Belive

ვილი სანიოლი - თაობები მოდიან და ეროვნული გუნდი აქედან შედეგს მიიღებს

2 წლის წინ სხვა
14 წთ
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 25 და 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს გამართავს. 25 მარტს ვილი სანიოლის გუნდი სტუმრად, ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, 29 მარტს კი ქალაქ ტირანაში ალბანეთს შეხვდება. ამხანაგური მატჩების წინ საქართველოს პირველი არხთან ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელთმა, ვილი სანიოლმა სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.
მოლოდინები ეროვნული გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობის და მომავალი ამხანაგური მატჩების მიმართ
ორი ამხანაგური მატჩი გველის, მაგრამ როდესაც ეროვნულ გუნდზეა საუბარი, თამაშები ბოლომდე ამხანაგური არასდროსაა. ყველა მატჩი მნიშვნელოვანია – წელს ერთა ლიგაზე ამბიციური მიზნები გვაქვს და ამისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ. სამუშაოა იმ დადებით მომენტებზე, რომლებიც ოქტომბერში და ნოემბერში ვიხილეთ. წინსვლა უნდა შევინარჩუნოთ. გულშემატკივარს გაუმჯობესება უკვე შევთავაზეთ. დისციპლინის მხრივ მდგომარეობა გაცილებით გამოსწორდა და შეტევაში თამაშიც უკეთ გამოგვდის. შევეცდებით, კიდევ უფრო წინ წავიდეთ.
რატომ არ არის შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძე?
რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს – პირდაპირ ვიტყვი, 100%-ით კმაყოფილი არ ვარ მისი ვარჯიშებზე და გასული წლის სექტემბერსა და ოქტომბრის მატჩებში ჩართულობით. ვფიქრობ, როდესაც ეროვნული ნაკრების პრეტენდენტი ხარ და მასში თამაში გსურს, გუნდს მეტი უნდა შესთავაზო. ამავდროულად, ის ახლა მძიმე სიტუაციაშია – კლუბი ცუდად თამაშობს, აგებს და გიორგისაც ვერ გააქვს გოლები. თუ სწორად მახსოვს, ოქტომბრიდან მოყოლებული, მხოლოდ ერთხელ გაიტანა. მისთვის ეს ყველაფერი რთულია. დარწმუნებული ვარ, ის ამას გაუმკლავდება და გაიგებს, რომ თუკი ნაკრებში ყოფნა სურს, მეტი უნდა იმუშაოს. ნიჭიერება მნიშვნელოვანია, მაგრამ არა უმთავრესი. ბოლო მატჩებში ვიხილეთ დავით ვოლკოვი, რომელიც ვიღაცების აზრით, ნაკლებ ნიჭიერია, ვიდრე სხვები, მაგრამ გავიხსენოთ, როგორ ჩაერთო შვედეთთან მატჩში, ან როგორ ითამაშა უზბეკეთთან. მან თავისი შანსი გამოიყენა, ყველაფერი გაიღო, ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გუნდში დაბრუნება დაიმსახურა. იგივეა მიქაუტაძის შემთხვევაშიც – როდესაც შანსს მიიღებს, უნდა სცადოს და 100%-ით დაიხარჯოს.
ახალგაზრდა ფეხბურთელები ეროვნულ გუნდში ერთი წელია, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ვიკავებ და ვფიქრობ, ამ დროში ადგილობრივი ჩემპიონატიდან საკმაოდ ბევრ მოთამაშეს მივეცი შანსი. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა საიდან, რომელი კლუბიდან მოდიხარ, ან რა ასაკის ხარ – 20, 19, თუ 34 წლის. ამით ფეხბურთელებს არ ვასხვავებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას ვიხილავ ფეხბურთელისგან კლუბში თამაშისას და რა შემართებით იქნება სანაკრებო შეკრებებისას. ვფიქრობ, რომ მექვაბიშვილს, რომელზეც შარშანაც ვისაუბრე, აქვს უნარი, ეროვნული ნაკრების დონეზე ითამაშოს. ჯერ იმის დანახვა მინდოდა, თუ როგორ ითამაშებდა საქართველოს უმაღლეს ლიგაში სეზონის განმავლობაში. მან „დინამოს“ პრაქტიკულად ყველა დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა, ასე რომ, მექვაბიშვილის ჩვენთან ყოფნა ბუნებრივია. მან ბევრი იმუშავა, უნარები გაიუმჯობესა და სრულად დაიმსახურა მიღებული შანსი. ის ახალგაზრდა მოთამაშეა და, შესაძლოა, მარტის ამხანაგური მატჩებისას სათამაშო დრო არ მიეცეს, ეს ჯერ არ გადამიწყვეტია. ვხედავ, როგორ მუშაობს, აცნობიერებს, რა სჭირდება ნაკრებს მისგან, ეჩვევა გუნდის ატმოსფეროს და წესით, ამ პროცესში ბევრ რამეს ისწავლის. ადრე თუ გვიან, ის აუცილებლად გახდება თითოეული სანაკრებო მატჩისას გუნდში მოხვედრის კანდიდატი, მაგრამ ამისთვის წინ დიდი გზაა – სწავლა და ბევრი შრომაა საჭირო. ამ ახალგაზრდას, როგორც მოთამაშეს, უკვე ძალიან კარგად ვიცნობ და ახლა მსურს, რომ პირადადაც უკეთ გავიცნო.
