Belive

2019 წლის შეჯამება: თორნიკე შენგელია 

4 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
2018 წლის ზაფხულში, რამდენიმე თვით ადრე, ევროლიგის საუკეთესო ხუთეულში შესულმა თორნიკე შენგელიამ "ბასკონიასთან" კონტრაქტი 4 წლით გაახანგრძლივა. ქართველ ფორვარდს ისეთი სეზონი ჰქონდა, მისგან ბევრი NBA-ში დაბრუნებას ელოდა, თუმცა ბასკური კლუბის კაპიტანმა ევროპაში დარჩენა გადაწყვიტა და მორიგ გამორჩეულ სეზონსაც ატარებს. მიმდინარე წელიწადი 28 წლის კალათბურთელისთვის რთულად დაიწყო, შენგელიას ტრავმა აწუხებდა და პარკეტზე გასვლა მხოლოდ შუა გაზაფხულზეღა შეძლო. მიუხედავად ამისა, თოკომ ფორმა მალე აკრიფა და გუნდში ლიდერის დაბრუნებამაც ბასკებს სეზონის საკმაოდ კარგი შედეგებით დასრულების შესაძლებლობა მისცა. "ბასკონიამ" ესპანეთის ჩემპიონატის რეგულარული გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულა და მხოლოდ მოქმედ და ვიცე-ჩემპიონებს, შესაბამისად მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" ჩამორჩა. საერთაშორისო სარბიელზე ესპანური კლუბი ევროლიგის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა, ფლეი-ოფში კი მომავალ ჩემპიონ მოსკოვის "ცსკა-სთან" დამარცხდა. ახალი სეზონიდან შენგელიამ არსებული შესაძლებლობების ძველებურად, სრულად გამოვლენა მოახერხა. მართალია "ბასკონია" წინა სეზონების მსგავსად, ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტი არ არის და გუნდში დალაგებული მდგომარეობითაც ვერ დაიკვეხნის, თუმცა საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თამასას არ აგდებს და თავისი გუნდის ერთადერთ ნათელ წერტილადაც ითვლება. ACB ლიგის საუკეთესო მოთამაშეთა შორის შენგელია სხვადსხვა კომპონენტით გამორჩეულია. ნათამაშები დროის რაოდენობით ქართველი მთელს ჩემპიონატში უკონკურენტოა და პარკეტზე ყველაზე მეტ - 31 წუთს ატარებს. ჩაგდებულ ქულებში ქართველი მეხუთე ადგილზეა და მას ისეთი კალათბურთელები უსწრებენ, როგორებიც გიორგი შერმადინი, ნიკოლა მიროტიჩი, ასკია ბუკერი და კლემენ პრეპელიცი არიან. ორქულიან ტყორცნებში თორნიკე ლიგაში მეექვსე ადგილზეა, სწორედ იმ კომპონენტში სადაც გიორგი შერმადინი ლიდერობს.
შენგელია, კიდევ უფრო უმატებს: ქართველი ესპანეთის ჩემპიონატის მეათე ტურის MVP-დ დასახელდა, ნახევარი თვის წინ კი ევროლიგის მატჩში "მაკაბის" კარიერაში ყველაზე მეტი - 31 ქულა ჩაუგდო. ასეთი სათამაშო ფორმის და იმის გათვალისწინებით, რომ შენგელია "ბასკონიასთვის" მთავარი ძალაა, სათამაშო დროის დეფიციტი კი ნამდვილად არ აქვს, ტრავმისგან თავის არიდების შემთხვევაში მომავალ წელს ის შეიძლება ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდეს, ამჟამად ის კანდიდატთა შორის მეექვსეა.
2019/20 წლების სეზონი - სტატისტიკა საშუალოდ ერთ მატჩში:  მატჩი - 11 წუთი - 30.55 ქულა - 17.5 მოხსნა - 5.3 შედეგიანი გადაცემა - 2.6 2-ქულიანიების % - 50.5 3-ქულიანების % - 41.9  

სხვა სტატიები