Belive

ვალერი გაზაევი: "რატომ პატიობენ სხვა ქვეყნებს იმას, რასაც რუსეთს არა?"

4 წლის წინ სხვა
2 წთ
მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) გადაწყვეტილებით, რუსეთი 2020 წლის ოლიმპიადასა და 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. რუსეთის დასჯის მიზეზი დოპინგის მოხმარების გახმაურებული ფაქტი გახდა -  ცნობილია, რომ რუსებმა ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემები გააყალბეს. როგორც BBC იტყობინება, რუსეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის შესაძლებლობა მაინც ექნება, თუმცა იმ განსხვავებით, რომ რუსები ეროვნული სიმბოლიკისა და ჰიმნის გამოყენებას ვერ შეძლებენ. WADA-ს  გენერალური დირექტორის განცხადებით, რუსები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ პერიოდში ეროვნული სიმბოლიკით კვლავ ითამაშებენ, თუმცა ფინალურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, მათ რუსეთის ფედერაციის სახელით ასპარეზობის უფლება არ ექნებათ. საინტერესოა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, რუსეთის კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ასევე რუსეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ვალერი გაზაევის მოსაზრება. გაზაევი ფიქრობს, რომ WADA-მ უმკაცრესი და არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.
"რუსი სპორტსმენები დოპინგს არასოდეს არ მოიხმარენ. არასამართლიანია, რომ მათ რუსეთის დროშის ქვეშ ასპარეზობა ვერ შეძლონ. ასეთი პრეცენდენტი არც მახსენდება. როგორ შეიძლება, რომ სხვა ქვეყნებს პატიობდნენ იმას, რის გამოც რუსეთის ნაკრები ასე მკაცრად ისჯება?" განაცხადა გაზაევმა.
შეგახსენებთ, რომ WADA მოსკოვის ლაბორატორიის საქმიანობას ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა. WADA-ს პრეზიდენტის, კრეიგ რიდის განცხადებით, რუსები სპორტის სამართლიანი წესებით აღარ ასპარეზობენ.
რუსეთს ჰქონდა ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ ყოფილიყო ანტი-დოპინგური საზოგადოების წევრი, რაც ისევ რუს სპორტსმენებზე აისახებოდა სასარგებლოდ, თუმცა ამის სანაცვლოდ, მათ სხვა გზა აირჩიეს," განმარტა WADA-ს ხელმძღვანელმა.
მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს განცხადებაში ასევე წერია, რომ რუსეთს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის 21 დღე ეძლევა. გასაჩივრებული საქმე განსახილველად სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაეცემა.  

სხვა სტატიები