უნდა ველოდოთ თუ არა ნაკრებში გამოცდილ მოთამაშეებს, რომლებიც ეროვნულ ლიგაში ასპარეზობენ
ნაკრებში საკმარისი რაოდენობით გამოცდილი მოთამაშეები გვყავს – ლორია, კაშია, კვეკვესკირი. სხვა მოთამაშეებიც – კაკაბაძე 35 წლის არაა, მაგრამ ბევრი მატჩი აქვს ნაკრებში ჩატარებული. აბურჯანიას, გვილიას, ოქრიაშვილს და ქვილითაიასაც არ აკლიათ გამოცდილება. ცხადია, ეს ზედმეტი არასდროსაა და მნიშვნელოვანია, მაგრამ ეროვნულ გუნდში მოსახვედრად კლუბში მაღალ დონეზე თამაშია საჭირო და მხოლოდ გამოცდილება საკმარისი არ არის. ანანიძეს და მჭედლიძეს კარგად ვიცნობ, როგორც მოთამაშეებს. ანანიძეს ტრავმები ჰქონდა, ისევე, როგორც მჭედლიძეს. ეროვნულ გუნდზე სანამ დავიწყებთ ფიქრს, მათ საკლუბო დონეზე თითოეული მატჩის ჩატარებაზე და სათამაშო ფიტნესის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნონ. თუკი ისინი ფორმაში იქნებიან, რა თქმა უნდა, ამ ფეხბურთელებსაც ვიხილავთ ეროვნულ გუნდში.
ასაკობრივი ნაკრებებიდან ეროვნულ გუნდში დაწინაურება
ყოველთვის ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ასაკობრივი გუნდების შედეგებს ვაფასებთ. კი, 21-წლამდე ნაკრებმა დაამარცხა ინგლისი, მაგრამ ეს უპირველესად გუნდური თამაშის შედეგი იყო. ამ მატჩისას რამდენიმე მოთამაშემ თავი კარგად გამოიჩინა – გულიაშვილი, გოჩოლიშვილი, მექვაბიშვილი, გაგნიძე, მაგრამ ის, რომ კოლექტიურად კარგი მატჩი ჰქონდათ, ეს არ ნიშნავს, რომ ამ გუნდის ყველა წევრს ვიხილავთ ეროვნულ ნაკრებში. ამასთან, მათ განვითარებას აქტიურად ვადევნებთ თვალს. გავიხსენოთ: რაც ნაკრებში მოვედი, ითამაშა ხვადაგიანმა, რომელიც 18 წლისაა, ამავე ასაკის აზაროვმა, 20 წლის მამარდაშვილმა. სპორტსმენის ახალგაზრდული ასაკი არ მაწუხებს – თუკი ფეხბურთელი კარგია, ის ყველაფრის მიუხედავად მოხვდება ეროვნულ გუნდში. ისიც არავისთვისაა საიდუმლო, რომ თუკი 19-წლამდე, 21-წლამდე და, ზოგადად, ასაკობრივ ნაკრებებში გამოიჩენს ახალგაზრდა თავს, ჩნდება მოლოდინი, რომ ერთ დღეს ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდება. ამისთვის მათ ბევრი უნდა იშრომონ. გასული თვეების განმავლობაში, იანვარსა და თებერვალში, როდესაც მარტის მატჩებზე ვფიქრობდით და ვსაუბრობდით, გოჩოლეიშვილი იყო ერთ-ერთი, ვისაც ვაკვირდებოდით, მაგრამ მხოლოდ სეზონის კარგად დასრულება და დაწყება არ კმარა. როდესაც ის მეტად სტაბილური გახდება მოედანზე, აუცილებლად ვიხილავთ ეროვნულ გუნდში. რაც შეეხება გაგნიძეს – ის ახლა წამოვიდა რუსული კლუბიდან, მცირე ტრავმა ჰქონდა, პრაქტიკულად ახლა უნდა გადადგას პირველი ნაბიჯები პროფესიონალურ დონეზე და, ვფიქრობ, რომ მისი გამოძახება ოდნავ ნაადრევია. მასაც ყურადღებით ვაკვირდებით და თუკი შრომას განაგრძობს, ახლო მომავალში ნაკრებთან ერთად იქნება.
