დინამო თბილისი და საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები

ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლის ფონზე, ახალგაზრდა წყალბურთელების მიმართ ევროპული კლუბების ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. შეგახსენებთ, გასულ სეზონში, ე.წ. "სიკვდილის ჯგუფში" მოხვედრილმა "დინამო თბილისმა" "ოლიმპიაკოსისა" და "იადრან სპლიტის" დამარცხება შეძლო. თბილისური კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო წელსაც იასპარეზებს. წილისყრის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, "დინამოს" მომდევნო მექოტეების ვინაობას სექტემბრის დასაწყისში გავიგებთ. ამჟამად, "დინამოელები" სანაკრებო თამაშებზე არიან გადართულები - მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები, დებიუტანტის როლში იყო წარმოდგენილი და ამის მიუხედავად, მე-10 ადგილი დაიკავა. გუნდი ახლა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც ხორვატიის ქალაქ სპლიტში გაიმართება (29 აგვ - 10 სექ): ქართველი წყალბურთელები იტალიის, სლოვაკეთისა და მონტენეგროს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები