Belive

2019 წლის შეჯამება: გენო პეტრიაშვილი

4 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ

გენო პეტრიაშვილი

დაბადების თარიღი: 1994 წლის 1 აპრილი (25 წლის)

სიმაღლე: 198 სმ

წონა: 125 კგ

თავისუფალი სტილით მოჭიდავე მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა არც თუ ისე წარმატებულად დაწყებული წლის შემდეგ, ყველას დაანახა რომ 2020 წელს ტოკიოში გასამართი ოლიმპიადისთვის ოქროს მედლის ერთ-ერთი მთავარი პრეტედენტია. ერთ-ერთი იმიტომ რომ მასთან ერთად წონაში დომინირებას აგრძელებს უძლიერესი თურქი, ტაჰა აკგული.  
წლის დასაწყისში უკვე ცნობილი იყო რომ ახალ სეზონს გორელი მოჭიდავე ტრავმით ეგებებოდა, რაც აპრილში, ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც კარგად გამოჩნდა. ფინალში გასვლის შემდეგ გენო აკგულთან უშანსოდ 0:7 დამარცხდა და მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა, ამ შეხვედრას დაძაბულობის გარეშე არ ჩაუვლია. დროის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე სიტუაცია დაიძაბა, რაც აკგულის უხეშობას მოჰყვა.  

  ამის შემდეგ გენომ ფეხზე ოპერაცია გაიკეთა, რასაც ორთვიანი უქმობა და აღდგენის პროცესი მოჰყვა, პირველი ტურნირი რომელშიც მან დაბრუნების შემდეგ იასპარეზა თბილისში გამართული კარტოზია-ბალავაძის ტურნირი იყო, რომელიც პეტრიაშვილმა დამაჯერებლად მოიგო, ეს ტურნირი მისთვის ფაქტიურად ერთადერთი მოსამზადებელი შეჯიბრი იყო ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელსაც გენო ზედიზედ ორგზის მსოფლიო ჩემპიონის რანგში ხვდებოდა, ამიტომ იყო გარკვეული ეჭვები, რომ ქართველს ფალავანს ჩემპიონობა გაუჭირდებოდა. პეტრიაშვილმა ჩემპიონატი კოსოვოელი ეგზონ შალას დამარცხებით დაიწყო, გენომ მეტოქე დიდი უპირატესობით 13-2 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. სირიელი ბაჟა ხუტაბა გენოსთვის სერიოზულ ძალა არ წარმოადგენდა და გორელმა ფალავანმა აქაც მარტივად 14-4 იმარჯვა. ნახევარფინალში გენოს შედარებით სერიოზული მეტოქე, უკრაინელი ალექსანდრ ხოციანივსკი ჰყავდა, გენომ ფავორიტის სტატუსი გაამართლა და მეტოქე 6-2 დაამარცხა, პარალელურად თურქმა ტაჰა აკგულმა  ჩინელ ჟივეი დენგს 5-0 სძლია და ფინალური წყვილიც შედგა. ფინალური შეხვედრა თურქის უპირატესობით დაიწყო და ბრძოლის დასრულებამდე 2 წუთით ადრე აკგული გენოს 4-0 ამარცხებდა, თუმცა ერთ მომენტში პეტრიაშვილი კარგად შევიდა ფეხში და 2 ქულა აიღო, რასაც მალევე ორქულიანი მოაყოლა, თუმცა აკგულმა იმწამსვე უპასუხა და შეხვედრის დასრულებამდე 39 წამით ადრე 6-4 დაწინაურდა, ამის შემდეგ პეტრიაშვილი გააქტიურდა და შეხვედრის დასრულებამდე 8 წამით ადრე კვლავ წარმატებით მოახერხა ფეხში შესვლა და ორქულიანის გაკეთება. დარჩენლ დროში აკგულმა ვერაფრის გაკეთება ვეღარ მოასწრო და 25 წლის გენო პეტრიაშვილი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.  

  2020 წელი ოლიმპიური წელია, გენო კი ნამდვილად მოწინავე ადგილს იკავებს იმ ფალავნებს შორის, ვისგანაც ოქროს მედალს ველოდებით, მთავარი კონკურენტი აქაც იგივე იქნება - ტაჰა აკგული, თუმცა თუ ყველაფერი კარგად წარიმართა დიდი ალბათობით რიოში მოპოვებულ ბრინჯაოს გენო ტოკიოს ოქროზე გადაცვლის.

სხვა სტატიები