გუნდი სამი ცენტრალური მცველით თამაშობს. მონახეთ ამ შემადგენლობისთვის ოპტიმალური სათამაშო ტაქტიკა? ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ამ სქემით ვაპირებთ თამაშს, რადგან ხანდახან მოწინააღმდეგის გაკვირვებაც საჭიროა. თანაც ტრავმების და სხვა მიზეზების გამო ყოველთვის არ გვყავს მოთამაშეები, რომლებიც ამ დავალებას გაართმევენ თავს. შარშანდელი მარტის სამი შეხვედრის შემდეგ ბევრს ვფიქრობდი ისეთი სისტემის შემუშავებაზე, რომელიც გუნდს საუკეთესოდ მოერგება. ამისთვის ბევრი ვარჯიშია საჭირო, რაც ნიდერლანდებთან და ბულგარეთთან ამხანაგური მატჩებისას გავაკეთეთ. ეს არ არის სისტემა, რომელსაც ყველა თამაშში გამოიყენებ და ამას გარკვეული შედეგები არ მოჰყვება. დადებითი მოვლენაა, რომ ამხანაგურ მატჩებში მოგვეცა ამ ტაქტიკის გამოყენების შანსი, რათა ოფიციალურ შეხვედრებში უფრო თავდაჯერებულები ვიყოთ. გვქონდა გარკვეული წარმატება, მაგრამ ჯერ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. უკეთესი შედეგისთვის სათამაშო სქემაზე და დისციპლინაზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ზოგი მოთამაშე – პირველ რიგში კი კაშია და კვეკვესკირი, კარგად გრძნობენ თავს ამ სისტემაში. ესენი ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც ხშირად ვამხნევებ და ვეუბნები, რომ გუნდს მეტი მისცენ და თამაშის მიმდინარეობა საკუთარ თავზე აიღონ. მხოლოდ მწვრთნელი საკმარისი არ არის, მას სჭირდება მოთამაშეები, რომლებიც მის ხედვებს თამაშის დროს გაიზიარებენ.  წესით მარტში ბევრ კითხვაზე უნდა მივიღო პასუხი. გამოჩნდება, მოთამაშეებმა რამდენად გაითავისეს სისტემა და რამდენი გვაქვს სამუშაო. ძალიან მაინტერესებს, თუ რა პასუხებს მივიღებ ჩემს კითხვებზე და ეს გავლენას მოახდენს ივნისის მატჩებისთვის საუკეთესოდ მომზადების პროცესზეც.
დისციპლინის მნიშვნელობა
დისციპლინა უმნიშვნელოვანესია და ამას მხოლოდ მე, ვილი სანიოლი არ ვამბობ. შევხედოთ მაღალი ან საშუალო დონის კლუბებს და მათ მწვრთნელებს. თითოეული მათგანისგან მოვისმენთ, რომ დისციპლინის გარეშე ვერაფერს მიაღწევ. ადრე ნამდვილად გვაკლდა დისციპლინა და სტაბილურობა. ერთი თამაშიდან მეორემდე, სხვადასხვა მიზეზით, მოთამაშეები იცვლებოდნენ და მხოლოდ ბოლო სამ-ოთხ შეხვედრაში მოვახერხეთ ერთი და იმავე ფეხბურთელებით ასპარეზობა. ამ მხრივ სურათი გაუმჯობესდა. სტაბილურობა და დისციპლინა შრომისა და შედეგისთვის კარგი საფუძველია.
ვინ იქნება გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავას ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შემდეგ?
უკვე ვესაუბრე მოთამაშეს, რომელიც ჯაბა კანკავას შემდეგ ჩაიბარებს კაპიტნის სამკლაურს. არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ეს გურამ კაშიაა. მას აქვს ყველაფერი და მეტი იმისთვის, რომ იყოს კაპიტანი როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ვიცე-კაპიტანი ნიკა კვეკვესკირია. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩემს სისტემაშია, რადგან მოედანზე დიდ როლს ასრულებს. მართალია, შეტევით ტრანზიციაში ნაკლებად ერთვება და ამ დროს ნაკლები საქმე აქვს, მაგრამ თამაშის ორგანიზებაში ნიკა ძალიან ჩართულია და ეს ყველაზე კარგად შვედეთთან გამოჩნდა. ბევრს ვსაუბრობ სხვა მოთამაშეებთანაც – აბურჯანია, გვილია და ა.შ. კომუნიკაცია მაქვს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან, ვუსხნი, თამაშებისას მათგან რის გაკეთებას ვითხოვ. ჩემთვის კარგის ნიშანია, როდესაც ფეხბურთელს მეტი პასუხისმგებლობის აღება სურს საკუთარ თავზე. თუკი ის პარალელურად კარგადაც თამაშობს, მაშინ ჩემგან ამ პასუხისმგებლობასაც მიიღებს. მნიშვნელოვანი როლი აქვს ლორიას, კვარაცხელიას, რომელიც ჩვენი ტექნიკური ლიდერია და დიდი ალბათობით, მომავალ წლებშიც ასე იქნება. მხოლოდ კაპიტნის სამკლაური არ არის პასუხისმებლობის საკუთარ თავზე აღების მიზეზი, სხვა მოთამაშეებისგანაც ველი ინიციატივას. მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯება, ლობჟანიძესაც შეუძლია გუნდს მეტი მისცეს. როგორც ვთქვი, ასაკი არაფერ შუაშია. დავითაშვილსაც შეუძლია იყოს ახალგაზრდა მოთამაშეების ლიდერი. კაკაბაძეს კარგი გამოცდილება აქვს, ისევე, როგორც აბურჯანიას. არჩევანი ბევრია, მაგრამ როგორც ვთქვი, უახლოესი თვეების განმავლობაში გუნდის კაპიტნები კაშია და კვეკვესკირი იქნებიან.
