Belive

ზუკა რურუა: "ამაზე მეტი წყალბურთი არ არსებობს, მოთამაშეები უდიდეს გამოცდილებას იღებენ"

2 წლის წინ სხვა
3 წთ
20 აპრილს, "დინამო თბილისი" ჩემპიონთა ლიგაზე მორიგ მატჩს გამართავს. წყალბურთელები ხორვატულ "სპლიტს" დაუპირისპირდებიან და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან. მატჩის გამართვამდე, "დინამოელთა" მთავარი მწვრთნელის ასისტენტს და ყოფილ მოთამაშეს, ზუკა რურუას გავესაუბრეთ.
"საბრძოლო განწყობა გვაქვს. წინ ძალიან პრინციპული მატჩი გველოდება. "იადრან სპლიტი" ძლიერი მეტოქეა, თუმცა გვაქვს შანსი - მთავარია, სტაბილურად ვითამაშოთ მთელი მატჩის განმავლობაში და სწორად შევასრულოთ წინასწარ მომზადებული გეგმა. "იადრანი" არ არის გრანდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებისთვის იბრძვის, თუმცა გუნდში რამდენიმე ტოპ კლასის მოთამაშეა წარმოდგენილი. ჩვენი ამოცანაა, მათ წინააღმდეგ სწორად ვიმოქმედოთ და ვეცადოთ, რომ პრობლემები შევუქმნათ", - ამბობს იგი.
ჩემპიონთა ლიგაზე, "დინამო თბილისი" ე.წ. "სიკვდილის ჯგუფში" მოხვდა, სადაც ტურნირის 5 ფავორიტთან ("ოლიმპიაკოსი", "ფერენცვაროში", "ბრეშა", "ბარსელონეტა", "ნოვი ბეოგრადი") და ასევე, ევროპის 2 ძლიერ კლუბთან ("რადნიჩკი" და "იადრანი") ერთად ასპარეზობს. უნდა აღინიშნოს, რომ გაცილებით ნაკლები კონკურენციაა B ჯგუფში, სადაც მოხვედრის შემთხვევაში, თბილისური კლუბი, სავარაუდოდ, გაცილებით უკეთეს შედეგს აჩვენებდა. ზუკა რურუამ ტურნირზე განცდილი მარცხების შესახებაც ისაუბრა და ყურადღება დადებით მხარეზე გაამახვილა.
"წაგება წაგებას მოჰყვა და ცხადია, გულშემატკივარი გულდაწყვეტილია, თუმცა მეორე მხრიდან რომ განვიხილოთ, ასეთ ძლიერ გუნდებთან ასპარეზობა გუნდისთვის ძალიან სასარგებლო იყო. "დინამო თბილისი" ახალგაზრდა მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და ეს თაობა, უფრო მეტ გამოცდილებას ვერსად მიიღებდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამაზე მეტი წყალბურთი არ არსებობს. შესაბამისად, მიმდინარე სეზონი ჩვენს წყალბურთელებს ინდივიდუალურ პროგრესში გამოადგებათ, რაც "დინამო თბილისისა" და საქართველოს ნაკრების შედეგებზე დადებითად აისახება".
მატჩის პრინციპულობიდან გამომდინარე, "დინამო თბილისის" ხელმძღვანელობის სურვილია, შეხვედრას მაქსიმალურად მეტი გულშემატკივარი დაესწროს - სწორედ ამიტომ, მაყურებელს "დინამო თბილისი" Vs. "იადრან სპლიტზე" დასწრება, საცურაო კომპლექს ოლიმპიკზე, სრულიად უფასოდ შეეძლება.
"მინდა, რომ ტრიბუნები სავსე იყოს და მჯერა, რომ ასეც იქნება. გელოდებათ კარგი, დაძაბული თამაში, ბიჭები მეტოქეს არაფერს დაუთმობენ", - აღნიშნა ზუკა რურუამ.
შეგახსენებთ, მატჩი 20 აპრილს, თბილისის დროით 19:00-ზე გაიმართება.

სხვა სტატიები