Belive

UFC 266 | დვალიშვილი Vs. მორაეში

2 წლის წინ სხვა
3 წთ
26 სექტემბერს, ლას ვეგასში, UFC 266-ის ივენთი გაიმართება.  საბრძოლო ქარდი რამდენიმე გამორჩეულ ბრძოლას მოიცავს, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მეინ ივენთზე გულშემატკივარს ტოპ ბრძოლები ელის, თუმცა არც პრელიმია ნაკლებად საინტერესო. UFC 266-ის პრელიმის განსაკუთრებით საინტერესო დაპირისპირება მერაბ დვალიშვილსა და მარლონ მორაეშს შორის შედგება. მორაეში ოქტაგონზე ზედიზედ 2 ბრძოლაში დამარცხდა და UFC-ში რთული დროება უდგას. ჟოზე ალდოსთან მოპოვებულმა გამარჯვებამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია - არაერთი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში გამარჯვება ალდოს ეკუთვნოდა. წარუმატებელი სერიის დასრულებას და ნანატრი გამარჯვების მოპოვებას, მორაეში მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ შეეცდება. მეტოქისგან განსხვავებით, დვალიშვილი ბრძოლას ამაღლებული განწყობით ხვდება. UFC-ში ქართველი მებრძოლის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა - დვალიშვილი სასტარტო 2 ბრძოლაში დამარცხდა, თუმცა მას შემდეგ ოქტაგონზე ზედიზედ 6 გამარჯვება მოიპოვა და დივიზიონის საუკეთესო მებრძოლებს შორის დამსახურებული ადგილი დაიკავა. ექსპერტების აზრით, იმ შემთხვევაში თუ დვალიშვილი (13-4-0) ჩვეულ სტილს არ უღალატებს, მორაეში მესამე რაუნდში დამარცხდება. დვალიშვილის სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ მებრძოლს UFC-ში თეიქდაუნების (გდება) ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.
მერაბ დვალიშვილი განსაკუთრებული საბრძოლო სტილით გამოირჩევა და ბრძოლის დროს მეტოქეს დიდ წნეხში აქცევს. ოქტაგონზე გამოჩენის დღიდან მერაბ დვალიშვილის ჭიდაობა კიდევ უფრო გაუმჯობესდა. უკანასკნელ ბრძოლაში, კოდი სტამანთან მოპოვებული გამარჯვების დროს, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა მერაბ დვალიშვილის საოცარი მატება ჭიდაობასა და გრაპლინგში. ამ მეთოდით ქართველი მებრძოლი მეტოქეებს გადაადგილებისა და მოძრაობის შესაძლებლობას უზღუდავს. იმ შემთხვევაში თუ ბრძოლა ჭიანურდება და რამდენიმე რაუნდს მოიცავს, მარლონ მორაეშს ყოველთვის პრობლემა ექმნება. ყოველ მომდევნო რაუნდში ბრაზილიელი მებრძოლის გამძლეობა კლებულობს და სუსტდება. საპირისპიროდ, მერაბ დვალიშვილს ამ მხრივ სოლიდური უპირატესობა გააჩნია. მარლონ მორაეშის ძლიერ მხარეს ჯიუ-ჯიტსუ და ძლიერი დარტყმები წარმოადგენს. დვალიშვილისა და მორაეშის საბრძოლო სტილიდან გამომდინარე მიმომხილველები დაძაბულ და კონკურენტულ დაპირისპირებას ვარაუდობენ. შესაძლოა მარლონ მორაეში პირველ რაუნდში დომინანტის როლში მოგვევლინოს, მაგრამ მერაბი აუცილებლად მიიღებს მორაეშის "დაგდების" შესაძლებლობას. ექსპერტების აზრით, წყვილში ფავორიტის სტატუსით მერაბ დვალიშვილი სარგებლობს და ბრძოლა მისი გამარჯვებით დასრულდება.

UFC 266-ის მეინ ქარდი

ალექსანდრ ვოლკანოვსკი Vs. ბრაიან ორტეგა (ტიტულისათვის ბრძოლა) ვალენტინა შევჩენკო Vs. ლორენ მერფი (ტიტულისათვის ბრძოლა) რობი ლოულერი Vs. ნიკ დიაზი კურტის ბლეიდისი Vs. ჟაირზინიო როზენსტრუკი ჯესიკა ანდრადე Vs. სინტია კალვილო

UFC 266-ის ანდერქარდი

მარლონ მორაეში Vs. მერაბ დვალიშვილი დენ ჰუკერი Vs. ნასრატ ჰაქფარასტი  შამილ აბდურახიმოვი Vs. კრის დაუკასი როქსან მოდაფერი Vs. ტაილა სანტოსი რიკი სიმონი Vs. ტიმურ ვალიევი უროს მედიჩი Vs. ჯალინ ტერნერი კარლ რობერსონი Vs. ნიკ მაქსიმოვი მეთიუ სემელსბერგერი Vs. მარტინ სანო

სხვა სტატიები