Belive

"ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში" - შოთა არველაძე ავტობიოგრაფიული წიგნიდან ემოციურ ამონარიდს აქვეყნებს 

3 წლის წინ სხვა
2 წთ
საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში, თავისი ავტობიოგრაფიული წიგნიდან - "გუშინ" ემოციურ ამონარიდს აქვეყნებს. "ტრაბზონსპორის", ამსტერდამის "აიაქსისა" და "რეინჯერსის" ვეტერანი ფორვარდი თავის ძმასთან, არჩილ არველაძესთან მოედანზე პირველად დაპირისპირებას იხსენებს. "იცით, რომელია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაიკა? "ბრედასთან", პირველი მატჩის შემდეგ, მე და აჩიმ რომ გავცვალეთ. დღემდე არ გამირეცხია, მინდა ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც მომცა და მისი სუნი ასდიოდეს... ეს თამაში ორივესთვის ურთულესი აღმოჩნდა. ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში. ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება ერთ გუნდში ვთამაშობდით და რაც გაგვაჩნია - გამარჯვებების ჩათვლით, ორივეს გვეკუთვნის. თბილისიდან მთელი ოჯახი დაირაზმა და ამ მატჩის საყურებლად ჩამოვიდა ამსტერდამში. ჩემი მშობლები დაბნეულები ჩანდნენ, არ იცოდნენ, ვისთვის ეგულშემატკივრათ. არც მედიას დაუტოვებია ეს ფაქტი ყურადღების გარეშე და საკმაოდ დიდი გადაცემა მოგვიძღვნეს. ბოლოს ჩვენებმა "ბრედას" გულშემატკივრობა გადაწყვიტეს. ამას იმით ხსნიდნენ, რომ "აიაქსი" ჩემპიონობას მაინც შეძლებდა, აჩის კი "აიაქსთან" გამარჯვება სჭირდებოდა. თამაში მაინც "აიაქსის" გამარჯვებით დასრულდა... ტყუპებმა თავი ვერაფრით გამოვიჩინეთ, ალბათ გაგვიჭირდა ამ ყველაფრის აღქმა... მინდორზეც რაღაც დაბნეულები დავრბოდით", - წერს არველაძე Facebook-ში. შოთა არველაძემ 1998 წელს შოთა არველაძემ ნიდერლანდების ჩემპიონატი მოიგო, ორჯერ კი თასის მოგება მოახერხა. მან კარიერა 2008 წელს, "ლევანტეს" შემადგენლობაში დაასრულა. რაც შეეხება არჩილ არველაძეს, მან "ბრედას" შემდეგ "კიოლნის" მაისურით ითამაშა და კარიერა 2005 წელს, თბილისის "ლოკომოტივში" დაასრულა.