Belive

ვეტერანი ქართველი მოჭიდავე შესაძლოა აშშ-ის ნაკრების მწვრთნელი გახდეს (ექსკლუზიური ინტერვიუ)

5 წლის წინ სხვა
6 წთ
ვეტერანი ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, გურამ ფერსელიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს და ჭიდაობის მწვრთნელად მუშაობს. მას ეს საკმაოდ წარმატებით გამოსდის. Live.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ამერიკაში მოღვაწე ვეტერან მოჭიდავესთან, რომელმაც შესაძლოა ადგილობრივი ნაკრები გაწვრთნას. როგორ დაიწყო თქვენი სპორტული კარიერა? რამდენი წლის იყავით, როდესაც ჭიდაობით დაინტერესდით? ჭიდაობა ღრმა ბავშვობიდან მაინტერესებდა, თუმცა სპორტში პირველად 90-იანი წლების ბოლოს ჩავერთე. 1999-2000 წლებში ბათუმის სპორტ სკოლაში ვვარჯიშობდი. მწვრთნელი იყო ზაზა ჯიბლაძე, ადამიანი რომელმაც ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ მე პირველ რიგში პიროვნებად ჩამოვყალიბებულიყავი და ამასთან ერთად ჭიდაობაშიც მიმეღია წარმატებისთვის. ჩემი პირველი ტურნირი იყო გლდანის ოლიმპიური რეზერვების დარბაზში, სადაც მიხეილ სალაძის სახელობის ტურნირი ტარდებოდა. ამ შეჯიბრზე მძიმე წონაში ჩემპიონი გავხდი. ამის შემდგომ მეორე მწვრთნელი, ვაჟა კრავეიშვილი ჩემით დაინტერესდა და მისი წყალობით მოვხვდი ოლიმპიური რეზერვების სკოლა ინტერნატში. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი პროფესიული სპორტული კარიერა.
  როგორც ვიცით, თქვენ თავიდანვე ჭიდაობაზე არ დადიოდით, სპორტის სხვა სახეობით დაიწყეთ. რომელი იყო ეს სპორტი და რატომ გადაწყვიტეთ შეცვლა? 12-13 წლის ვიქნებოდი, როდესაც მშობლებმა გადაწყვიტეს, რატომღაც მშვილდოსნობით დამეწყო სპორტული კარიერა. გასაკვირი ის არის, რომ მამა მოჭიდავე მყავს. ერთი წელი დავდიოდი მშვილდოსნობაზე. შემდგომ მშობლებს კატეგორიულად განვუცხადე, რომ ეს ჩემი სპორტი არ იყო და მე ჭიდაობა მინდა -მეთქი. ასე გადავედი მშვილდოსნობიდან ჭიდაობაზე. თქვენს კარიერულ წარმატებებზე რომ გვესაუბროთ როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ? მრავალი ჯილდო მაქვს მოგებული. ვარ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჭაბუკებში, ახალგაზრდებსა და დიდებში. ასევე გახლავართ ლონდონის 2012 წლის ოლმპიური თამაშების მონაწილე, სადაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჯგუფში არ გამიმართლა. მოვხვდი უძლიერეს სპორტსმენებთან. მეორე ჯგუფში და ბადეში რომ მოვხვედრილიყავი, დარწმუნებული ვარ რომ ოლიმპიური მედალი მექნებოდა. თუმცა რას ვიზამთ, იღბალი და გამართლება უნდა ყველაფერს. საბოლოოდ ლონდონში მე-5 ადგილი დავიკავე. 2013 წელს თბილისში გამართულ ევროპის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. სამწუხაროდ ტრავმა მივიღე და ფინალში გასვლა ვერ შევძელი. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბელარუსი სპორტსმენი დავამარცხე.
  კარიერის დასრულების შემდეგ დაიწყეთ სამწვრთნელო კარიერა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადახვედით საცხოვრებლად. რატომ გახდა საჭირო სამშობლოს დატოვება? გარკვეული მიზეზების გამო, სამშობლოს დატოვება მომიწია. შემოთავაზებები იყო საქართველოდანაც, მაგრამ ისეთი არა, რითიც საკუთარი მიზნებისა და ოცნებების ახდენა შემეძლო. ამერიკა იძლევა ამის საშუალებას და მეტი პოტენციალია იმისთვის, რომ უფრო განვითარდე. სამწვრთნელო კარიერაში გაქვთ წარმატებები. რა არის თქვენი მთავარი პრინციპი, რას ეუბნებით მომავალ თაობას? დიახ, ვაგრძელებ ჩემი პროფესიით მუშაობას. ვეხმარები ამერიკის ნაკრების მოჭიდავეებს. დავდივარ შეკრებებზე, ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას. სასიამოვნოა, რომ ჩემს მიერ ნასწავლ ილეთებს უკვე იყენებენ, რაც მე სტიმულს მაძლევს, რომ მეტი და მეტი გავაკეთო. ასევე საქართველოს სახელით 130 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა ჩემი მოსწავლე, გოჩა დავითაძე. გოჩა დეივ შულცის სახელობის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა, რომელიც აშშ-ის ქალაქ კოლორადოში ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ეგიდით ჩატარდა. დავითაძე ერთადერთი ქართველი მონაწილე იყო. ფინალში მან მასპინძელ ტობი ერიქსონს 7:6 მოუგო. ეს ყველაფერი მაძლიერებს და უკეთესს მხდის. სამომავლო გეგმებზე რომ გვესაუბროთ - რა გაქვთ გეგმაში უახლოეს მომავალში? სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ველოდები პასუხებს, საბუთების მოლოდინში ვარ. მაქვს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან მოლაპარაკებები მწვრთნელის თანამდებობასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, თუმცა იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მასაჩუსეტსის შტატში, სადაც ვცხოვრობ, ჭიდაობა არ არის განვითარებული. ეს მაწუხებს და მინდა, რომ აქ ეს სპორტი პოპულარული იყოს. მაქვს შეხვედრები და მოლაპარაკებები სხვადასხვა კლუბებთან. დაინტერესებულები არიან ჩემი კარიერით და ვნახოთ რა გამოვა. მე ყოველთვის მაქსიმალურის გაკეთება მინდა. რომელი ქვეყნის მოჭიდავეებთან ბრძოლა გიჭირდათ ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად თურქ და კუბელ სპორტსმენებთან გამარჯვება მიჭირდა. ბუნებრივად ძლიერები არიან და ჭიდაობის განსაკუთრებული ტექნიკით გამოირჩევიან.
  რას ეტყოდით მომავალ თაობას, რომლებიც ახლა იწყებენ თავის პროფესიულ კარიერას? პირველ რიგში, თქვენი საშუალებით მინდა ქართველ გულშემატკივარს ვუთხრა, რომ ჩემი წარმატებებით არაერთხელ გავახარებ. მომავალ სპორტსმენებს, დამწყებ მოჭიდავეებს კი ვეტყვი, რომ ცხოვრებაში მთავარია მიზანი. წინ ბევრი სირთულე და დაბრკოლება გელით, მაგრამ ყველაფერი გამოგივათ - თავდაუზოგავი შრომითა და მონდომებით ყველაფრის მიღწევას შეძლებთ. მთავარია იცოდეთ, რა გინდათ და გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ.

სხვა სტატიები