Belive

ჟოზე მოურინიო: "დარწმუნებული ვარ დავრჩები, მინდა რომაში მთელი სპორტული ცხოვრება გავატარო"

1 წლის წინ სხვა
2 წთ
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის ფინალურ შეხვედრაში, იტალიურმა "რომამ" ნიდერლანდური "ფეიენოორდი" - 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლის გატანა ნიკოლო ძანიოლომ 32-ე წუთზე მოახერხა. როტერდამული კლუბის წინააღმდეგ მიღწეული გამარჯვების შემდეგ, "ჯალოროსის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა.
"მატჩის წინ ბევრი ფინალურ მატჩებში თამაშის გამოცდილებაზე საუბრობდა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ფინალი ფინალია, წინასწარ ვერ იმოქმედებ. ჩვენ, სამწვრთნელო შტაბთან ერთად, დიდი მოსამზადებელი სამუშაო ჩავატარეთ: მოწინააღმდეგე შევისწავლეთ და ახალი ტაქტიკა მოვამზადეთ. საბოლოოდ, ერთი დიდი ოჯახივით გავედით მოედანზე და გარკვეული სირთულის მიუხედავად, ასევე დავრჩით. არცერთ იტალიურ კლუბს არ მოუგია ევროთასი 2010 წლის შემდეგ, როცა ეს გავაკეთე "ინტერთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე. მას შემდეგ 12 წელი გავიდა - ეს ბევრია ამ ქვეყნისთვის. რაც შეეხება ჩემს მომავალს "რომაში", დარწმუნებული ვარ, რომ აქ დავრჩები, რათა გავაგრძელო მუშაობა. მე ვერ დავტოვებ იმ კლუბს, სადაც პრეზიდენტი აღარ არის ჩემი პრეზიდენტი, არამედ ის ჩემი კოლეგაა. ხოლო ეს გულშემატკივრები და კლუბის თანამშრომლები? ფანტასტიკური ადამიანები, რომლებთან ერთადაც მინდა გავატარო დარჩენილი სპორტული ცხოვრება. ბევრი რამ მიტრიალებს თავში ერთდროულად. თერთმეტი წარმოუდგენელი თვე გავიარეთ და ამ თამაშამდე ცოტა ხნით ადრე, როცა ტურინში ვიყავით, ბიჭებს ვუთხარი, რომ ამ კლუბის ისტორია უნდა დაგვეწერა. ჩვენ ეს შევძელით", - თქვა განსაკუთრებულმა.
59 წლის მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგა 2003/04 წლების სეზონში "პორტუსთან" ერთად, ხოლო 2009/10 წლების სეზონში "ინტერის" ხელმძღვანელის რანგში მოიგო. უეფას თასზე წარმატებას მან 2002/03 წლებში "პორტუსთან", ევროპის ლიგაზე კი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად 2016/17 წლების სეზონში მიაღწია. მოურინიომ ევროპის კონფერენს ლიგის სადებიუტო გათამაშებაში იმარჯვა.

სხვა სტატიები