Belive

თემურ ქეცბაია: "ნაკრების რეალური ძალა ახლა გამოჩნდება"

5 წლის წინ ქართული სპორტი
5 წთ
საქართველოს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს კვიპროსში შევხვდით - თემურ ქეცბაიამ ქართული ფეხბურთის მდგომარეობაზე საკუთარი აზრები გაგვიზიარა. ქეცბაიამ საქართველოს ნაკრების პროგრესი შეაფასა, თუმცა იმ პრობლემებსაც გაუსვა ხაზი, რომლებიც წლების განმავლობაში მოუგვარებელი რჩება.   როგორი მდგომარეობაა დღეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში? რა გაუმჯობესდა უკანასკნელი წლების განმავლობაში? გაუმჯობესება პირველ რიგში იმით გამოიხატება, რომ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი მიეცა. თუმცა ეს არ არის დაფუძნებული ქართული ფეხბურთის პროგრესზე - ეს შანსი მოიპოვეს ფეხბურთელებმა, რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ. მე ვფიქრობ რომ ქართულ ფეხბურთს მეტი დაინტერესება, მეტი ჩართულობა და მხარდაჭერა სჭირდება. რამდენად მოგწონთ დღევანდელი შემადგენლობა, აქვს ამ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის პოტენციალი? ფაქტია რომ ნაკრებმა შედეგს მიაღწია და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მეორე მხრივ, ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ქვეჯგუფში სუსტი მეტოქეები გვყავდა და გამარჯვებას უფრო მეტად მოსალოდნელი იყო. მთავარი დაპირისპირება წინ გველოდება - მომდევნო ორი მატჩი გადაწყვეტს, მოვხვდებით თუ არა ფინალურ ეტაპზე და ვფიქრობ, რომ ადვილი თამაშები არ იქნება. როგორ შეაფასებდით ჩვენს შანსებს მომდევნო თამაშებში? წინ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფის თამაშები გველოდება. გაცილებით სერიოზულ მეტოქეებთან მოგვიწევს თამაში და ვფიქრობ, რომ ნაკრების რეალური ძალა აქ უფრო მეტად გამოჩნდება - ჩვენ შევძლებთ შევაფასოთ, რა დონეზე ვართ. რას ფიქრობთ გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით? გიორგი ახლა ტრავმირებულია და იმედი მაქვს რომ მალე გამოჯანმრთელდება. რეალურად, ჩაკვეტაძე ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. რაც უფრო მეტი ფეხბურთელი გამოჩნდება საერთაშორისო სარბიელზე ჩაკვეტაძის მსგავსად, მით უკეთესი იქნება ქართული ფეხბურთისთვის. ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელების უმრავლესობას სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და ასეთ შემთხვევაში, ნაკრების დონეზე თამაში საკმაოდ რთულია. ჩაკვეტაძის წარმატება როგორ აისახება ქართულ ფეხბურთზე? ერთმა ქართველმა ფეხბურთელმაც რომ გამოიჩინოს თავი საერთაშორისო დონეზე, ქართული ფეხბურთისადმი მეტი ინტერესი გაჩნდება. პარალელურად, ეს იქნება დამატებით მოტივაცია ქართლი ფეხბურთელებისთვის, რადგან საქართველოში უფრო მეტი სკაუტი და დამკვირვებელი გამოჩნდება. თქვენი აზრით, ასეთი წარმატების პერსპექტივა რომელ ქართველ ფეხბურთელს ესახება? ის ფეხბურთელები, რომლებიც დღეს ნაკრებში რეგულარულად თამაშობენ, რეალურად შემადგენლობაში ჩემი მწვრთნელობის პერიოდში გამოჩნდნენ. ამასთან დაკავშირებით უთანხმოებაც გვქონდა: ჩვენ ვცდილობდით, უფრო და უფრო მეტი ქართველი ფეხბურთელისთვის მიგვეცა თავის გამოჩენის შანსი. უთანხმოებას რა იწვევდა? ზოგიერთი უკმაყოფილო იყო იმით, რომ თამაში არ უწევდა და ნაკრებიდან წასვლაც მოუწია. ვერ ვიტყოდი რომ მწვავე დაპირისპირებები იყო, თუმცა უთანხმოებას ადგილი ნამდვილად ჰქონდა. თუმცა მომავალმა აჩვენა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდიოდით. პერსპექტიულ მოთამაშეებს თავის გამოჩენის შანსი აუცილებლად უნდა მიეცეთ - ამით მოგებული ისევ საქართველოს ნაკრები დარჩება. რას ფიქრობთ ეროვნულ ჩემპიონატზე, რა პრობლემები არსებობს დღეს ეროვნულ ლიგაში? რაც წლები გადის, მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება. არ არის ბიზნესის დაინტერესება, არ არის ფული. სახელმწიფოსგან მიღებული ფულადი სახსრები არის ზღვაში წვეთი, რადგან რა ფულიც ქართულ ფეხბურთში ტრიალებს, იგივე თანხას უცხოეთში 1 ფეხბურთელის შესაძენად იხდიან. როდესაც ასეთ შედარებას ვაკეთებთ, მარტივად ვხვდებით, რომ განვითარება ძალიან რთულია. დაბოლოს, ჩემპიონთა ლიგასთან დაკავშირებით რა კომენტარს გააკეთებდით? რომელ გუნდები არიან წელს ფავორიტები? გამორჩეული ფაქტია ის, რომ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად წელს 4 ინგლისური გუნდი იბრძვის, რაც დიდი ხანია არ მომხდარა. ჩემი აზრით, მეოთხედფინალში გასვლა ყველა გუნდმა დაიმსახურა. წინ ძალიან საინტერესო თამაშები გველის. ჩემი აზრით, „იუვენტუსმა“ უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო: „ატლეტიკო“ დაცვაში შესანიშნავად თამაშობს და და „იუვენტუსმა“ ასეთი სტილის გუნდს 3:0 მოუგო. ეს ნიშნავს რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.  

სხვა სტატიები