თქვენი აზრით, როგორია ქართული ფეხბურთის მომავალი? როგორც ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ეროვნული ლიგის დონეზე ვისაუბრო. არც კლუბის მფლობელი ვარ და არც ერთ მათგანთან მაქვს იმ ხასიათის ურთიერთობა, რომ ვუთხრა, როგორ მოიქცნენ. შარშან, ზაფხულში, შევხვდი ეროვნული ჩემპიონატის კლუბების მწვრთნელებს, რაც ძალიან საინტერესო იყო. გავიზიარე არსებული პრობლემები. თუკი შეხედავთ შემადგენლობას, რომელიც თუნდაც შარშან მარტში იყო ნაკრებში, ნახავთ, რომ ადგილობრივები მრავლად არიან. ეს გზავნილია, რომ შეგიძლია ითამაშო ეროვნულ ლიგაში, ან უცხო ქვეყნის ჩემპიონატში – პირველი კრიტერიუმი კარგად ასპარეზობაა და ეს ნაკრებისკენ გზას გახსნის. ვისაუბრეთ ასაკობრივი გუნდების წარმატებაზე და ეს ფედერაციის მხრიდან შესანიშნავი მუშაობის შედეგია. ეს ფეხბურთელები ეროვნულ ლიგასაც და ნაკრებსაც მომავალში უკეთესს გახდიან. ფედერაცია აცნობიერებს, რომ თუკი ფეხბურთის განვითარება გსურს, აქცენტი ახალგაზრდა სპორტსმენებზე და თაობებზე უნდა გააკეთო. შენება ყოველთვის საფუძვლიდან იწყება. კარგი შემადგენლობა ჰყავს 17-წლამდელთა გუნდსაც. მათ შარშან კარგი შედეგები ჰქონდათ. თაობები მოდიან და ეროვნული გუნდი აქედან შედეგს მიიღებს. იგივეს ვიტყოდი ადგილობრივ პირველობაზეც. ვფიქრობ, რომ ფედერაცია, ტექნიკური დირექტორი, გუნდების მთავარი მწვრთნელები და კლუბების პრეზიდენტები აცნობიერებენ, რომ სწორ გზაზე დგანან და ფეხბურთი ვითარდება. ჩემი საქმეა, რომ ამ ყველაფერში ზედმეტად არ ჩავერიო, რადგან მათ კონკრეტულად ამ საქმის კეთება, სავარაუდოდ, იმაზე უკეთ იციან, ვიდრე მე.
რუსეთის მხრიდან უკრაინაში აგრესიაზე
იგივე ემოციები მაქვს, რაც ამ პლანეტაზე მყოფი ადამიანების უმრავლესობას. არავის უყვარს ძალადობა. ყველას სძულს და ეშინია ომის. რა თქმა უნდა, მე ვგმობ ამგვარ ძალადობას. ჩვენ დანარჩენი მსოფლიოს მოქალაქეები ვართ და ხანდახან ასეთ სიტუაციებში უძლურად და უსარგებლოდ ვგრძნობთ თავს. მაგალითად, ხოჭოლავას სიტუაცია – ძალიან რთული მდგომარეობაა. მასთან მცირე ხნის წინ მქონდა ურთიერთობა და გავუზიარე ჩემი მხარდაჭერა ამ რთულ დროში. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა და რისიც მინდა, რომ მჯეროდეს, უკეთესი მომავალია – იმედია, ერთ დღეს ყველაფერი უკეთ იქნება და მშვიდობა დამყარდება, რადგან სამყაროს ეს ყველაფერზე მეტად სჭირდება.

წყარო: 1tv.ge

სხვა სტატიები